შურთხია ბეროშვილი
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებმა პროექტის — „სოფელ ხანის ეთნოგრაფიული კვლევა“ — ფარგლებში გამართეს ფოტო-გამოფენა — „სოფელი ხანი“, რომელიც ცნობილი ქართველი ეთნოლოგის ჯულიეტა რუხაძის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
თსუ-ის პროფესორის ქეთევან ხუციშვილის ინფორმაციით, სოფელ ხანში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტრადიციული ყოფის ბევრი მახასიათებელი დღემდეა შემორჩენილი (მაგალითად ყველის ქვევრში დაყენების ტექნიკა, ხელოსნობა, რიტუალური პრატიკა და სხვ.), ამასთან თანამედროვე პროცესები (მიგრაცია, გლობალიზაცია, მოდერნიზაცია) გავლენას ახდენს ტრადიციული ყოფითი კულტურის ელემენტებზე და მათ სწრაფ ტრანსფორმაციას იწვვს. პროექტი ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტების ჩართულობით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანის შესწავლას.
ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, სოფელი ხანი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია, რომელიც ასევე ცნობილია არქეოლოგიური მასალის მრავალფეროვნებითაც... ძველად აქ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა. გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლეოდა სოფელში სპეციფიკური ეთნო-კულტურული გარემო ჩამოყალიბებულიყო, აქ ერთდროულადაა წარმოდგენილი საქართველოს მთისა და ბარის ეთნოკულტურული მახასიათებლები. სოფელი ხანი გასული საუკუნის 70-იან წლებში შეისწავლა ჯულიეტა რუხაძემ და გამოსცა ნაშრომი სახელწოდებით — „ხანი — იმერეთის ხევსურეთი“ (1989 წ.).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს ქალბატონ ჯულიეტა რუხაძის გზა გაევლოთ და მის მიერ შეკრებილი მასალისთვის შეედარებინათ დღევანდელი რეალობა. პროექტის — „სოფელ ხანის ეთნოგრაფიული კვლევა“ — ხელმძღვანელი იყო მაგისტრანტი ტატა ჩრდილელი. პროექტში, ასევე, მონაწილეობდნენ მ. დიღმელიშვილი, დ. ფაცაცია, თ. სოფრომაძე, ე. ბერაია და ლ. რეზესიძე. სტუდენტებს ტრენინგი კვლევის მეთოდებში ჩაუტარა დოქტორანტმა ბორის კომახიძემ. სტუდენტებმა კვლევისას გამოიყენეს ვიზუალური ანთროპოლოგიის მეთოდებიც, შედეგად გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სოფელ ხანის ყოფის ამსახველი ფოტოები. ეს მასალა საბოლოოდ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტში დაიდებს ბინას. სტუდენტური პროექტის ფარგლებში შეკრებილი მასალა ღირებულ ცნობებს შეიცავს სამომავლო ანალიზისთვის.