თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს „ძველი” ახალი დეკანი ჰყავს. ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი უკვე მეორედ აირჩიეს ფაკულტეტის ხელმძღვანელად. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” რედაქცია უერთდება მილოცვებს და გთავაზობთ საუბრებს ახლად არჩეულ დეკანთან.
ნანა გაფრინდაშვილი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
– ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობა, მოგეხსენებათ, მძიმე ტვირთი და, ამავე დროს, მეტად საპატიო და დიდად საპასუხისმგებლო თანამდებობაა: დიახ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ მეორედ გამომიცხადა ნდობა. ნება მომეცით, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფაკულტეტს ასეთი მხარდაჭერისათვის, ამ დიდი ნდობისა და პატივისათვის. იმისთვის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი ფაკულტეტი მართლაც საუკეთესო იყოს, საჭიროა თავდადებული შრომა ფაკულტეტის ყველა პროფესორთან, სტუდენტთან და ადმინისტრაციის თანამშრომელთან და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად.
ხუთი წელი ხდება, რაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ვარ... ჩემი ასაკიდან და შრომითი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. 1985 წელს საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, 1993 წელს კი — სადოქტორო და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მომენიჭა; მრავალი წელია, უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, დიდი გამოცდილება დამიგროვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხანგრძლივი მუშაობისას, აგრეთვე, თსუ-ის აკადემიურ საბჭოსა და აკრედიტაციის საბჭოს წევრობის დროს. ასე რომ, გამოცდილება დიდი მაქვს, შრომის ფასი კარგად ვიცი, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილება — კვლავ მეყარა კენჭი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ამ გამოცდილებით, ფაკულტეტზე ზრუნვითა და ფაკულტეტისათვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთების სურვილით იყო გამოწვეული.
ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვიმუშავე ფაკულტეტის განვითარების კონცეფციაზე. ჩემი მიზანი იყო, ისეთი კონცეფცია წარმედგინა ფაკულტეტის საბჭოსათვის, როგორიც ასწლოვანი ისტორიის მქონე ფაკულტეტს, მის არაჩვეულებრივ სტუდენტებსა და გამორჩეულ პროფესურას ეკადრება. ჩემს მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში არაფერი არ არის არარეალისტური. არის საკითხები, რომლებიც უფრო სწრაფად გადაწყდება და არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც მეტი დრო დასჭირდება; არის ე.წ. „მარადიული” საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად, ხარისხის გაუმჯობესება და სხვა.
ახალმა ვითარებამ, ახალმა დრომ ახალი პრობლემები მოიტანა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი გათვალისწინებაც, მაგალითად, კრიზისების მართვა. ერთი წლის წინ ასეთი პარაგრაფის ჩართვა ფაკულტეტის განვითარების კონცეფციაში თავში აზრად არ მომივიდოდა. ახლა კი ამის გარეშე, ვფიქრობ, უბრალოდ კონცეფცია არასრულყოფილი იქნებოდა.
რა არის მთავარი კონცეფციაში? ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ორიენტირებულია არა თსუ-ის ძველი დიდებით ტკბობაზე, არამედ მომავალ განვითარებაზე. ფაკულტეტის განვითარების დღევანდელი სტადია შეიძლება შევაფასოთ, როგორც სოციალური და აკადემიური სიმწიფის ხანა. ფაკულტეტის სოციალური სიმწიფის მაღალი ხარისხი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მომავალი განვითარების საუკეთესო წინაპირობა და ის მნიშვნელოვანი ბაზაა, რომელზეც შეიძლება დავაფუძნოთ ფაკულეტის მომავალი განვითარების პროგნოზი. ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთიანობას ეფუძნება. მათ შორის, აუცილებელია გამოვყოთ: მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, დიდაქტიკური მიდგომები, სტუდენტების შეფასების სისტემები, აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო კვლევების განვითარება, მეცნიერების კომერციალიზება, პროფესორთა კორპუსი, საინფორმაციო ბაზა და სხვა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის, რომელიც დინამიკურად განვითარებადი, კონკურენტუნარიანი, აღიარებული და ანგარიშგასაწევი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსია თავისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალით, სტაბილური მატერიალური ბაზითა და სწავლების სრული ციკლით, უფრო პერსპექტიულია ე.წ. ელიტურ-კლასიკური განვითარების გზა. გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში დიდია საუნივერსიტეტო განათლების მქონე თუ მსურველი ადამიანების რაოდენობა. ფაკულტეტმა უნდა შეძლოს — გამონახოს შესაბამისი ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რათა შეძლოს საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუმცა, რასაკვირველია, ის ვერ იქნება მზად — მასობრივად შესთავაზოს საგანმანათლებლო სერვისები საზოგადოებას. საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო დონის დაცემისა და ელიტურ-კლასიკური განვითარების მოდელზე უარის თქმის ფასად. აბიტურიენტების სელექციის საფუძველი კვლავ უნდა იყოს მაღალი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ეროვნული გამოცდებით გათვალისწინებულ ყველა საგანში, რაც საუკეთესო გარანტიაა, რომ ფაკულტეტზე სტუდენტებად ჩაირიცხებიან შედარებით მაღალი ინტელექტისა და განათლების მქონე ახალგაზრდები.
გარდა ამისა, ფაკულტეტმა მომავალშიც უნდა დააკმაყოფილოს გამკაცრებული მოთხოვნები „ელიტურობის” სტატუსის შესანარჩუნებლად. ამიტომ ფაკულტეტმა გაზრდილი მოთხოვნები უნდა წაუყენოს თავის პროფესორებს, რათა მეტად ამაღლდეს აკადემიური და სამეცნიერო დონე; უნდა გაზარდოს მოთხოვნები სტუდენტებისადმი, აბიტურიენტებისადმი, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დონისა და სწავლების ხარისხისადმი, ინფრასტრუქტურისა და საუნივერსიტეტო სერვისებისადმი; უნდა შეეცადოს, დააბრუნოს „ტვინების გადინების” შედეგად უცხოეთში წასული ქართული სამეცნიერო და აკადემიური კადრები და გამოიყენოს მათი პოტენციალი ფაკულტეტის გასაძლიერებლად.
მნიშვნელოვანია, ასევე, გაძლიერდეს დოქტორანტურა და გამოვიყენოთ ინტერნაციონალიზაციის ყველა შესაძლებლობა: ხელი უნდა შევუწყოთ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო სკოლებისა და ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური და სხვ. სამეცნიერო დარგების განვითარებას.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მისიას ვხედავთ ეროვნული და საკაცობრიო სულიერი ფასეულობების შენარჩუნებასა და ჰარმონიზებაში, ჩვენი ტრადიციების, ტრადიციული მსოფლმხედველობითი საფუძვლების, კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და ინოვაციების დანერგვაში.
ჩვენი მიზანია, კლასიკური და უახლესი ცოდნისა და მიღწევების შერწყმა და სინთეზი; აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევრებისათვის, სტუდენტებისათვის სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. ასევე, უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიმაჩნია პროფესორთა შრომის ანაზღაურების სისტემის სრულყოფა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ამ საკითხის გადასაჭრელად მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, რათა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურის ხელფასების ოდენობა გაუთანაბრდეს მაღალანაზღაურებადი ფაკულტეტების პროფესურის ხელფასს. ჩვენ 77 საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ. პროგრამათა ასეთი მრავალრიცხოვნება ჩვენი სიმდიდრე და სიამაყეა. ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ამ დარგების განვითარებასა და გაძლიერებას, თუმცა, ეს პროგრამები, ფინანსური თვალსაზრისით, ხშირად ბევრ საფიქრალსა და თავსატეხს გვიქმნის, რადგან მათი დიდი უმრავლესობა მცირეკონტიგენტიანია.
იმედი მაქვს, რომ მომდევნო 4 წელი ვიმუშავებთ მშვიდ, საქმიან, კეთილგანწყობილ, მეგობრულ, კოლეგიალურ ვითარებაში, აკადემიურ გარემოში, სადაც პრიორიტეტი იქნება პროფესორსა და სტუდენტზე ზრუნვა.
ესაუბრა შურთხია ბეროშვილი