თამარ დადიანი
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სულ მალე ფარმაკოლოგიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარებული წიგნით ისწავლიან, რომელიც პეტერ ბენეტის, მორის ბრაუნისა და პანკაჯ შარმას თანაავტორობით გამოიცა (გამომცემელი Elsevier Ltd). სახელმძღვანელო — „ფარმაკოლოგია“ — ქართულ ენაზე უკვე თარგმნილია, რედაქტირებულია და დაკაბადონების სტადიაში გახლავთ. ქართული თარგმანის ავტორები არიან: თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ კეზელი და იმავე კათედრის ასისტენტ პროფესორი მარიამ ჭიპაშვილი.
წიგნში ფარმაკოლოგიის ზოგადი პრინციპები (ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა) უკვე არა თეორიული, არამედ პრაქტიკული კუთხით არის განხილული. სახელმძღვანელოს ზოგად ნაწილში მოცემულია წამლების კვლევის ფაზები, ქვეყანაში წამლების რეგულირების პრინციპები, მკურნალობის გაიდლაინები და პროტოკოლები, წამლების კლასიფიცირების პრინციპები, მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოება და მკურნალობის პროცესში აღმოცენებული სავარაუდო პრობლემები, მათი პრევენციისა და აღმოფხვრის გზები და ა.შ. კერძო ნაწილი კი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტკივილის მართვას, ინფექციების, ანთებადი და აუტოიმუნური დაავადებების, კანის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცნს-ის (ნევროლოგიური და ფსიქიატრიული), გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, შარდ-სასქესო და სასუნთქი სისტემების დაავადებების, სიმსივნეების მკურნალობის ზოგად პრინციპებს, მათ სამკურნალოდ გამოყენებული წამლების თავისებურებებს და პაციენტთა განსაკუთრებული კატეგორიის (ბავშვები, ხანდაზმულები, ორსული, მეძუძური ქალი, თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა, ალერგიული განწყობა) ინდივიდუალურ მკურნალობას.
„მოლეკულური ბიოლოგიის განვითარებასთან ერთად ყოველწლიურად იცვლება და იხვეწება წამლების მოქმედების მექანიზმებისა და ფარმაკოკინეტიკის ცოდნა, ჩნდება ახალი წამლები და ახალი მონაცემები ძველ წამლებზე, აქედან გამომდინარე, ფარმაკოლოგია ძალზე დინამიურია. მოგვიძველდა სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და ამიტომ ჩვენ ვეცადეთ გადაგვეთარგმნა სტუდენტებისათვის საყოველთაოდ აღიარებული ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელოების ბოლო გამოცემები. მე-3 კურსის სტუდენტებისათვის ძირითადი სახელმძღვანელოა ბერტრამ გ. კატზუნგის „ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგია“ (ქართულ ენაზე), ხოლო დამხმარე ძირითადი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გახლავთ კარენ ვალენის, რიჩარდ ფინკელისა და თომას ა. პანაველილის „ფარმაკოლოგია“ ლიპინკოტის ილუსტრირებული სერიიდან. კლინიკური ფარმაკოლოგია შედარებით ახალი დარგია და სახელმძღვანელო ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ აქაც ვისარგებლეთ იგივე პრინციპით და სახელმძღვანელო, რომელიც უკვე გადათარგმნილია, რედაქტირებულია და დაკაბადონების სტადიაშია გახლავთ პეტერ ბენეტის, მორის ბრაუნისა და პანკაჯ შარმას „კლინიკური ფარმაკოლოგია“ (გამომცემელი Elsevier Ltd.) და ის განკუთვნილია მე-4 კურსის სტუდენტებისათვის. ეს წიგნი ცდება მხოლოდ მე-4 კურსის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ჩარჩოებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სხვადასხვა პროფილის მრავალი ექიმის მაგიდის წიგნადაც გადაიქცევა, რადგან მის გვერდებზე შეიძლება პაციენტების მკურნალობის პერიოდში აღმოცენებულ მრავალ კითხვებზე პასუხების მოძიება“, — აღნიშნა წიგნის მთარგმნელმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ კეზელმა.