თამარ გაგოშიძე,
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
– ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. ფაკულტეტზე დაწყებულია მუშაობა „ერაზმუს”-ის პროექტზე: „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა ინტეგრირებული პროგრამისთვის მზადდება 8 სილაბუსი ინკლუზიური განათლების საკითხებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების სწავლა/სწავლების შესახებ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით.
წელს ფაკულტეტის მიერ წარდგენილმა „ერაზმუს +”-ის კიდევ ერთმა პროექტმა გაიმარჯვა: „სწავლა/სწავლების გასაუმჯობესებელი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში”. ელექტრონული და დისტანციური სწავლების საკითხები, ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. პროექტის განხორციელების შედეგად პროფესორები ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, ასევე, ონლაინ სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ. ფაკულტეტი კიდევ ერთ „ერაზმუს +”-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ პროექტში: „სტუდენტთა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში”.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე არსებობს ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და შეფასების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს ემსახურება, მაგრამ მას განვითარება და გაძლიერება ესაჭიროება. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური სერვისების განვითარებას, პროფესორების და დოქტორანტების გაძლიერებას ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და შეფასების მხრივ.
ფაკულტეტზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებულმა პროგრამამ, მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანმა პროგრამამ, ასევე მომზადდა და აკრედიტაციის პროცესშია სრულიად ახალი, ინოვაციური სადოქტორო პროგრამა განათლების მეცნიერებებში. აღნიშნულ ინტეგრირებულ სადოქტორო პროგრამაში ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის გარდა მონაწილეობს ქუთაისის, თელავის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები და დეპარტამენტები.
ფაკულტეტი გეგმავს ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მომზადებას ფსიქოლოგიაში; ასევე, ფსიქოლოგიაში განახლებული საბაკალავრო პროგრამის წარდგენას აკრედიტაციისთვის.
ფაკულტეტზე იგეგმება კოლოკვიუმების სერია, სადაც სამეცნიერო კვლევის შედეგებს წარმოადგენენ პროფესორები და დოქტორანტები. ეს კოლოკვიუმი საინტერესოა სამეცნიერო დისკუსიის თვალსაზრისითაც. ფაკულტეტი ასევე გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალის — „თსუ ფსიქოლოგია” — მეორე ნომერს, რომელიც ორენოვანი იქნება.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემოდგომის სემესტრში სწავლება ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შერეულად წარიმართება. კერძოდ, დიდ სალექციო ჯგუფებში მეცადინეობა იქნება ონლაინ ზუმ აპლიკაციის გამოყენებით, ხოლო სასემინარო და პრაქტიკული მეცადინეობები განხორციელდება აუდიტორიებში. ფაკულტეტმა კარგი გამოცდილება დააგროვა ე-ლერნინგის პლატფორმის გამოყენებაში და შემოდგომის სემესტრშიც სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენებთ ელექტრონული სწავლების პორტალს.
ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა