გვესაუბრება თსუ-ის პროფესორი რევაზ ჯორბენაძე
ესაუბრა მაია ტორაძე
– პანდემიამ აჩვენა, რომ გამოკვეთილი ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე საზოგადოება თავს იკავებს – მოითხოვოს საჭირო დახმარება. რა უნდა გააკეთონ ფსიქოლოგებმა იმისთვის, რომ არსებული სტიგმა მოიხსნას?
– „კოვიდ-19“-ის გავრცელებამ მთელი მსოფლიო უჩვეულო მდგომარეობაში ჩააყენა. მთავარი ისაა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა, ჯერჯერობით მას გაუმკლავდეს, თუმცა ყველა ცდილობს დაუპირისპირდეს უხილავ მტერს, შეჰყურებს მეცნიერებს და ელის წამალს, რომელიც კაცობრიობას გადაარჩენს. ძირითადად მედიკოსები აქტიურობენ. ასეთ დროს, ერთი მხარივ, ადამიანი ფიქრობს ფიზიკურ გადარჩენაზე და საკუთარი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მეორე მხრივ კი – არსებობს სულიერება, რომელსაც ასევე აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.
პანდემიამ ადამიანთა ცხოვრებისეული ჩვეული რიტმი დაარღვია და ახალ პირობებში ჩააყენა, რასაც ემატება თანამოძმეთა და ახლობელთა გარდაცვალება. ყოველივე ეს მოქმედებს ჩვენზე. ჩვენ, როგორც რეზერვუარი, ვინახავთ ამ სახის სტრესორებს და შეცვლილ გარემოზე შეგუებას ვცდილობთ. ამ ფონზე ზოგიერთს შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ მდგომარეობას, ზოგი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს თვითდახმარებას, ზოგიც კი ვერ იკავებს თავს და შფოთვის ტყვეობაშია. ტრავმირებულ მდგომარეობას მეტი და მეტი შრე ემატება. საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ პანდემიის მოხსნის ან ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში (მისი გაგრძელების დროს) ადამიანთა უმეტესობა მძიმე სულიერი კრიზისის მსხვერპლი გახდება. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მოწყვლადები იქნებიან „კოვიდ-19“-გადატანილი პირები და მათი ახლობლები; მეორე კატეგორიაში შევლენ ის ადამიანები, რომლებსაც ასაკოვან ადამიანებთან უწევთ ყოველღიური კავშირი; მესამე კატეგორიაა – ვისაც ბავშვები ჰყავს ოჯახში (ბავშვთა პრობლემების გამოჩენა); მეოთხე კატეგორიაში გაერთიანდება ის, ვისაც სიახლოვეს ჰყავს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები; მეხუთე კატეგორიაში გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უჩვეულო სიმპტომები აღმოაჩინეს საკუთარ თავში; მეექვსე კატეგორიაში შევლენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი; მეშვიდე კატეგორიაში კი გაერთიანდებიან ისინი, ვინც საკუთარ პერსპექტივას ვერ დაინახავს ცხოვრებაში და სასოწარკვეთა დაეუფლება (შვიდივე კატეგორიას შეიძლება სხვა ტიპის გართულებებიც დაემატოს). მიმაჩნია, რომ მათ დასახმარებლად ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან მომუშავეები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ.
საქართველოში დღეისათვის არსებობს საკონსულტაციო ფირმები, ორგანიზაციები და, რამდენადაც ვიცი, ბევრი მათგანი უკვე წარმატებით მუშაობს მოსახლეობასთან. მიმაჩნია, რომ მათი მუშაობა დროულია, მაგრამ ძირითადი საქმე, ვფიქრობ, პანდემიის დამთავრების შემდეგ იქნება განსახორციელებელი. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურმა და ფსიქიატრიულმა კონსულტაციებმა ფართო მასშტაბი უნდა შეიძინოს. კონსულტაციისთვის მზა რეცეპტებს ვერ მივიღებთ, მაგრამ მუშაობა აუცილებლად კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა წარმართონ. კარგი იქნება, თუ გავრცელდება ინფორმაცია, რომელშიც აღწერილი იქნება მეთოდები, რომელიც თვითრეგულაციასაც შეუწყობს ხელს, რადგან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს. რაც შეეხება სულიერ ტრავმირებას, ჩვენ ვერ ავცდებით მას, მაგრამ დღეისათვის საჭიროა ვისწავლოთ მასთან გამკლავება.
– რამდენადაც ცნობილი ხდება, იკვეთება ოჯახში დაპირისპირების მაგალითები სახლში გამოკეტვის პირობებში. ვინ და როგორ უნდა უშველოს ამ პრობლემას?
– ოჯახში დაპირისპირებები, ძალადობა, შექმნილი პირობების შემთხვევაში მატულობს, რადგან უმეტესობა ჩაკეტილია მცირე მოცულობის სივრცეში. ადამიანის სივრცობრივი ორიენტირება მოითხოვს სხვადასხვა სივრცეებში ყოფნას, რაც ადამიანის ნორმალურ მდგომარეობას წარმოადგენს. შეზღუდული სივრცის პირობებში, ადამიანებს შორის ურთიერთობა იცვლება და, უმეტეს შემთხვევაში, ან დაქვემდებარებული ხდება, ან იწვევს მარტოობის განცდას. პირველ შემთხვევაში, თუ ურთიერთგაგებაა, სიტუაცია კონტროლირებადი ხდება და ერთობლივად მიისწრაფვიან პრობლემის გადასაჭრელად. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე „განტევების ვაცის“ როლშია, ბუნებრივია, მასზეა მიმართული აგრესია. ძალადობის მსხვერპლი ჩაკეტილ სივრცეშია და ასეთ შემთხვევაში მას მოძალადე, როგორც ხაფანგში გაბმულ მსხვერპლს, აღიქვამს. ძალადობის ინტენსივობა ასეთ შემთხვევაში მაღალია. ოჯახში დაპირისპირება ჩვეული ქმედება ხდება. ასეთი სიტუაცია კარანტინის პირობებში ყველაზე მძიმეა. აქ გადარჩენის ერთადერთ საშუალებად უნდა იქცეს ისეთი სახის დახმარება, როდესაც აგრესორის ჩამოშორება მოხდება მსხვერპლიდან. თუ უმძიმესი სიტუაციაა და თუ იზოლაცია ვერ ხერხდება, ეს უნდა გაკეთდეს საკუთარი ძალებით ან სპეც სამსახურების საშუალებით. ერთია, რომ მსხვერპლი საჭიროებს დახმარებას და ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამსახურები უნდა მუშაობდნენ. რაც შეეხება მარტოობის განცდას, რომელიც შეიძლება ოჯახური ძალადობის ფონზე გაიშალოს, წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, რომელსაც, შესაძლოა, ვერ გაუძლოს ადამიანმა. სუიციდის საშიშროება ასეთი განცდების დროს მოჭარბებულად არსებობს. ტელევიზიით მეტი ინფორმაციაა გასავრცელებელი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ის ძალადობის მსხვერპლად გრძნობს თავს.
– თქვენ რას საქმიანობთ რუტინის პირობებში?
– ძირითადად ელექტრონული ტექნიკის საშუალებით ვაგრძელებ მუშაობას – ვმონაწილეობ სხვადასხვა შეხვედრაში, ვესწრები ტრენინგებს, მიმოწერა მაქვს თანამშრომლებთან (სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე) და სტუდენტებთნ. მთავარი ისაა, რომ ელექტრონულად ვასწავლი. დანარჩენი პერიოდი ეთმობა ოჯახს. ასეთი პირობები ძალზედ რთული აღმოჩნდა, რადგან ბევრ ახალ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება მომიწია, ვიდრე ჩვეულ პირობებში მქონდა. შრომის გადანაწილების სიტუაცია ნელ-ნელა კონტროლირებადი ხდება. ოჯახში ვახალისებთ ერთმანეთს. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, დავძლიოთ სხვადასხვა სტრესული სიტუაცია და ბავშვებს გადავატანინოთ შექმნილი პირობებით გამოწვეული ღელვა. რეალურად რუტინა ძნელი გადასატანია ჩემთვის, რადგან ექსტრავერტი ვარ.
– რას ნიშნავს თქვენთვის სოლიდარობა და პასუხისმგებლობა ამ რთულ დროს?
– დავიწყებ პასუხისმგებლობით. პასუხისმგებელი უნდა იყო პირადად იმ მოთხოვნების მიმართ, რომელიც შემოგვთავაზეს ექიმებმა — დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს ირგვლივ მყოფნი. ამჟამად ამ მოთხოვნებს ვასრულებ. ვასრულებ პასუხისმგებლობით, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრმა ვერ გააცნობიერა, თუ რა საშიშროებაა ჩვენს ირგვლივ. ის პასუხისმგებლობა, რაც ადრე მქონდა, კვლავ გამაჩნია და ეხება ჩემს ყველა საქმიანობას. სოლიდარობას რაც შეეხება, შესაძლებლობების ფარგლებში ვახორციელებ. სოლიდარული ვარ იმ ადამიანებისა, რომლებსაც უჭირთ, საჭიროებენ დახმარებას და, საერთოდ, იმათ მიმართ, ვინც მსგავს სიტუაციაშია. ეს ეხება არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ იმათაც, ვინც დაიჩაგრა მთელს მსოფლიოში.
- „კოვიდ-19“-ის პერიოდი და თსუ" — ასეთი ბროშურა რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მომავალი თაობისთვის?
– საინტერესო იქნება. მთავარია კლასტერი არ გაჩნდეს. მასში ასახული უნდა იყოს ყველა თანამშრომლის რუტინა, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული რექტორის სამუშაო საქმიანობების აღწერით.