სტატია მოამზადა ნატო ობოლაძემ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მარტიდან პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი მოქმედებს. თუმცა, მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა დიდი არ არის. მიმართვიანობის გაზრდას ფსიქოლოგები პანდემიის შემდეგ ელოდებიან. მანამდე კი პროფესორი თამარ გაგოშიძე საზოგადოებას რადიკალურად შეცვლილ ცხოვრების წესთან გასამკლავებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.
პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით შეიქმნა. მომსახურების მიღება 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს პროგრამა Skype-ის მეშვეობით TSU-CENTER-თან დაკავშირებისას შეუძლიათ. პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ.
„ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ცხელ ხაზზე 12 ფსიქოლოგი მორიგეობს 10:00-დან 18.00 საათამდე. დაკავშირება სკაიპით ხორციელდება. ამ პერიოდში მომართვიანობა არ არის დიდი. კვირაში 10 პირზე მეტი არ გვიკავშირდება. ჩვენი ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში, სადაც მსგავსი პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ დიდი მიმართვიანობა არსად არ არის. ეს შეიძლება იმის გამოა, რომ მოქალაქეები არასათანადოდ არიან ინფორმირებული მსგავსი უფასო სერვისების შესახებ და არაა საკმარისი რეკლამა და ინფორმაციის გავრცელება. ასევე, შესაძლოა თვითიზოლაციის და ძლიერ შეცვლილი ცხოვრების წესის პირობებში ადამიანები თვითონ ცდილობენ ძალების მოკრებას და სტრესთან გამკლავებას, ისინი უჩვეულო სიტუაციასთან შეგუების პრაქტიკულ პროცესში არიან. ვფიქრობ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ მომართვიანობა მკვეთრად გაიზრდება, რადგან შემდეგ პერიოდში სულ სხვა საზრუნავი იქნება, ადამიანებს სტრესის გადატანის შემდგომ უფრო აწუხებთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები,“ — აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
მანამდე კი, პანდემიის პირობებში, რადიკალურად შეცვლილ ცხოვრების წესთან გასამკლავებლად თამარ გაგოშიძე საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აწვდის, მათ შორის, დღის განრიგის შედგენისა და მისი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
„რაც შეეხება ოჯახებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, ნამდვილად არ არის ადვილი ერთ სივრცეში გქონდეს სამსახური, სკოლა, საბავშვო ბაღი და სახლი. ყველა სახლშია, ზოგჯერ არ ყოფნით ადგილი, კომპიუტერი. ადამიანებს ხშირად პირადი სივრცე აღარ აქვთ, ბავშვები გარეთ ვერ თამაშობენ და კიდევ უფრო მიეჯაჭვნენ კომპიუტერს. ხშირად ადამიანები ღიზიანდებიან და ბრაზდებიან ამ მდგომარეობაში, რაც ბუნებრივია, როდესაც მოულოდნელად მკვეთრად გეცვლება ცხოვრების წესი. ხშირად ადამიანები საკუთარ თავსაც კი გაურბიან, არათუ ოჯახის წევრებს, ახლა კი ყველას ერთად უწევს ყოფნა. ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია დღის და სივრცის დაგეგმვა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიდიდისაა სივრცე. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღის გეგმა და განრიგი, მათ წინასწარ იციან — რა რის შემდეგ უნდა გააკეთონ. განრიგის დაცვა ბევრად აადვილებს ოჯახში კომუნიკაციას და ზოგავს ენერგიას, ნაკლები გაუგებრობა და გაღიზიანებაა, რადგან ყველასთვის მოსალოდნელი და პროგნოზირებადი ქმედებები ხდება სახლში. ბავშვებმა იციან — ვისი ჯერია კომპიუტერზე, რამდენი ხანი უნდა ითამაშონ, როდის მიეხმარონ დედას, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი მცირე პასუხისმგებლობა სახლის საქმეში, თვითმოვლაში, მცირეწლოვან, 3 წლის ბავშვებსაც კი. სრულფასოვანი ძილი სტრესის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია და დღის მყარი განრიგი ხელს უწყობს დროული დაძინება-გაღვიძების რეჟიმს. გამოყავით სახლში პირობითი სივრცეები: „სამსახური“, „სკოლა“, „სათამაშო მოედანი“... თუნდაც, ერთ ოთახში უნდა არსებობდეს პირობითი ადგილი, სადაც დედა მუშაობს და ადგილი, სადაც ბავშვი თამაშობს. რადგან ბავშვები ვერ ხარჯავენ ენერგიას სახლში ყოფნის გამო და უფროსებიც უძრავად არიან, ძალიან სასარგებლოა ერთობლივი ვარჯიშის, ფიზიკური თამაშის დროის განსაზღვრა. ამ დროს ძნელია იფიქროთ მოწესრიგებულ ოთახზე და ამიტომ ჯობს — არ იფიქროთ; ჯობს სიხარულით ივარჯიშოთ, იცეკვოთ, ითამაშოთ რაიმე ფიზიკური თამაში, რის შესაძლებლობასაც საცხოვრებელი სივრცე იძლევა. ასეთი ვარჯიშის შემდეგ კი, როგორც წესი, ყველამ ერთად უნდა მიალაგოს სახლი. ასეთი მოძრავი თამაში თუ ვარჯიში ძალიან სასარგებლოა უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, იხარჯება ენერგია, მატულობს ტონუსი, ივსებიან დადებითი ემოციებით. ჩვენ ფიზიკურ იზოლაციაში ვართ, რაც არ ნიშნავს სოციალურ იზოლაციას. ეს გულისხმობს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას, რასაც ხშირად გადაჩვეული ვართ, ანუ იმით დაინტერესებას — რას გრძნობენ და რას ფიქრობენ ისინი. აუცილებელია დისტანციური საშუალებებით როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების კომუნიკაცია მეგობრებთან და ახლობლებთან“, — აცხადებს ფსიქოლოგი.
პანდემია, იზოლაცია, ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა — ამ დამამძიმებელი გარემოებების შესამსუბუქებლად ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის შესახებ გავრცელებული ახალი ინფორმაციის ზომიერ მოსმენას და ბავშვებთან სწორ კომუნიკაციას ურჩევს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიასაშუალებების შეზღუდვას. არაა საჭირო მუდმივად კორონავირუსზე ინფორმაციის და დებატების მოსმენა. საკმარისია დღეში ერთხელ მშრალი ინფორმაციის გაგება. ბავშვებს მარტივად და გასაგები ენით აუხსენით — რატომაა მნიშვნელოვანი იზოლაცია და პირადი ჰიგიენა, განსაკუთრებით ხელების დაბანა. არაა საჭირო ბავშვებმა დეტალებში იცოდნენ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ფაქტები, სრულიად საკმარისია მათ გაიგონ — რატომ ვიქცევით ასე და რატომ შეგვეცვალა ცხოვრების წესი, რატომ ვერ გავლენ სათამაშოდ. ამ დროს მათი დაშინება ცუდი სტრატეგიაა და ბავშვები კიდევ უფრო გაღიზიანებული და შეშინებული ხდებიან.
მშობლები თვლიან, რომ დღის წესრიგის დაწესება, სახლში სივრცეების გამოყოფა და წესების შემოღება ძალიან რთული და მიუღწეველია. ასე ნამდვილად არ არის, თუ ბავშვებთან ერთად მოვამზადებთ ამ წესებს და გარკვეული იქნება მოქმედების დროც და ადგილიც, თან წავახალისებთ ამ წესების დაცვისკენ. საერთოდ, ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, თვითონვე ცდილობენ დაიცვან და მიყვნენ ამ წესებს.
გამოყავით მცირე დრო, სულ ნახევარი საათი ერთობლივი სამაგიდო თამაშისთვის, რაც ბავშვებისთვის სიხარულის და უსაფრთხოების განცდის მომგვრელია. ამავე დროს, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სახლში მხოლოდ მათთან ვერ ითამაშებთ და ამაში გეხმარებათ თანმიმდევრული, ყველასათვის გასაგები დღის წესრიგი“, — აღნიშნავს პროფესორი თამარ გაგოშიძე.