როგორ პასუხობს ქართული მეცნიერება გაეროს რეზოლუციას
ახალმა დრომ მოიტანა გენდერის და ქალის ცნების ახლებური გაგება ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში. „ქალი არის არა მხოლოდ მსხვერპლი ამ სიტუაციებისა, არამედ – აქტორიც, რომელიც იძულებულია ჩაერთოს არა მხოლოდ თავისი ოჯახის გადარჩენის, არამედ ომის და კონფლიქტების პრევენციის და გადაჭრის, ასევე ომისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზიანებული საზოგადოების აღდგენის პროცესში“, — ამბობს კონფლიქტოლოგი, თსუ-ის პროფესორი გუგული მაღრაძე. სწორედ მისი ხედვები და კონცეპტუალური მიდგომებია შესული ახალ სახელმძღვანელოში — „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობა“, რომლის ონლაინ პრეზენტაციაც 30 მარტს გაიმართა.
მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მოხდა მსოფლიოში და ჩვენშიც, რაც სათანადოდ აისახა ამ სახელმძღვანელოს ახალ ვერსიაში, არის ის, რომ პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისას ძირითადად ქალები იღებენ თავის თავზე ოჯახის რჩენის ვალდებულებებს. ქალებისათვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები. მათ ბუნებრივად ექმნებათ ახალი ასპარეზი და შესაძლებლობები სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობისათვის, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები მათ გენდერულ როლებში.
სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ ომის და გენდერის მიმართებების კვლევისას მნიშვნელოვანია ქალის, როგორც მრავალგანზომილებიანი კატეგორიის განსაზღვრა. ქალები, რომლებმაც ომი, შეიარაღებული კონფლიქტი საკუთარ თავზე გამოსცადეს, არ წარმოადგენენ ერთ მონოლითურ ჯგუფს, რამდენადაც გენდერი სოციალური კონსტრუქტია და ქალები თავისი ასაკის, ეკონომიკური კლასის, რასის, ეთნიკურობის, რელიგიის, სექსუალურობის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან, ხოლო ომგადახდილი ქალების შემთხვევაში, ქალს კიდევ ერთი განზომილება ემატება — ომში გამარჯვებული ან დამარცხებული მხარის წარმომადგენლობა. ეს განზომილებები არის შეირაღებულ კონფლიქტთან ქალების კავშირების და მიმართებების განმსაზღვრელი.
სახელმძღვანელო — „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობა“ — ახალი, გადამუშავებული ვერსიაა 2003 წელს გაეროს განვითარების ფონდის (UNIFEM) მიერ გამოცემული სახელმძღვანელოსი – „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობის მშენებლობა“. იგი გამოიცა პროექტის – „ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – ფარგლებში. სახელმძღვანელო დამტკიცებულია საქართველოს განათლების, სამინისტროს მიერ ძირითად სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სასწავლო კურსი „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა“ 2003 წლიდან იკითხება თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატში.
2003 წელს გამოცემული სახელმძღვანელო „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობის მშენებლობა“ ეხმაურება 2000 წლის 31 ოქტომბერს გამოცემულ გაეროს უშიშროების საბჭოს № 1325 რეზოლუციას, რომელშიც ხაზგასმულია ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციისა და გადაჭრის საქმეში. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაზარდონ ქალთა მონაწილეობა გაეროს ეგიდით მიმდინარე ყველა სამშვიდობო პროცესში და ასევე მიიღონ განსაკუთრებული ზომები შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ქალებისა და გოგონების ძალადობისაგან დასაცავად. ამ რეზოლუციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების გზები განიხილეს სწორედ ახალი სახელმძღვანელოს ონლაინ პრეზენტაციაზე მოდერატორის, გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის — „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ — ანალიტიკოსის თამარ ლობჟანიძის ხელმძღვანელობით.
საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს გააცნო ახალი სახელმძღვანელოს შექმნის გარემოებები. კერძოდ, ითქვა, რომ წლების განმავლობაში აღნიშნულ სფეროში ბევრი ცვლილება მოხდა და დღის წესრიგში დადგა სახელმძღვანელოს ახალი მასალებით გამდიდრების საკითხი. სახელმძღვანელო ასახავს იმ ცვლილებებს, რაც მიმდინარეობს კონფლიქტების პრევენცია-მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობის მხრივ.
პროფესორმა რევაზ ჯორბენაძემ და პროფესორმა გუგული მაღრაძემ, რომლებიც 2003 წლის სახელმძღვანელოს თანაავტორებიც იყვნენ, განახლებული სახელმძღვანელო ახალი მასალებით გაამდიდრეს. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების სამაგისტრო პროგრამის – „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ – ხელმძღვანელმა, პროფესორმა გუგული მაღრაძემ წარმოადგინა ის სიახლეები, რაც აღნიშნულ სახელმძღვანელოში აისახა: „შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, კონფლიქტების შედეგად ლტოლვილთა და დევნილთა ტალღების ზრდამ და მისი თვისობრივი შემადგენლობის განსხვავებულობამ, სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობამ, პოსტ კონფლიქტური რეკონსტრუქციების და მშვიდობის მშენებლობის მხრივ მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ და ფემინისტურმა კვლევებმა წარმოაჩინეს მიმართულებები, რომელიც მოითხოვს, რომ, გენდერის თვალსაზრისით, ახლებურად იქნეს გააზრებული. ახალმა დრომ მოიტანა გენდერის და ქალის ცნების ახლებური გაგება ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში. ქალი არის არა მხოლოდ მსხვერპლი ამ სიტუაციებისა, არამედ – აქტორიც, რომელიც იძულებულია ჩაერთოს არა მხოლოდ თავისი ოჯახის გადარჩენის, არამედ ომის და კონფლიქტების პრევენციის და გადაჭრის, ასევე ომისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზიანებული საზოგადოების აღდგენის პროცესში,“ – თქვა მან. სახელმძღვანელოს თანაავტორმა, თსუ-ის პროფესორმა რევაზ ჯორბენაძემ დამსწრეებს წარმოუდგინა ის ცვლილებები, რაც შეტანილია სახელმძღვანელოში კონფლიქტებისა და მისი მოგვარების პროცესებში ქალების ჩართულობის მხრივ.
წიგნის გამოცემაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამართლის დოქტორი გიორგი ნაკაშიძე, სოციოლოგიურ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტი თამარ ბაგრატია, აშშ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი მაიკლ სვეიგარტი.
გიორგი ნაკაშიძემ ონლაინ პრეზენტაციაზე წარმოადგინა მისი ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი: „ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარულო სამართალი“. თამარ ბაგრატიამ ისაუბრა — თუ როგორაა სახელმძღვანელოში გაანალიზებული გენდერის ცნებასა და ფემინიზმთან დაკავშირებული საკითხები და წარმოადგინა მის მიერ მომზადებული თავის – „ქალები გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ“ – მოკლე მიმოხილვა. თავის გამოსვლაში თსუ-ის ასისტენტ პროფესორმა ლაშა ტუღუშმა, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობს კურსს — „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობის მშენებლობა“, ხაზი გაუსვა, რომ ეს კურსი სტუდენტთა მოწონებას იმსახურებს. ეს არჩევითი კურსია და ყოველ წელს 200-მდე სტუდენტი ირჩევს მას. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს სახელმძღვანელო არის ორიგინალური, ქართულ ენაზე შექმნილი და მისი განახლებული ვერსიის გამოცემა კარგ სამსახურს გაუწევს სტუდენტებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას. ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ ამ კურსის სწავლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობის დემოკრატიული და მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. დევნილ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქნ-მა იულია ხარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სახელმძღვანელო წლების მანძილზე მათი და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამაგიდო წიგნია და მიესალმა სახელმძღვანელოს ახალი მონაცემებით გამდიდრებას.
შეხვედრის მოდერატორმა, გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის – „ქალები, მშვიდობა უსაფრთხოება“ – ანალიტიკოსმა თამარ ლობჟანიძემ შეხვედრის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გაეროს ქალთა ფონდი, სახელმძღვანელოს ავტორებთან ერთად, განახორციელებს საჭირო ძალისხმევას, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოს როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნეს როგორც სტუდენტების და მკვლევრების, ისე დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, ხოლო ეს სასწავლო კურსი შეტანილ იქნას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროგრამებში.
ცნობისთვის: 2003 წლის სახელმძღვანელოს — „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობის მშენებლობა“ — თანაავტორები არიან დარგის ცნობილი სპეციალისტები/პროფესიონალები: აწ. განსვენებული პროფესორი ფერიდე ზურაკიშვილი და პროფესორი გიორგი ხუციშვილი. მათ მიერ მომზადებული მასალები ნაწილობრივ გადმოტანილია ახალ წიგნში — „კონფლიქტი, გენდერი, მშვიდობა“. ახალი სახელმძღვანელოს ონლაინ პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ.
მოამზადა მაია ტორაძემ