თამარ დადიანი
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უნივერსიტეტის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანე“- აცხადებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კინო-ტელე რეჟისურ“-ის კურსდამთავრებული გიორგი მენაბდე. ახალგაზრდა რეჟისორის სადიპლომო ფილმი „სისხლი“ ნომინირებული იყო ლოს-ანჯელესის „Lift-Off Film Festival“-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. ლოს-ანჯელესამდე ფილმი ლონდონის ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ფესტივალი „Lift-Off Film Festival“ ლოს-ანჯელესში 2021 წლის აპრილში ჩატარდა. მართალია ფილმმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც სადიპლომო ფილმი 5000-მდე კონკურსანტიდან საუკეთესო 100-ეულში ხვდება, ეს უკვე დიდი წარმატებაა...
„სისხლი“ 2017 წელს გადაღებული ფილმია და ის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი. ფილმი მხატვრული ოსტატობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ყოველი „ნამდვილი“ ფილმი არის „ცხოვრების“ შექმნა ან აღდგენა. სწორედ ეს მოახერხა გიორგიმ თავის სადიპლომო ნამუშევარში. ახალგაზრდა რეჟისორმა ბრწყინვალედ მოახერხა დიდი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ღრმა წვდომა და მისთვის ეკრანული გამოხატულების მოძებნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გიომ ეს ფილმი ფინანსების გარეშე გადაიღო პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით“, — განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, თეატრმცოდნე ლელა წიფურიამ.
„ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ჯემალ კეჭეხმაძე, ნინო ჯუღელი და გენადი ნიკოლაიშვილი. ბავშვის როლის შემსრულებელს 20 დღე ვეძებდი, ბოლოს ხიდისთავში მივაგენი ზურაბ მათითაიშვილს. არ მინდოდა ეს როლი ქალაქელ ბავშვს ეთამაშა, მას არ ესმის სოფლის საჭიროებანი... ასევე განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო კომპოზიტორი ლევან ბაშარული, რომელმაც ფილმისთვის დიდებული მუსიკა შექმნა. ის წლებია წარმატებით მოღვაწეობს გერმანიაში. ასევე ვერენა-მარია ფითციც, რომელიც მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის პირველი მევიოლინეა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია გიორგი მხეიძე, ასევე მალხაზ და ლევან კუხაშვილები. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ფილმის შექმნაში, მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, — აღნიშნა რეჟისორმა გიორგი მენაბდემ, რომელსაც დიდი სურვილი აქვს რამდენიმე ფილმი კიდევ შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ თვლის — საქართველოში კინო-ხელოვნება დაუფასებელია და შესაბამისად რთულიც.