რა გავლენა მოახდინა ევროპულმა ნატურალიზმმა ქართულ ნოველაზე?
არის თუ არა ტიპოლოგიური და კონცეპტუალური მსგავსება ქართველ და ევროპელ ნოველისტებს შორის?
ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპული ლიტერატურის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (ხელმძღვანელი პროფესორი ირინე დარჩია) დოქტორანტის თინათინ ძოძუაშვილის კვლევითმა პროექტმა „ევროპული ნატურალიზმის გავლენა მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე 20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ნოველისტიკაზე“, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2021 წელს გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტი ითვალისწინებს მითითებულ პერიოდში მოღვაწე ქართველი ავტორების ნაშრომების შესწავლას და საფუძვლიან გამოკვლევას ამავე პერიოდის უცხოელი ავტორების კვალდაკვალ.
კვლევის შედეგად, შესაძლოა, დადგინდეს ქართველ ნოველისტებზე ევროპული მიმდინარეობების და მსოფლმხედველობის გავლენა, რომელიც მათსავე ნაშრომებში ტიპოლოგიური თუ კონცეპტუალური მსგავსებით აისახა. მკვლევარი ტექსტებზე დაკვირვებით ეცდება დაადასტუროს ქართულ მწერლობაში ნატურალიზმის, როგორც ევროპული მიმდინარეობის, არსებობა.
თინათინ ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ მიზნისა და შედეგის გასამყარებლად საფუძვლიანად იქნება შესწავლილი მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე 20 საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურა, მწერლების ბიოგრაფია, სამოქალაქო და საერთაშორისო აქტივობები და მათ მიერ შესრულებული ლიტერატურული ნიმუშების თარგმანები. მისი თქმით, კვლევა მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამეცნიერო, ისე ლიტერატურული თვალსაზრისითაც, რადგანაც დაგეგმილია მცირე ზომის ქართული ნოველების ფრანგულად თარგმნა. მათ ევროპული სამეცნიერო საზოგადოება გაეცნობა: „ჩვენი კვლევის საბოლოო მიზანია — დავასაბუთოთ, რომ ამ მაგალითებით იქმნებოდა ქართული რეალობიდან წამოსული ნაშრომები, რის საფუძველზეც შემოვიდა და დამკვიდრდა ახალი ლიტერატურული ჟანრი — ნოველა. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება ქართული ლიტერატურისა და ქვეყნისათვის, რადგანაც მოგვეცემა შესაძლებლობა — დავადასტუროთ, რომ ქართულ მწერლობას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გეზი ევროპისკენ ჰქონდა აღებული. კვლევის საბოლოო შედეგზე გასვლა, ასევე, ითვალისწინებს ქართული ნოველების ფრანგულ ენაზე თარგმნას და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში გავრცელებას“, – აღნიშნა თინათინ ძოძუაშვილმა.