რესპონდენტები: თანადამფუძნებლები — იზა კობიაშვილი, მაია გოგოლაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სტუდენტებისთვის უფასო ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისის მიწოდება სპეციალისტთა ჯგუფმა ორგანიზაციიდან — ა(ა)იპ „ერთად ერთისთვის’’ — 2019 წლის მარტიდან დაიწყო და წელიწადზე მეტია აქტიურად გრძელდება. ორგანიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია ფსიქოლოგიის დარგის მაგისტრებითა და დოქტორანტებით. მისი წევრების გამოცდილება მრავალმხრივია და ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობასაც მოიცავს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ზრდასრული შშმ პირები, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, მიგრანტები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები, აგრეთვე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები; აქვთ რეგიონებში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობისა და ურთიერთობის გამოცდილება.
ა(ა)იპ „ერთად ერთისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს და სწორედ ამიტომ მოხვდა ეს ორგანიზაცია ჩვენი ინტერესის სფეროში.
COVID-19-ის გავრცელებამდე და მის პერიოდში ორგანიზაცია „ერთად ერთისთვის“ სრულწლოვან პირებს ონლაინ დახმარებას, კონსულტაციასა და თერაპიას უწევს. ამ დროისთვის, სერვისით 100-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. ფსიქლოგთა ამ ჯგუფს ჩვენ დავუსვით კითხვები, რა კითხვებიც გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციაში სტუდენტების მხრიდან შემოვიდა. ამ კითხვებზე ფსიქოლოგთა ჯგუფის წარმომადგენლების პასუხები სწორედ რომ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევის ჭრილშია.
როგორ უნდა მოიქცნენ შეყვარებულები, რომლებიც დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ?
- სტუდენტები, რომლებთანაც გაზეთი სხვადასხვა კითხვარს აწარმოებს, მოგვმართავენ კითხით, რაც ზოგიერთ მათგანს აწუხებს. მაგალითად, ჩვენთან შემოსულია ასეთი კითხვა: როგორ უნდა მოიქცნენ შეყვარებულები ასეთ დროს, როცა სახლებში არიან ცალ-ცალკე და ამის ნიადაგზე დეპრესიული ფონი აქვთ, აქვთ შფოთვა, განშორებით გამოწვეული უიმედობის განცდა... რა სახის რჩევები შეიძლება მათ შევთავაზოთ?
- დღესდღეობით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ადამიანთა უმეტესობას უწევს საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შფოთვის, დეპრესიული ფონის, უიმედობის თუ სხვა გრძნობების გამოწვევა. შეყვარებულებს შეუძლიათ, მიუხედავად ფიზიკურად ცალ-ცალკე ყოფნისა, ჰქონდეთ ხშირი კომუნიკაცია — ონლაინ ჩართვები ერთმანეთთან, შეუძლიათ დაგეგმონ სხვადასხვა ერთობლივი აქტივობა, მაგ.: ერთდროულად ერთი ფილმის ყურება, ერთად ონლაინ რაიმე სახის თამაში, ვარჯიში, და ა.შ. მთავარია, ახსოვდეთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და შეუძლიათ ეს მდგომარეობა ერთმანეთის სხვა კუთხით გასაცნობად გამოიყენონ.
როგორ დაძლიოთ შფოთვა, თუკი დაკარგეთ სამსახური
- მოგვმართავენ სტუდენტები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. ამის ნიადაგზე მათ ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც ძალიან გაუჭირდათ. რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთი სტუდენტების გასამხნევებლად?
- სამსახურის დაკარგვა ყოველი ჩვენგანისთვის მტკივნეული საკითხია. გვახსოვდეს, რომ ამის მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებია და არა საკუთარი თავი. შესაბამისად, როდესაც ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ისევ შევძლებთ სამსახურების შოვნას. მანამდე კი შეგვიძლია ეს პერიოდი თვითგანვითარებას მოვახმაროთ, რაც ფორს-მაჟორის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდის სამსახურის შოვნის ალბათობას. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შეიძლება ალტერნატივებზე ფიქრი — ონლაინ სამსახურების მოძიება, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის ძიება და სხვ.
რა სახის ფილმებს უნდა უყუროს საზოგადოებამ?
- რა სახის ფილმებს უნდა უყუროს საზოგადოებამ, რათა ამ რთულ დროს არ განვითარდეს დეპრესია, შფოთვა?
- მთავარია ფილმები არ იწვევდეს ისეთ ემოციებს, როგორიცაა შფოთვა, შიში, სევდა და ა.შ. არ იყოს საშინელებათა ჟანრის, რაიმე კატასტროფებზე, ძალადობაზე. სასურველია, ფილმები იყოს პოზიტიური, დადებითი ემოციებით დატვირთული. ზოგადად, ვიცით, რომ გარემო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე. შესაბამისად, ფილმები იქნება თუ ახალი ამბები, მთავარია არ იყოს დამთრგუნველი. სასურველია, პანდემიის ან ნეგატიური ემოციების შემცველ ინფორმაციას მოუსმინოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, დღის პირველ მონაკვეთში; საღამო — ძილის წინა პერიოდი — არ დავიტვირთოთ უარყოფითი ემოციებით.
რამდენად დაძლეულია სტიგმა?
- რამდენად დაძლეულია სტიგმა, რომ საჭიროებისამებრ მოგმართონ ფსიქოლოგიური დახმარების აღმოსაჩენად?
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, 4-დან ყოველ 1 ადამიანს შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულე შეექმნას. არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სტიგმა უფრო მეტად ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სტუდენტებთან არის დაძლეული. ის ადამიანები, რომლებიც მომართავენ ფსიქოლოგს, ასე თუ ისე, უკვე აცნობიერებენ, რომ აქვთ საჭიროება და ეძებენ შესაბამის დახმარებას. ზოგადად, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავალი მიმართულებით არის ცნობიერება ასამაღლებელი, მათ შორის — რა მდგომარეობისას რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ, რას აკეთებს ფსიქოლოგი და ა.შ. იმისათვის, რომ შეგვეძლოს ამ საკითხზე მსჯელობა, უფრო სიღრმისეული კვლევის ჩატარება და ფართო საზოგადოების შეხედულებების შესწავლაა საჭირო.
როგორ ავირიდოთ თავიდან უიმედობის განცდა?
- როგორ უნდა მივუდგეთ სტუდენტებსა და პროფესორებს, რათა მათ უიმედობის განცდები არ დაეუფლოთ ამ სიტუაციაში? რა შეგვიძლია გაზეთის პირობებში მათ შევთავაზოთ?
- ნეგატიური განცდები, მათ შორის, უიმედობა ან სხვა რამ, ბუნებრივი ემოციებია, რომელიც შესაძლოა მსგავს სიტუაციაში გაჩნდეს. გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ საქმის კეთება, გვქონდეს დღის რუტინა, ზომიერად გავეცნოთ მხოლოდ სანდო წყაროებს. შევინარჩუნოთ ახლობლებთან ურთიერთობები, ვეცადოთ შეძლებისდაგვარად მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სხვებს, ვიმოქმედოთ „აქ და ამჟამად’’ პრინციპით, მაგრამ გვქონდეს მომავლის პოზიტიური ხედვა; დავუთმოთ დრო თვითგანვითარებას, ახალი უნარების ათვისებას და ა.შ.. კიდევ ერთხელ, გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც გადაივლის!
ესაუბრა ნინო კაკულია