მაია ტორაძე
ტერმინი „ნეკრო–ეკონომიკა“ ეკონომიკურ მეცნიერებაში პირველად აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გამოიყენა – ამის შესახებ აშშ–ში 2015 წელს გამოცემული წიგნის რეცენზიაში წერს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი პატრიკ სკოტი და წყაროდ იმოწმებს ყველა იმ სამეცნიერო სტატიასა თუ ნაშრომს, რომელიც ქართველი მეცნიერის მიერ ტერმინის პირველად გამოყენებაზე მიუთითებს.
ეს ფაქტი ზედმეტ მტკიცებულებას არ საჭიროებს, თუმცა, გარემოებათა გამო, რამდენიმე დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება – ტერმინის შექმნის წინაპირობას და მეცნიერულ პრიორიტეტულობას, რაზეც თავად აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება:
– მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ეკონომიკას გარდამავალ პერიოდში საკმაოდ რთული პრობლემები შეექმნა. პირველ რიგში, ეს პრობლემები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ძველი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქციაზე ბაზარზე, როგორც წესი, არ არსებობდა მოთხოვნა. მისი რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამის მიზეზად ორი რამ მიიჩნევა: ერთი — პროდუქციის დაბალი ხარისხი და მეორე — წარმოების მაღალი ხარჯები. გამოვიდა, რომ პოსტ-კომუნისტურ სივრცეში ახლადგათავისუფლებულ სახელმწიფოებს ჰქონდათ ეკონომიკის ისეთი ნაწილი, რომელსაც შეეძლო რაღაც პროდუქციის წარმოება, თუმცა ამ პროდუქციაზე პრაქტიკულად მოთხოვნა არ არსებობდა. ამ ფენომენის შესწავლის მიზნით, 2000-იანი წლების დასაწყისში შევქმენი ტერმინი — „ნეკროეკონომიკა“. მოგეხსენებათ, „ნეკროს“ (necro) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მკვდარს, „ნეკროეკონომიკა“ კი არის იმ ეკონომიკის შესახებ თეორია, რომელიც მკვდარია და რომელიც საბჭოური ტიპის მბრძანებლური ეკონომიკიდან მიღებული მემკვიდრეობაა. ჩემ მიერ ეს თეორია შეიქმნა 2000-იანი წლების დასაწყისში და პირველი სტატია სათაურით „ნეკროეკონომიკა“ ქართულად დაიბეჭდა ჟურნალ „მაკრო მიკრო ეკონომიკა“-ში (N 10, 2000). მოგვიანებით, კერძოდ, 2001 წელს ინგლისურად გამოქვეყნდა ჩემი ბროშურა სათაურით Necroeconomics and Post-Communist Transformation of Economy (Tbilisi: Company Imperial, 2001), ხოლო აშშ-ში კი სტატია სათაურით „Necroeconomics – A Phenomenon of the Post-Communist Transition Period.“ Problems of Economic Transition, 2001, Vol. 44, No. 8. უკვე 2002 წელს სტატია იმავე თემაზე დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა: „Necroeconomics-The Theory of Post-Communist Transformation of an Economy.“ International Journal of Social Economics, Vo. 29, No. 9-10, 2002. პუბლიკაციების ეს ციკლი და შეავსო ჩემმა 2005 აშშ-ში გამოქვეყნებულმა მონოგრაფიამ: Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism. New York: iUniverse, 2005.
ამის შემდეგ მოხდა საინტერესო რამ – 2005 წელს ამერიკელმა პროფესორმა უორენ მონტაგმა (Warren Montag) გამოაქვეყნა სტატია „Necro-economics: Adam Smith and Death in the Life of the Universal.“ Radical Philosophy, No. 134, Nov./Dec., 2005. სტატია ეხება ცნობილი შოტლანდიელი ეკონომისტის — ადამ სმიტის ფუნდამენტურ ნაშრომში – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ განვითარებული იდეების ახლებურ გააზრებას. სწორედ ამ ნაშრომში გამოიყენა მან ტერმინი „ნეკროეკონომიკა“, რომელიც ჩემ მიერ აშკარად უფრო ადრე იქნა შექმნილი, თუმცა უორენ მონტაგის სტატიაში ეს ფაქტი არ იყო მითითებული.
სტატია უორენ მონტაგმა გამოაქვეყნა ჟურნალში — „რადიკალური ფილოსოფია“ (ეს არის სოციალისტების და ფემინისტების ფილოსოფიური ჟურნალი), რომელშიც ტერმინი „ნეკროეკონომიკა“ ასე ახსნა: თავისუფალი ბაზრის პირობებში არსებულ კონკურენციას შეიძლება მოჰყვეს ადამიანების გაუბედურება და სიკვდილი. მან ასეთი გადატანითი მნიშვნელობით შემოიტანა ეს ტერმინი. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი ნაშრომები მას არ მიუთითებია. 2010 წელს ეს სტატია ვნახე და მივწერე წერილი პროფესორ მონტაგს. ჩვენი მიმოწერა იყო აკადემიური ხასიათის. მან მიიღო ინფორმაცია და ეს ისტორია თითქოს ამით დასრულდა. მაგრამ, შემდგომ, სრულიად შემთხვევით ინტერნეტში წავაწყდი ერთ საინტერესო რეცენზიას, რომლის ავტორიც არის პროფესორი პატრიკ სკოტი – ემერიტუსი პროფესორი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან.
პროფ. პატრიკ სკოტმა 2016 წელს გამოაქვეყნა რეცენზია (კერძოდ, Scott, Patrick. „Adam Smith for Our Times, I: Necroeconomics“. Studies in Scottish Literature, Vol. 42: Iss. 1, 2016) 2015 წელს მაიკ ჰილის და უორენ მონტაგის მიერ გამოცემულ წიგნზე (Hill, Mike and Warren Montag. The Other Adam Smith. Stanford: Stanford University Press, 2015), რომელიც ისევ ადამ სმიტის ცნობილ თეორიას შეეხება. ამ წიგნში კვლავ არის გამოყენებული ტერმინი „ნეკროეკონომიკა“, მაგრამ კვლავ არ არის ნახსენები, რომ მანამ, სანამ პროფ. მონტაგი ამ ტერმინს გამოიყენებდა, ის უკვე არსებობდა. ამის თაობაზე თავის რეცენზიაში პატრიკ სკოტმა პირდაპირ მიუთითა და დაიმოწმა ყველა ჩემი ზემოხსენებული ინგლისურენოვანი ნაშრომი, რომლებიც გამოცემულია 2001, 2002 და 2005 წლებში. ამით მან პრაქტიკულად აღიარა ჩემი მეცნიერული პრიორიტეტი ამ დავაში.
ცხადია, ჩვენ შესაძლოა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ პირველი ნაშრომის გამოცემის დროს, რომელიც მონტაგმა 2005 წელს გამოსცა, ინტერნეტ-რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობის (ან ინტერნეტის ნაკლებად განვითარებულობის) გამო, შესაძლოა არ სცოდნოდა ტერმინ „ნეკროეკონომიკის“ შემქმნელის ვინაობა და ვერ დაემოწმებინა წყაროები, თუმცა 2010 წელს მას ეს ინფორმაცია ჩემგან მიღებული უკვე ჰქონდა, რაც უნდა ასახულიყო მის მორიგ ნაშრომში. ეს იქნებოდა სამეცნიერო ეთიკის ჯეროვან დონეზე დაცვა.
რაც შეეხება რეაგირებას ამ ფაქტზე, პროფესორ პატრიკ სკოტის აზრით (მე მას უშუალოდ დავუკავშირდი), მისი, როგორც დამოუკიდებელი არბიტრის, რეცენზია, რომელიც გამოქვეყნებულია პრესტიჟულ ჟურნალში, უკვე თავისთავად წყვეტს პრიორიტეტულობის საკითხს.
ახლო მომავალში, მას შემდეგ, რაც გავეცნობი უორენ მონტაგის თანაავტორობით 2015 წელს გამოცემულ წიგნს, ვაპირებ მივწერო მას სამეცნიერო ეთიკის მორიგი დარღვევის თაობაზე. გარდა ამისა, გამოსაცემად მზადდება წიგნი, რომელიც ჩემი ბოლო წლების კვლევების გარკვეული შეჯამება იქნება. სხვა პრობლემებთან ერთად მასში „ნეკროეკონომიკაც“ იქნება ასახული. დაგეგმილია მისი საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე გამოცემა და მასში აუცილებლად შევეხები ამ ინციდენტს პროფ. პატრიკ სკოტის რეცენზიის მითითებით.