ესაუბრა მაია ტორაძე
გვესაუბრება თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ჭკუასელი:
– პანდემიის გამო საგანმანათლებლო სისტემა მთლიანად გადავიდა ელექტრონულ სწავლებაზე. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს, რა შეგიძლიათ თქვათ თითქმის ნახევარი სემესტრის გასვლის შემდეგ – რამდენად არის დისტანციური სწავლება შედეგზე ორიენტირებული?
– უნდა გითხრათ, რომ მოლოდინი ბევრად უარესი მქონდა და შედეგი ბევრად უკეთესია. როდესაც პირველი ლექცია ჩავატარე ე.წ. ზუმით, თითქოს, რაღაც გაუცხოების გრძნობა მქონდა, ვნერვიულობდი, რომ ყველამ ვერ გაიგო, ვერ ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ ახლა სტუდენტებიც შეეჩვივნენ და ჩვენც შევეჩვით ამ სიტუაციას. კეთილი ნების შემთხვევაში, თუ სტუდენტი შემოვა ონლაინ ლექციაზე, რა თქმა უნდა, სწავლება შედეგიანი არის, იმაზე მეტად შედეგიანია, ვიდრე გვეგონა. ჩვეულებრივი სწავლის დროსაც, თუ სტუდენტს უნდა, ყველაფერს აკეთებს და ზუმითაც ასეა, თუ უნდა მოსმენა, შემოვა, მოისმენს და ისწავლის.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მეთოდი უნაკლოა. მას, რა თქმა უნდა, ახლავს ერთგვარი უხერხულობაც – პირველ რიგში ის, რომ სხვაა, როცა აუდიტორიას უშუალოდ ესაუბრები და უხსნი და სხვა – როცა არ გაქვს ცოცხალი კომუნიკაცია. ეს უხერხულობა ნაწილობრივ იფარება, თუ ლექციის დროს ყველას ჩართული აქვს თვალი/კამერა, რომ აქტივობაში ჩაერთოს. ხშირად კი ამას ყველა ვერ ახერხებს, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ინტერნეტზე და იმ ტექნიკაზე, რომელსაც სტუდენტი იყენებს. მეორე მხრივ, ლექტორიც გარკვეულ უხერხულობას განიცდის, რადგან, როდესაც აუდიტორიას ესაუბრები, ლექცია სრულყოფილად მიმდინარეობს, აქ კი, თუ ვერ გრძნობ — როგორ მოგყვება მსმენელი და ვერ ხედავ — ვის ესაუბრები, გარკვეული სირთულე იქმნება. საბედნიეროდ, ნებისმიერი ლექციის დროს არის 4-5 სტუდენტი, რომელიც მუდმივად არის ჩართული და ეს იძლევა გარკვეულ სტიმულს.
– როგორ ტარდება ლექციები და აქვს თუ არა ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი მხარე?
– რა თქმა უნდა, აქვს. ლექცია ჩვეულებრივად ტარდება, თავისი შესავლით და ძირითადი ნაწილით. პროგრამაში, რომელსაც ვიყენებთ (zoom) შეგვიძლია ჩავრთოთ სლაიდები და სხვა მასალა. ონლაინ სწავლებამ დამანახა, რომ ბეჭდური სალექციო მასალის მიწოდება ძალიან კარგია და სწორიცაა.
მცირეოდენი სირთულე ახლავს მუდლში დავალებების ატვირთვას. ზოგადად, სირთულეა დავალებები, რადგან, იგივე ტექნოლოგიური რესურსის გამო შენ ვერ აძლევ, მაგალითად, 10- გვერდიან დავალებას, რადგან ზოგი სტუდენტი ტელეფონში წერს და ვცდილობთ, რომ არ მივცეთ ისეთი დავალება, რომელიც დიდი ტექსტის აკრეფას საჭიროებს. ჯერ არ ჩაგვიტარებია შუალედური. ვფიქრობ, როგორ ჩავატარო.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი არანაირად არ შეედრება ცოცხალ პროცესს – არც ერთი პარამეტრით, მაგრამ სასწავლო პროცესი ჩაიშალაო — ამას ვერაფრით ვიტყვით. ყველა მასწავლებელი მობილიზებულია და ვერც ერთი სტუდენტი ვერ დაიჩივლებს, რომ ლექცია არ ჩაუტარდა ან ნაკლები ხარისხით ჩაუტარდა. პროცესი არანაირად არ არის ჩაშლილი. უბრალოდ, სასურველია, რომ უშუალო კონტაქტი გვქონდეს.
– ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ ლექტორთა ნაწილი ვერ შეძლებდა ონლაინ სწავლებას არასაკმარისი კომპიუტერული უნარ–ჩვევების გამო. როგორ შეაფასებდით სწავლების ამ ფორმას – შეძლეს თუ არა ლექტორებმა დაბრკოლებების გადალახვა?
– თუ ვინმეს უნდა გასჭირვებოდა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მე უნდა გამჭირვებოდა. თუმცა, ეს ისეთი მარტივი პროგრამაა, პრობლემა არავის შექმნია. პირიქით, კარგი საშუალებაა, რომ შენს ლექციას იწერ. ეს დიდი შეღავათია ლექტორისთვის, რადგან მერე უსმენ და ხვდები — რა ხარვეზები გქონდა. ამას გარდა, თუ ამ ლექციებს ჩაიწერ, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს აქვს რესურსი, ანუ აწყობილი აქვს კურსი თავისი მასალებით, სლაიდებით, გახმოვანებული და ვიზუალური მასალებით. ეს თუ თავიდან ბოლომდე კარგად წაიყვანე, ჩათვალე, რომ კურსი გამართულია და შემდეგ უნივერსიტეტი ამას გამოიყენებს. ეჭვი მეპარება, რომ წელს ვინმემ შეძლოს ონლაინ კურსების ჩამოყალიბება, რადგან, როდესაც დავიწყეთ, არეულები ვიყავით, მაგრამ მომავალ წელს ამის გამოყენება შეიძლება.
– როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს გამოცდები?
– ჩვენ გამოგვიგზავნეს შეფასების პრინციპები. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია. ყველას გვეგონა, რომ ივნისში გამოვიდოდით უნივერსიტეტში და ზეპირ გამოცდას მაინც ჩავატარებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ ხერხდება. ამიტომ, ჯერ კიდევ ვფიქრობ საგამოცდო ფორმატზე. ზეპირ გამოცდას ნამდვილად ჩავატარებ ზუმ–ის დახმარებით, მაგრამ მაფიქრებს წერითი გამოცდა, რადგან იქაც 20 ქულა უნდა მოგროვდეს. ტექსტის ატვირთვა მუდლზე ცოტათი რთულია, მაგრამ ესეც დაძლევადია. საგამოცდო პერიოდამდე დრო არის. ვფიქრობ, მანამდე ეს პრობლემაც გადაიჭრება.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ ლექტორის შრომა გაორმაგდა. ონლაინ სწავლებას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ლექციის მომზადება სხვადასხვა ფორმატში, დავალებების შექმნა, მისი ატვირთვა და გასწორება უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს და, ფაქტობრივად, კომპიუტერს მივეჯაჭვეთ. ეს პროცესი არც სტუდენტისთვისაა იოლი – მისთვისაც ახალი ამბავია. ამასთან ერთად, დავალების გასწორებაც სხვაგვარად ხდება – უნდა აუხსნა და დაუსაბუთო სტუდენტს, რა ქულა რატომ დაიწერა. ეს ყველაფერი არაა ადვილი, მაგრამ პედაგოგიკა არის ზუსტად ის, თუ როგორ მიუდგები სწავლის პროცესს, როგორ შეადგენ დავალებებს, როგორ დააწერინებ თემას, როგორ გაააქტიურებ სტუდენტს. ამას სჭირდება პედაგოგიური მიდგომები და ვფიქრობ, ამასაც დავძლევთ.
დასანანი რჩება ის, რომ სემესტრი ისე სრულდება, სტუდენტი არ გიცნობს. მასწავლებლობის ხიბლი კი ისაა, რომ შენ კომუნიკაცია გაქვს ცოცხალ აუდიტორიასთან. აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს: როგორ მიხვალ, როგორ მიესალმები. შენი გავლენები შემდგომ მათ გადააქვთ და იმათი – შენ გადმოგაქვს. ცნობილია, რომ, როცა ვასწავლით, თავადაც ვსწავლობთ. ეს პროცესია, სამწუხაროდ, შესუსტებული.
– საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს – „ტელესკოლას“ თუ ეცნობით და რა შეფასებას მისცემთ სწავლების ამგვარ ფორმას?
– „ტელესკოლა“ რომ ჩაირთო, დავინტერესდი და თითქმის ყველა საგნის გაკვეთილს ვუყურე. არაფერი მეთქმის, მასწავლებლები ნამდვილად კარგად არიან შერჩეული და უმრავლესობა საკმაოდ მაღალი დონისაა. ჩანს, რომ ისინიც პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს. არის ერთი ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი – დრო: 15 წუთი. ძალიან თანავუგრძნობ იმ მასწავლებლებს, ვისაც 15 წუთში უწევს ახალი თემის ახსნა. ეს არ არის მარტივი და მიკვირს, როგორ ახერხებენ. დრო რომ იყოს განაწილებული ასაკობრივი პრინციპით, ვთქვათ, დაწყებით კლასებში 15-20 წუთი, ხოლო მაღალ კლასებსი 30-40 წუთი, სწავლება, რა თქმა უნდა, უფრო გამართული იქნებოდა.
„ტელესკოლას“ მე სულ გავაგრძელებდი, რადგან ეს არის მასობრივი განათლების ხელშეწყობა. ძალიან რთულია, სკოლას მოსთხოვო ის ხარისხი, როგორიც საჭიროა. ეს ძვირია. ევროპის ქვეყნებში ბევრს აქვს საშინაო სკოლა, არსებობს მასობრივი განათლების სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ტელესკოლა, მათ შორის, ყველაზე კარგია. ეს კომპლექსური პროცესია და გარემოდან რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებ, მით მეტად იღებ შედეგს.
– დაბოლოს, მოახლოვდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ფიქრობთ თუ არა, რომ წელს აბიტურიენტებს გარკვეული შეღავათები უნდა გაეწიოთ?
– ვფიქრობ, შეღავათის გაწევა ყველაფერში შეიძლება, გარდა ცოდნისა. თუ გამოცდები ჩატარდება, შეღავათი აქ სრულიად უადგილოა. რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს ახლა უჭირთ, თუმცა ბევრი აღმოჩნდა უკეთეს მდგომარეობაშიც – დრო არ ეხარჯება და ონლაინ სწავლობს. მე მყავს ნაცნობები, რომლებსაც აქვთ რეპეტიტორობის პრაქტიკა და მათთან ჩვეულებრივად მიდის სწავლის პროცესი, ხანდახან დავალებებსაც ერთად აკეთებენ ჩართვის დროს. ამდენად, მეცადინეობა შესაძლებელია და ახლა მეტი დროცაა ამისთვის, თუმცა აქაც არის ერთი წინააღმდეგობა – თუ ოჯახში ოთხი წევრია და ყველას სჭირდება კომპიუტერი, მათ ხელი ეშლებათ სწავლაშიც და მუშაობაშიც. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ დგას, ყველა ქვეყანაშია. ამიტომ, ვფიქრობ, გამოცდები შეიძლება გადაიტანონ და სხვა დროს ჩაატარონ, მაგრამ არამც და არამც არ ვარ მომხრე, ცოდნის თვალსაზრისით, შეღავათის გაწევისა.