ნატო ობოლაძე
თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებული კონფერენცია — ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პერსპექტივები — ამ დროისთვის ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ქართველი და ოსი მეცნიერები ორივე ეთნოსისთვის აქტუალურ საკითხებს უცხოელ მკვლევრებთან ერთად აანალიზებენ. შესაბამისად, კონფერენციას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გარდა, გარკვეული სამშვიდობო მისიის დატვირთვა აქვს. ამასთანავე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განხორციელებული უახლესი კვლევები ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის შესახებ სწორი ხედვის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, რაც მიმდინარე საინფორმაციო ომის პირობებში, საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„მსგავსი შინაარსის კონფერენცია აუცილებელია არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასში ჩართული არიან მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, — განაცხდა თსუ-ის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
ქართველო და ოსი მეცნიერების სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას მხარს უჭერს სახელმწიფოც. ამის თაობაზე კონფერენციის გახსნისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
„კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მზაობისა, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საგანამნათლებლო მიმართულებით ხელს ვუწვდით ოს კოლეგებს და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ სურვილს — ვითანამშრომლოთ საერთო სამეცნიერო პროექტების ერთად განხორციელებაში, ასევე კულტურული ღონისძიებების, კონფერენციების დაგეგმვაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ ორი ერის ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაში“, — აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
„იმ ბარიერების გარღვევა, რომელიც ერთმანეთთან გვაშორებს, შეიძლება მხოლოდ ერთი გზით და ეს არის ადამიანური, კულტურული, სამეცნიერო ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის დონეზე აქვს აყვანილი ეთნიკური უმცირესობების დაცვა და ამ საკითხს ეხება ჩვენი 10 წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების კულტურის გაძლიერება-პოპულარიზაციას ითვალისწინებს“, — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
ქართველი, ოსი და, ასევე, აფხაზი მკვლევრების სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ორ ახალ მიზნობრივ კონკურსს ახორციელებს.
„ჩვენი მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ, ზოგადად, კავკასიის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერების ხელშეწყობა. კავკასიოლოგიის მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს დიდი პროექტი, რომელშიც ჩრილოეთ კავკასიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სამეცნიერო დიალოგი — ეს არის ხიდი, რომელიც ერებს შორის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს“, — აღნიშნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ქართულ-ოსური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა — მეცნიერების ხედვა
ქართულ-ოსური სამეცნიერო დიალოგის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ხშირი შეხვედრების აუცილებლობაზე თანხმდება ოს მეცნიერთა ნაწილიც. ამ პოზიციას იზიარებს ვლადიკავკაზის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვლადიმერ ბესოლოვი: „ჩვენ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანავცხოვრობდით. დღეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების გამო არსებობს კონფლიქტი, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი ურთიერთობა, რადგან ახალგაზრდა თაობა გვიყურებს და ჩვენი ქცევიდან იღებს მაგალითს“, — აღნიშნა აკადემიკოსმა.
სამეცნიერო დიალოგში ახალგაზრდების ჩართულობა-ინფორმირების მნიშვნელობა კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნაირა ბეპიევმაც განმარტა.
„ჩვენ გვინდა ჩვენს ქართველსა და ოს ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ ჩვენ წარსულში შეგვეძლო ერთმანეთთან მშვიდობიანი საუბარი. ამ კონფერენციაზე ვაჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ახლაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჯდომა და სერიოზული მსჯელობა განათლებაზე, კულტურაზე, ისტორიაზე, ენაზე, ლიტერატურაზე, ფოლკლორზე და სხვა საკითხებზე.
ჩვენი კონფერენცია არ იყო პოლიტიზირებული, მეცნიერები უმთავრესად აპოლიტიკურ თემებს იხილავდნენ, რამდენადაც დღეს ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს, თვით ისეთი თემების განხილვის დროსაც კი, როგორიცაა ისტორიული თემატიკა — საკმაო სიფრთხილით ვეხებოდით ამ საკითხს. ჩვენ, ამ ორი ერის წარმომადგენლებს, ძალიან ბევრი გვაქვს პოზიტიური გასახსენებელი. მსჯელობები ეხებოდა იმ ურთიერთობებს, რომელიც ქართველებისა და ოსების ურთიერთთანაცხოვრების მანძილზე უამრავია“, — აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.
არსებული კონფლიქტის ფონზე მიმდინარე სამეცნიერო დიალოგი კონფერენციაში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმაც შეაფასეს.
„მე აუცილებლად მიმაჩნია ოსური ენის შემდგომი კვლევა, ისევე, როგორც იმ ღონისძიებების განვრცობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს კავშირს ოსებთან, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ახლობელ ერად და რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ქართული კულტურის განვითარებაში“, — განაცხადა თსუ-ის ემერიტუს პროფესორმა მზექალა შანიძემ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კონფერენციები ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობას ქართველ, ოს და აზრებაიჯანელ ერებს შორის. ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობა დაფუძნებულია ურთიერთგაგებაზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე“, — აღნიშნა აზერბეიჯანელმა ხელოვნების ისტორიის დოქტორმა ხადიჯა ასადოვამ.
„ქართულ-ოსურ კულტურებს ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა ისტორიული კავშირები აქვთ, რომელიც თავისუფალ განვითარებას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, თანამედროვე პერიოდში, როდესაც ქართველები და ოსებიც ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან“, — განაცხადა ტურინის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვიტორიო სპრინგფილდ ტომელერმა, რომელიც, ამავე დროს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.
ახალი კვლევები
VII საერთაშორისო ფორუმში კავკასიისა და ევროპის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდან 110-ზე მეტი მეცნიერი იყო ჩართული. მკვლევრებმა ქართულ-ოსური ურთიერთობები ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ისტორიის, კულტურისა და ოსური ენის სწავლა-სწავლების ჭრილში მიმოიხილეს.
ფორუმი საზოგადო მოღვაწეს იოანე იალღუზიძე-გაბარაევს (1770-1830) მიეძღვნა, რომელსაც ქართულ-ოსურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი:
- იოანე იალღუზიძე იყო ქართული გრაფიკის საფუძველზე ოსური ანბანის შემქმნელი და პირველი ოსური ხელნაწერის (1802 წ.) ავტორი; სასულიერო წიგნების მთარგმნელი — ქართულიდან ოსურ ენაზე თარგმნა ოთხთავი, რომელიც დაცულია სამი ხელნაწრის სახით: თბილისში, პეტერბურგსა და მოსკოვში. იოანე იალღუზიძემ 4-ჯერ გადაწერა სულხან საბას „სიტყვის კონა“, მისი გადაწერილია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. იალღუზიძე ქართულ ენაზე წერდა ლექსებს. მისი პოემა „იალღუზიანი“ ქართულიდან ოსურ ენაზე ოსმა პოეტმა გიორგი ბესთაუთმა თარგმნა.
ვრცლად იოანე იალღუზიძე-გაბარაევის საქმიანობის შესახებ მოხსენება სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა ნაიარა ბეპიევმა წარადგინა, საზოგადო მოღვაწის შემოქმედების მაგალითზე ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენის მცდელობების საკითხი კი გერმანიის რაინ-ერფტის მწერალთა გაერთიანების წევრმა გერტ რობერტ გრიუნერტმა გაანალიზა.
„იალღუზიძე-გაბარაევი მიმართავს საზოგადოებას, შეახსენებს მის ვალდებულებას, ხელს უწყობს დიალოგს ნებისმიერ დროს, ურთიერთგაგების მიზნით — ემპირიული, ეთიკური, ემოციური, პრაგმატული, ჰუმანური და პროგნოზული დასკვნების გათვალისწინებით. დღევანდელი ღონისძიება, მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე — „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ — კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეთილი ნება, ვალდებულება, ძალისხმევა არასწორი იდეოლოგიის, პოლიტიკური და ბიოლოგიურ-სოციალური პანდემიის დროსაც კი ამ ყველაფერზე მაღლა დგას“, — აღნიშნა გერტ რობერტ გრიუნერტმა.
კონფერენციაზე ქართველოლოგმა ბერნარდ უტიემ იოანე იალღუზიძე-გაბარაევის დღემდე შეუსწავლელი სამი წიგნი წარმოადგინა, რომლებიც თეიმურაზ მეფეს მარი ბროსესათვს გაუგზავნია და ამ დროისთვის პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
„მომავალ წელს პარიზში აღვნიშნავთ „აზიური საზოგადოების'' (Societe asiatique) დაარსების 200 წლისთავს. ამ საზოგადოებამ დაიწყო ევროპაში კავკასიური კვლევების შესწავლა და პოპულარიზაცია. მარი ბროსეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ ბატონიშვილთან, რომელმაც საზოგადოებას სხვა წიგნებთან და ხელნაწერებთან ერთად იოანე იალღუზიძის მოსკოვში 1820 წელს დაბეჭდილი ოსურ ენაზე ნათარგმნი ქართული წიგნი გაუგზავნა“, — აღნიშნა პროფესორმა ბერნარდ უტიემ.
ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები განათლების საკითხებსაც მოიცავდა. მკვლევრებმა ოსური ენის სწავლების საკითხი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში გააანალიზეს. მომხსენებლების განმარტებით, საკითხი აქტუალურია, რადგან ოს ხალხთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებების დაცვაა, მათ შორის არის განათლების უფლება მშობლიურ ენაზე. ამ დროისთვის ოსური ენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლაში ისწავლება. მათ შორის არის ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფ. არეშფერნის, ფონასა და წიწკენაანთსერის სოფლები, ასევე, დევნილთა დასახლებები კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში. სკოლებში მიმდინარე ოსური ენის სწავლების პროცესი თსუ-ის ფილოლოგიის დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა გამოიკვლია.
„აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ ოსები და შერეული, ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები. ჩვენი კვლევისათვის მნიშვნელოვანი იყო განსაზღვრულიყო, თუ რა სტატუსი აქვს ოსურ ენას, რა მეთოდებით ისწავლება და რამდენად განსხვავდება ოსური ენის სწავლება სკოლებში. ამ მიზნით შევქმენით პედაგოგების ფოკუს ჯგუფი და ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები. კვლევამ აჩვენა, რომ ოსური ენის სწავლება კახეთის რეგიონისა და ქართლის რეგიონის სკოლებში განსხვავებულად მიმდინარეობს. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ოსური ენის სწავლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს, ხოლო კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში — დევნილთა დასახლებებში — სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ეგიდით. განსხვავდება სწავლების საათობრივი ბადეც“, — განაცხადა ნინო პოპიაშვილმა.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა საქართველოში მცხოვრები ენობრივი უმცირესობების მიმართ. ამ მიმართულებით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თინათინ ბოლქვაძემ იმუშავა, მკვლევარმა მოხსენებაში საბჭოთა კავშირის მიზნები და დასახული ამოცანების განხორციელების მეთოდები განმარტა: „საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა საქართველოში მცხოვრები ენობრივი უმცირესობების მიმართ ცვალებადი იყო, მაგრამ არ იცვლებოდა ძირითადი მიზანი — საქართველოს ყველა მცხოვრები გამხდარიყო საბჭოთა ხალხის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი. ეს მიზანი კი გულისხმობდა რუსული ენის სწავლების გაძლიერებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ამავე მიზანს ემსახურებოდა ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, რომელიც ხელს უწყობდა საბჭოთა მოქალაქეების გადაადგილებასა და დასახლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება იყო რუსული ენა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა წარმოების დაგეგმვასა და ორგანიზაციაში“, — აღნიშნა მკვლევარმა.
განსხვავებით საბჭოთა კავშირის პერიოდისგან, ეთნიკური უმცირესობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში: „1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ჩვეული ტოლერანტობით მოეკიდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხს, მათთვის გარკვეული პროპორციულობით გამოიყო ადგილები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მათვე ქვეყნის უმაღლეს ტრიბუნაზე მიეცათ საკუთარ ენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ქართველთა გვერდით საქართველოს ეროვნულ საბჭოში შევიდნენ: რუსი, ებრაელი, აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. მათთვის გამოყოფილი 26 ადგილიდან ორი ადგილი გათვალისწინებული იყო ოსთათვის“, — აღნიშნა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
VII საერთაშორისო კონფერენცია ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციის მუშაობის შეფასებისას პროფესორმა ნაირა ბეპიევმა აღნიშნა, რომ „ეს მხარდაჭერა დიდი სტიმულის მომცემი გახლდათ კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის“.
„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადი ასეთი თანადგომისათვის. უაღრესად საინტერესოა ყველაფერი ის, რაც კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა: არ არსებობს დაუსრულებელი მტრობა, შუღლი, ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ სამშვიდობო ურთიერთობებს ვამჯობინებთ ურთიეთრთშუღლსა და დაპირისპირებას. აღინიშნა, რომ დიდია ამ საქმეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი, რომელმაც დღემდე შვიდი ასეთი საინტერესო ფორუმი ჩაატარა“, — განაცხადა პროფესორმა.
VII საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ორი დღის განმავლობაში — 13-14 ოქტომბერს მიმდინარეობდა.