პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის დაბადებიდან 70 წლისთავის გამო
ექიმისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება გადარჩენილი და კმაყოფილი პაციენტია, ხოლო თუ ამას კოლეგების და სტუდენტების სიყვარულიც ერთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიაც სწორად შეგირჩევია და პროფესიონალიზმისკენ სავალი ურთულესი გზაც უშეცდომოდ გაგივლია.
თეიმურაზ ჩიგოგიძე ერთი მათგანია, ვინც ქართული მედიცინის ისტორიაში საკუთარი ფურცელი ჩაწერა. მისი გულისხმიერება, საქმისადი პროფესიონალური დამოკიდებულება, ადამიანის ორგანიზმის კვლევისადმი სამეცნიერო ინტერესი, ის თვისებებია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგესა და პროფესორს კოლეგებისა და სტუდენტების პატივისცემას უორმაგებს.
ამ დღეებში თეიმურაზ ჩიგოგიძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ამ დრომდე მან საინტერესო და პროფესიული წარმატებებით სავსე ცხოვრება გაიარა.
თეიმურაზ ჩიგოგიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე: „ლოკალური სისხლის მიმოქცევის თავისებურებანი თირკმლის ქერქოვან შრეში პროლონგირებული სისხლკარგვის დროს, ცხოველთა ასაკის გათვალისწინებით“. ხოლო 1993 წელს თემით: „შარდის სუპრავეზიკალური დერივაცია და ცისტოპლასტიკა ნაწლავის გამოყენებით“ — მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
თეიმურაზ ჩიგოგიძე 1980 წლიდან დღემდე არის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის (ამჟამად ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი) წამყვანი სპეციალისტი.
1991–2004 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი უროლოგი. 2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა მედიცინის ფაკულტეტის აღდგენიდან და უროლოგიის კათედრის დაარსების დღიდან: 1995-2006 წლებში იყო უროლოგიის კათედრის პროფესორი და კათედრის გამგის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2000–2004 წლებში — თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006-2012 წლებში არჩეულ იქნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი (კათედრის გამგე).
თეიმურაზ ჩიგოგიძე აქტიურად არის ჩართული სტუდენტების, რეზიდენტებისა და დოქტორანტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და უდიდეს ძალისხმევას ახმარს მათ კლინიცისტებად ჩამოყალიბებას. იგი არის ავტორი 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიისა, რომელთაგან 100-ზე მეტი გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ და იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში.
პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის მონაწილებით შემუშავებულია შარდის დერივაციის ორიგინალური მეთოდი „თბილისის ტოპრაკი“, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა. 1995 წელს ქალაქ მაინცში საშარდე სისტემის რეკონსტრუქციული ოპერაციებისადმი მიძღვნილ მეორე ინტერნაციონალურ კონგრესზე თბილისის ტოპრაკი დემონსტრირებული იყო ვიდეოფილმის სახით მსოფლიოს უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის პროფესორ რუდოლფ ჰოჰელფელნერის მიერ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაცია. აღნიშნული მეთოდიკა შევიდა მსოფლიოს უროლოგიურ ატლასებში და გამოცემულია შვიდ ენაზე (გერმანულად, ინგლისურად, იაპონურად, პორტუგალიურად, ესპანურად, რუსულად, ჩინურად).
გამოცემული აქვს ორი მონოგრაფია: „წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნეების მედიკო–ბიოლოგიური ასპექტები“ (თბილისი–2012 წ) და „კანცეროგენეზი // უჯრედული და მოლეკულური მექანიზმები“ (თბილისი-2018 წ.), რომელიც მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
მას გამოცმული აქვს არაერთი სახელმძღვანელო. მათ შორის, „სახელმძღვანელო რეკომენდაციები შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზზე“ (თბილისი — 2013) და „შარდსასქესო სისტემის ანომალიები“ (თბილისი, 2021), რომელიც მიუძღვნა აკადემიკოს ლაურ მანაგაძის ხსოვნას.
მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. არის საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი (სუა); საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის აქტიური წევრი (EAU); საქართველოს უროგინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯის წევრი; საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
თეიმურაზ ჩიგოგიძე საქართველოში ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვებულია საქართველოს ქირურგთა საზოგადოების მიერ გრიგოლ მუხაძის სახელობის მედლით; ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
იგი არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
2021 წელს ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიენიჭა საქართველოს უროლოგთა ასოციაციის უმაღლესი ჯილდო — ალექსანდრე წულუკიძის მედალი; მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიგელი 2019 წელს რეზიდენტთა პირველი კლინიკური კონფერენციის ორგანიზებისთვის.
* * *
საიუბილეო დღეებში განსაკუთრებით გამოჩნდება ხოლმე ადამიანის დამსახურებები ქვეყნისა და ადამიანთა საზოგადოების წინაშე. თეიმურაზ ჩიგოგიძის, როგორც საუკეთესო კოლეგის, ექიმის, მეცნიერის და ადამიანის შესახებ მისი კოლეგები დაუღალავად საუბრობენ. მისთვის იუბილეს საჯაროდ მილოცვის ინიციატივაც მათგან მოდის — უნდათ, უნივერსტეტმა იცოდეს, როგორი კადრი ჰყავს და როგორი პედაგოგი ხვდება სტუდენტებს აუდიტორიაში, ხოლო პაციენტებს პალატაში — იმედიანი, სანდო, უღალატო და თავდადებული. პროფესორ თეიმურაზ დოჭვირის თქმით — უროლოგიაში თუ ვინმეს ერთი აგური დაუდევს ქართულ მედიცინაში, ერთ-ერთი თეიმურაზ ჩიგოგიძეცაა და სამართლიანად იმსახურებს იმ პატივისცემას, რაც კოლეგებისგან, სტუდენტებისგან და მადლიერი პაციენტებისგან მიუღია.
მოამზადა მაია ტორაძემ