რა შუაშია თოვლის ბაბუა და სიტყვა - მახალი?
გაეცანით „ახალ“ ქართულ სიტყვას — მახალი. ამ სიტყვას ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ (პედაგოგი ზაირა გამყრელიძე) ეთერ მაისურაძემ მიაგნო. სულხან-საბას „სიტყვის კონას“, ახალი მექართულე ახალგაზრდების წყალობით, „ენაში დაბრუნებული სიტყვების“ ლექსიკონიც შეიძლება შეემატოს და ამ საერო საქმის წამოწყების სათავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრია. ცენტრმა უკვე ყველასთვის ნაცნობი კამპანიისა თუ მოძრაობის — „არა ბარბარიზმებს!“ — ფარგლებში 2019 წლის ოქტომბერში გამოაცხადა ორი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: „შექმენი შენი ტერმინი“ და „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“. ამა წლის 15 მარტს საკონკურსო ჟიურიმ (ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის რედაქტორები: თინათინ მარგალიტაძე, გელა ხუნდაძე, მაია დავლიანიძე და გიორგი მელაძე) მიიღო კონკურსანტების მიერ მომზადებული მასალები და გამოავლინა ორივე კონკურსის გამარჯვებულები.
ენაში დაბრუნების თუ გააქტიურების კანდიდატი ქართული სიტყვის აღმოჩენა და გათავისება იმდენად საშვილიშვილო საქმეა ქართული ენის გამდიდრების თვალსაზრისით, რომ ლექსიკოგრაფიის ცენტრმა მის მიერ ჩატარებული კონკურსების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულების გამოცხადება თუ დაჯილდოება 14 აპრილს, ქართული ენის დღეს გადაწყვიტა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურსში ჩაბმული ახალგაზრდების ქართული საქმის სიკეთეს. ეს გამარჯვებულები ენაში დასაბრუნებელი ქართული სიტყვების და უცხო ტერმინთა ქართული შესატყვისების შერჩევის ავტორები არიან.
მაშ ასე, — გაცოცხლებული ქართული სიტყვის — მახალის — თაობაზე კონკურსში („დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“) გამარჯვებული ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ მაისურაძე თავის განმარტებას გვთავაზობს: „მე შევარჩიე სიტყვა ხურჯინი, რომელიც დღემდე ქართული მეგონა და პირადად ჩემთვის ზღაპრებსა და თოვლის ბაბუასთან ასოცირდებოდა. ძალიან დამწყდა გული, როდესაც სულხან-საბას ლექსიკონში გადავაწყდი ამ სიტყვას და შევიტყვე, რომ იგი სპარსულიდან სესხების გზით ყოფილა შემოსული. ჩემთვის გაუგებარია, რამ განაპირობა ამ სიტყვის სესხება მაშინ, როდესაც გვქონია შესანიშნავი სიტყვა — მახალი. რაც ყველაზე მთავარია, მახალი ქართულია, მას ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და მსურს, ჩვენს მეტყველებაშიც დაბრუნდეს იგი. რადგან ხურჯინი და თოვლის ბაბუა ჩემთვის ასოცირდებოდა იმედთან, მოლოდინსა და სიხარულთან, ახლაც იმედს გამოვთქვამ, ამ შესანიშნავი კონკურსის წყალობით, ეს სიტყვა დაბრუნდება ჩვენს ენაში, დამკვიდრდება და გაამართლებს ჩემს მოლოდინს!“ — ასე მიმართა საკონკურსო ჟიურის წევრებს სკოლის მოსწავლემ. კომისიამ მოიწონა ეთერ მაისურაძის მიერ შეთავაზებული სიტყვა და იგი შეიტანა დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში ინგლისური სიტყვის saddle-bag მეორე ქართულ ეკვივალენტად ხურჯინის გვერდით. ასე რომ, ეთერის მიერ შემოთავაზებული, ენაში დაბრუნებისა და გააქტიურების კანდიდატია სიტყვა — მახალი.
ნეკერი — ჩემთვის ეს სიტყვა იმედთან ასოცირდება
2019 წლის დეკემბერში კონკურსის — „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ — მონაწილე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები დაესწრნენ მარჯორი უორდროპის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამ დღეს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მარჯორი უორდროპის მიერ შედგენილი მცირე ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რომელმაც წარმოაჩინა ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის საოცრად ფაქიზი დამოკიდებულება ქართული სიტყვისადმი. კონფერენციიდან, სადაც უნივერსიტეტის პროფესორთა მხრიდან არაერთი ამაღელვებელი და პატრიოტული მოხსენება გაჟღერდა, გავიხსენებთ პროფესორ მანანა რუსეიშვილის გამოსვლას: „მარჯორი საქართველოს პირველად 1894 წლის დეკემბერში ეწვია. ერთი თვით ადრე, 27 ოქტომბერს მარჯორიმ წერილი გაუგზავნა საქართველოში მყოფ ძმას — ოლივერს: „ჩემი ქართული ბიბლიოთეკა ივსება! ჩემი მუშაობა კი უფრო შინაარსიანი გახდება, თუ საქართველოში ჩამოვალ. არ ვიცი, რატომ არ შემიძლია საქართველოს გარდა სხვა რამეზე ვიფიქრო და ვილაპარაკო. მიხარია, რომ შენ მანდ იმყოფები, მაგრამ, ოჰ, ნეტავ მეც ვიყო შენთან ერთად! ახლა ჩემი ორი სიყვარული ერთმანეთის გვერდითაა: შენ და საქართველო!“ — მარჯორის ეს წერილი თსუ-ში გამართულ კონფერენციაზე პროფესორმა მანანა რუსეიშვილმა გააჟღერა. ასეთი არაერთი ძვირფასი მოგონების შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ კონფერენციაზე დამსწრე ახალგაზრდებს გაღვიძებოდათ საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი ქართულ საქმეში და შედეგიც გამოიკვეთა: კონკურსზე დარეგისტრირდნენ: ქ. თბილისის 21-ე, 24-ე, 28-ე, 30-ე, 94-ე, 99-ე, 161-ე, ქ. ფოთის მე-6, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლების მოსწავლეები; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები. მიმდინარე წლის იანვარში კონკურსანტებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები კონკურსის პირობებთან დაკავშირებით და მათ გადაეცათ საკონკურსო დავალება. და აი, კონკურსის გზით აღმოჩენილი და „გააქტიურებული“ კიდევ ერთი ქართული სიტყვა — ნეკერი. მისი მაძიებელი და აღმომჩენი ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე (პედაგოგი ზაირა გამყრელიძე) მარიამ სიბაშვილია. „მე ვარ მე-11 კლასის მოსწავლე და დიდი სურვილი მაქვს, მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანო ჩემი მშობლიური ენის განვითარებაში. ამისთვის გამოვიყენე სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი და ავირჩიე სიტყვა — ნეკერი. ნეკერი ქართული სიტყვაა და, საბას განმარტებით, ნიშნავს „ხის კუკურს, ზამთარ წარმოჩენილს“, ანუ ზამთარში გამოსულ კვირტს. ჩემი აზრით, ეს სიტყვა კეთილხმოვანია, სასიამოვნოდ წარმოსათქმელი, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ამირჩევია იგი ჩვენს ენაში დასაბრუნებლად. ჩემთვის ეს სიტყვა იმედთან ასოცირდება. იმ ჟამთან, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაწურულია და უეცრად გამობრწყინდება იმედის ვარსკვლავი, როგორც ზამთარში გამოსული კვირტი — ნეკერი,“ — ასე მიმართა წერილით კიდევ ერთმა მოსწავლემ, მარიამ სიბაშვილმა საკონკურსო კომისიას. კომისიამ მოიწონა მარიამის შეთავაზება. ნეკერი შეტანილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში შემდეგი მნიშვნელობით — კვირტებიანი ხის ნორჩი ტოტი. ამავე მნიშვნელობით შეიტანა ეს სიტყვა საკონკურსო კომისიამ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში ინგლისური სიტყვის sprout ერთ-ერთ ქართულ ეკვივალენტად. მოკლედ რომ ვთქვათ, მარიამის მიერ ენაში დაბრუნებისა და გააქტიურების კანდიდატია სიტყვა — ნეკერი.
რას შეიძლება ვუწოდოთ თემსაკვეთი?
უცხო სიტყვათა ქართულ ენაში დამკვიდრების პრობლემაზე არაერთი კამპანია სწორედ თსუ-ის ლექსიკოგრაფიის ცენტრის ინიციატივაა და აქციის — „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. სწორედ ამ საქმის გაგრძელებაა კონკურსი — „შექმენი შენი ტერმინი“. საკონკურსო კომისიამ (ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის რედაქტორები: თინათინ მარგალიტაძე, გელა ხუნდაძე, მაია დავლიანიძე და გიორგი მელაძე) გამარჯვებულები გამოავლინა და ქართული ენისთვის საშური საქმის თვალსაჩინოებისთვის ის სიტყვები „გააშავა“, რომელთა გამოყენებაც ქართულად საუბრისას ამიერიდან მაინც აღარ შეგვეფერება. გაეცანით ქართული ენის შემბღალავი სიტყვის — „ჰეშტეგი“ ახალ ქართულ ეკვივალენტს — თემსაკვეთი. როგორც ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე განმარტავს: „ქ. თბილისის 28-ე საჯარო სკოლის (პედაგოგი თეა გიორგაძე) მოსწავლემ მარიამ რამაზაშვილმა იმუშავა ტერმინზე — ჰეშტეგი, გამოიკვლია ეს ტერმინი და შემოგვთავაზა მისი ქართული ეკვივალენტი — თემსაკვეთი“. „ჰეშტეგი — დიეზით წამძღვარებული საკვანძო სიტყვა ან ფრაზაა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოიყენება და კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღმოჩენას ამარტივებს. სიტყვას ან ფრაზას, თემის გამოსაკვეთ ნიშნულს, რითაც სოციალურ ქსელში გაბნეულ ინფორმაციათა ქაოსში ორიენტაციას ახდენთ, ათასიდან ერთს პოულობთ, საკუთარ ინტერესებზე მორგებულს და თანაც სწრაფად და მარტივად, თემსაკვეთი შეიძლება ეწოდოს“, — წერს მარიამი საკონკურსო კომისიას. საკონკურსო ჟიურიმ მოიწონა მარიამ რამაზაშვილის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ტერმინი და იგი შეიტანა როგორც დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში (www.dict.ge), ისე ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონში (www.techdict.ge).
რით შევცვალოთ სიტყვა — სკრინსეივერი?
კონკურსში — „შექმენი შენი ტერმინი“ — მეორე გამარჯვებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე (პედაგოგი ანა ჭაჭუა) მარიამ ნარსავიძე. როგორც თინათინ მარგალიტაძე განმარტავს: „მარიამმა იმუშავა ტერმინზე — screensaver სკრინსეივერი. კონკურსანტს გამოწვლილვით შეუსწავლია ტერმინი და მის ქართულ ეკვივალენტად რეკომენდაციას უწევს ტერმინს ეკრანმზოგი (პროგრამა). აღნიშნული ტერმინი იძებნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ეკრანის დამცავ პროგრამასთან და სკრინსეივერთან ერთად, თუმცა კონკურსანტი დამაჯერებლად ამტკიცებს სწორედ ტერმინის — ეკრანმზოგი პროგრამა — მიზანშეწონილობას“. „ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ტერმინით აღნიშნული კომპიუტერული პროგრამის ფუნქციაზე. Screensaver პროგრამა იცავს ეკრანს, უფრო სწორად ზოგავს კომპიუტერის კვების ელემენტის სიცოცხლისუნარიანობას. ქართული შესატყვისი — „ეკრანის დამცავი“, გარკვეულწილად, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ეკრანის დამცავ სპეციალურ გარსად, რაც თანამედროვე ფართოეკრანიან მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს მექანიკური დაზიანებისგან იცავს. ტერმინის შინაარსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ადეკვატური თარგმანია — „ეკრანმზოგი პროგრამა“, რომელშიც მოიზრება ეკრანის არა მექანიკური დაზიანებისგან დაცვა, არამედ მოწყობილობის ფუნქციონირების გახანგრძლივება კვების ელემენტის ხარჯვის შემცირებით“, — მარიამ ნარსავიძის მიერ წარმოდგენილი ეს ანალიზი საკონკურსო ჟიურიმ მოიწონა და ტერმინი — ეკრანმზოგი — შეიტანა როგორც დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში, ისე ინლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონში.
ლექსიკონებში ასახული ახალი სიტყვა — მაუსის თვალი
კონკურსში — „შექმენი შენი ტერმინი“ — მესამე გამარჯვებულია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი საბა კუკავა. როგორც თინათინ მარგალიტაძე ამბობს: „საბამ საკონკურსოდ რამდენიმე ტერმინი შეისწავლა, თუმცა მათგან საკონკურსო ჟიურიმ ორი ტერმინი გამოყო: scroll wheel და scrolling. პირველი ტერმინისთვის კონკურსანტმა შემოგვთავაზა — მაუსის თვალი. ეს ტერმინი იძებნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, მაგრამ კონკურსანტმა კარგად დაასაბუთა მისი უპირატესობა. თვალი ამ ტერმინში, ცხადია, ბორბალს აღნიშნავს და არა ადამიანის თვალს (მაგ. ორთვალა, ორთვლიანი). კონკურსანტმა საინტერესო ვერსიები შემოგვთავაზა ტერმინითვის scrolling“. „Scrolling – სკროლინგი ნიშნავს ინტერნეტ ვებ-გვერდების ან დოკუმენტებისა და მასალების აშლა/ჩამოშლას. შეიძლება ითქვას აწევა/ჩამოწევა. „სკროლინგი“ ასევე ნიშნავს ინტერნეტ მასალებისათვის თვალის გადავლებას ანუ დათვალიერებას“ — ეს განმარტება საკონკურსო კომისიამ მოიწონა და როგორც დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში, ასევე ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონში შეიტანა ტერმინი — მაუსის თვალი. სკროლინგის ქართულ ეკვივალენტად კი მიიღო და ლექსიკონებში შეიტანა — ეკრანზე ტექსტის/გამოსახულების აწევა ან ჩამოწევა, აწევ-ჩამოწევა, აწევ-ჩამოწევით თვალიერება.
...
როგორ ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს: „გამარჯვებულებს შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გივი ჯანიბეგაშვილი, რომელმაც ორივე კონკურსისთვის მოამზადა მასალა. საკონკურსო ჟიურის განსაკუთრებით მოეწონა მისი მსჯელობა საკუთარი შემოთავაზებული ტერმინისა და სიტყვის შესახებ. კონკურსანტის მსჯელობა ორივე შემთხვევაში გამოირჩევა ლოგიკურობით, აზრის მწყობრად გადმოცემის უნარით. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოთავაზებები ამჯერად არ ასახულა ჩვენს ლექსიკონებში, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ გივი გააგრძელებს მუშაობას ტერმინოლოგიაზე და ჩვენი მომავალი კონკურსების აქტიური მონაწილე იქნება“.
ონლაინ საჩუქრები გამარჯვებულებს
მსოფლიო პანდემიის გამო და, შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ რეალობაში კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა ვერ მოახერხა ტრადიციული ღონისძიების გამართვა ქართული ენის დღეს, რათა გამარჯვებული კონკურსანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ დაეჯილდოებინა. სწორედ ამიტომ, საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ონლაინ-საჩუქრებით და მათ გადაეცათ უვადო ხელმოწერები დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონზე www.dict.ge.
„კონკურსები — „შექმენი შენი ტერმინი“ და „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ არ იყო ერთჯერადი კონკურსები. ისინი ყოველ წელს გამოცხადდება და იმედი გვაქვს, მომდევნო წლებში უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს,“ — აცხადებს ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე.
იმედია, 14 აპრილი, ქართული ენის დღე მომავალში აღარასოდეს იქნება „გადაფარული“ საზოგადოებისთვის და თავად ქვეყნისთვის სტრესის შემცველი ინფორმაციებით „კოვიდ 19“-ზე და ისეთ ქართულ საქმეს, რაც თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის წამოწყებაა, უფრო მასშტაბური განხილვის, მომავალში კი სათანადო დაფასების შესაძლებლობა მიეცემა.
სტატია მოამზადა ნინო კაკულიამ
საინფორმაციო მასალა მოგვაწოდა თინათინ მარგალიტაძემ