თამარ დადიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდი თბილისის ჩემპიონი პირველად 1925 წელს გახდა. ორი სეზონის შემდეგ კი უნივერსიტეტმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. განსაკუთრებული წვლილი ჩვენი კალათბურთის აღზევებაში 40-50-იანი წლების სპორტსმენებს მიუძღვით. უნივერსიტეტი ბრწყინავდა, როდესაც აქ სასწავლებლად ლეგენდარული ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე მოვიდნენ.
ვაჟთა კალათბურთის გუნდებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს 1991, 1993, 1995 წლებში, ხოლო 1996 წელს სტუდენტურ დღეებზე გაიმარჯვეს.
თსუ 1991 წლიდან იღებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. მოგებული აქვს 2006 წლის ეროვნული თასი და სუპერთასი.
ეროვნულ ჩემპიონატში კლუბისთვის ყველაზე წარმატებული 2009-2011 წლები გამოდგა, როდესაც იგი ზედიზედ ორჯერ გავიდა სუპერლიგის ფლეი-ოფის ფინალში და მეორე ადგილი დაიკავა.
უკანასკნელ წლებში თსუ-ის ვაჟთა საკალათბურთო გუნდმა წარმატებულად იასპარეზა საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონატზე: 2009-2010 წ. სეზონი — ვერცხლის მედალი, 2010-2011 წ. სეზონი — ვერცხლის მედალი, ასევე 2010-2011 წ. სეზონზე თსუ-ის გუნდი გახდა ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებული. აქედან მოყოლებული ის კალათბურთის სტუდენტური ლიგის მრავალგზის გამარჯვებული გახდა.
2016 წელს დაიწყო მოლაპარაკებები თსუ-სა და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ერთობლივი საკალათბურთო გუნდის ფორმირების შესახებ. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახალშექმნილი კლუბის პრეზიდენტად თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ხარჯავანიძე დაინიშნა, ხოლო სამწვრთნელო შტაბს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ჩაუდგა სათავეში.
2018 წელს თსუ-ჰიუნდაიმ ა-ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და სუპერ ლიგაში დაბრუნება შეძლო. 2011 წლის შემდეგ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა დაიბრუნა კუთვნილი ადგილი საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში.
დღესდღეობით თსუ-ის კალათბურთის გუნდის უმაღლესი ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯავანიძე და გიორგი შამათავაა, მწვრთნელი — ლექსო ლაფანაშვილი.
თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ხარჯავანიძე ამბობს, რომ გუნდის მენეჯმენტი მთლიანად შეცვლილია და გაძლიერებულია პროფესიონალი მოთამაშეებით. თსუ-ის გუნდში ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ცინცაძეც თამაშობენ.
სულ ცოტა ხნის წინ თსუ-ის გუნდმა სუპერლიგაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. ლიდერმა თსუ-მ აუტსაიდერი „დინამო“ 87:78 დაამარცხა.
ზოგადად, გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს კარგი მწვრთნელი და მაღალი დონის გამოცდილი კალათბურთელები. გუნდის წარმატება თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, რომელიც საერთო მიზნის მისაღწევად იბრძვის. მნიშვნელოვანია გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდეს, რომ ნებისმიერი როლი, რაგინდ უმნიშვნელოც უნდა გეჩვენებოდეს, მთელი გუნდის წარმატებისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. ეს ძალიან კარგად ესმით თსუ კალათბურთელთა გუნდის წევრებს, რომლებლებიც საერთო მიზნის მისაღწევად იბრძვიან. აქვე გუნდის წარმატებულ მოთამაშებს გაგაცნობთ და ამაში თვითონ დარწმუნდებით.
გიორგი ცინცაძე, თსუ-ის კალათბურთის გუნდის კაპიტანი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი წევრი, ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენი გიორგი ცინცაძე კარიერას სუპერლიგის გუნდ თსუ-ში აგრძელებს. 35 წლის კალათბურთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2021-2022 წლების სეზონში თსუ-ს ღირსებას დაიცავს.
გიორგი ცინცაძეს საკმაოდ გრძელი კარიერა აქვს. ცინცაძეს საფრანგეთში, უკრაინაში, ესტონეთში, რუსეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, ლიბანში, ყატარსა და საუდის არაბეთში უთამაშია.
გიორგი ცინცაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ აქტიურად ემზადება და იგი იქნება ეროვნული გუნდის შეკრებაზე, რომელიც მიმდინარე ზაფხულშია დაგეგმილი. ის თამაშობდა შემდეგ გუნდებში: „აკადემია“ (საქართველო), „ბასკო“ (საქართველო), ცსკა (რუსეთი), „სამარა“ (რუსეთი), „ურალ გრეიტი“ (რუსეთი), „დინამო“ (რუსეთი), „ტარტუ როკი“ (ესტონეთი), „ტრიკალა“ (საბერძნეთი), „დონეცკი“ (უკრაინა), „სოპოტი“ (პოლონეთი), „ოლიმპი“ (საქართველო), „ბუდიველნიკი“ (უკრაინა), „შამპვილი“ (ლიბანი), „სკოპიე“ (ჩ. მაკედონია), „შსს აკადემია“ (საქართველო), „გრაველინი“ (საფრანგეთი), „რუენი“ (საფრანგეთი), „ქუთაისი“ (საქართველო), „ალ შამალი“ (ყატარი). ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ გუნდებს, რომლებშიც ცინცაძეს უთამაშია და ტიტულებს, რომელიც ქართველ გამთამაშებელს აქვს მოგებული. მისი მიღწევების რუკა საკმაოდ შთამბეჭდავია: რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2017), ლიბანის ჩემპიონი (2014), საქართველოს ჩემპიონი (2016), ყატარის ჩემპიონი (2019).
გიორგი 1986 წელს არის დაბადებული და საკალათბურთო კარიერა 16 წლიდან დაიწყო. თსუ საკალათბურთო გუნდს იგი 2021-2022 წლების სეზონის დაწყების წინ შემოუერთდა. „ეს გადაწყვეტილება გუნდის დიდი მიზნების და კარგი საკალათბურთო ოჯახის გამო მივიღე!“ — ამბობს გიორგი, ვისთვისაც კალათბური ყველაფერია, საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. 5 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონია და რაც გიორგისთვის არანაკლებ საამაყოა -ეროვნულ ნაკრებში 180-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
გუნდის კაპიტნობა მისთვის არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე კარგად თამაშობდე: „ეს ის საპატიო წოდებაა, რომელიც გავალდებულებს იყო მაგალითი გუნდელებისთვის როგორც სპორტულ სამყაროში, ასევე მის მიღმაც..“
გუნდის კაპიტანი გუნდის წარმატების ფორმულად ასახელებს ატმოსფეროს, რომელიც გუნდში სუფევს: „დიდი-პატარა, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა, ექიმები — ყველანი ერთი მიზნისთვის ვართ, ეს გამარჯვებაა. შრომა, ნებისყოფა, გამართლება — ალბათ ესაა წარმატების ფორმულა. პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ეს არ უნდა იყოს ყურების ჩამოყრის მიზეზი. როცა რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოვა!
კითხვაზე — კალათბურთის გარდა საკუთარი თავის რეალიზებას კიდევ რა მიმართულებით აპირებს, — ასე გვპასუხობს: მთელი ჩემი ცხოვრება კალათბურთანაა დაკავშირებული და მინდა, რაღაც განხრით, თავი ისევ კალათბურთს დავუკავშირო, როდესაც გუნდში თამაშს დავამთავრებ...“ — მანამდე კი, გუნდის კაპიტანი მორიგი წარმატებების ისტორიის მოლოდინშია.
მიხეილ ბერიშვილი, თსუ-ის კალათბურთის გუნდის ვიცე-კაპიტანი
მიხეილ ბერიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრია, რომელიც გასული 3 წელი საზღვარგარეთ ასპარეზობდა, მომავალ 2021-2022 წლების სეზონს ის სუპერლიგის კლუბში გაატარებს.
ბერიშვილის კარიერა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში 2004 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მან არაერთი უცხოური და ქართული კლუბი გამოიცვალა, მოიგო ბევრი ტიტული და წლეულს კვლავ სუპერლიგას დაუბრუნდა.
სანაკრებო კარიერიდან აღსანიშნავია 2006 წელი, როცა ბერიშვილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის B დივიზიონი მოიგო და უძლიერესთა შორის ადგილი მოიპოვა. მიხეილ ბერიშვილს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები, როცა ჩვენმა გუნდმა ლიეტუვა და ისრაელი დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ბერიშვილს საქართველოში თითქმის ყველა ტიტული აქვს მოგებული. ის გახლავთ საქართველოს სამგზის ჩემპიონი. პირველად სუპერლიგა 2015 წელს შსს-აკადემიაში ყოფნისას მოიგო, ხოლო მომდევნო ტიტულები, 2017 და 2018 წლებში, თბილისის დინამოს მაისურით მოიპოვა.
ბერიშვილს 4-ჯერ აქვს ნათამაშები სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში: 2008, 2011, 2017 და 2018 წლებში. 2017-ში ის ოლ სტარის MVP გახდა. მას მთლიანობაში სუპერლიგის 6 გუნდში უთამაშია: თსუ, აგრარული უნივერსიტეტი, არმია, ოლიმპი, შსს-აკადემია და დინამო.
საზღვარგარეთული კარიერა მიხეილ ბერიშვილისთვის 2008-2009 წლების სეზონში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მისი ნბა-ს განვითარების ლიგის (D-L ეაგუე) დრაფტზე არჩევა. იგი „ტოლსა 66“-მა დრაფტზე აიყვანა, თუმცა ბერიშვილი ამ გუნდში დიდხანს არ გაჩერებულა და, სუპერლიგის გუნდ „აგრარულ უნივერსიტეტში“ დაბრუნებისა და რეგულარული ჩემპიონატის დახურვის შემდეგ, კონტრაქტი ესპანურ გუნდ „პრატ ხუვენტუდთან“ გააფორმა. მიხეილ ბერიშვილმა ესპანური კარიერა 2009-2010 წლების სეზონშიც გააგრძელა და 12.3 ქულით კლუბ „არიდანეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ბერიშვილს კიდევ 2 უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები. 2014-2015 წლებში ის სლოვენიის უმაღლესი ლიგის გუნდ „ზლატოროგის“ ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო 3 სეზონი კატარის კლუბ „ალ შამალში“ გაატარა, სადაც გუნდის ლიდერი იყო და 2019-2020 წლებში ამ ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.
მიხეილ ბერიშვილმა კალათბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, ამ ასაკში გააზრებული არ ჰქონდა, რომ კალათბურთი თავისი პირველი და ძირითადი საქმე გახდებოდა. თუმცა ბავშვობიდან ნებისმიერ საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ცდილობდა — მაქსიმალურად კარგ და წარმატებულ მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო.
პირველი წარმატებული პერიოდი კლუბ „აკადემიას“ უკავშირდება. „კლუბთან ერთად იტალიაში წავედი. ტურნირი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, რამოდენიმე უცხოური კლუბიდან შემოთავაზება მივიღე, რომლებსაც ჩემთან თანამშრომლობა სურდათ. მაგრამ, იმ მომენტში გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოში დავრჩენილიყავი. ზოგადად, არ მიყვარს ერთი კლუბის ან ერთი თამაშის გამოყოფა, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ეტაპზე რაღაც ახალს ვსწავლობდი და გამოცდილებას ვიღებდი. საჭირო იყო ის გზა გამევლო, რაც დღემდე გამოვიარე“, — აცხადებს გიორგი, ვისთვისაც კალათბურთი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მიხეილისთვის ყველა მოგებული თამაში, მედალი და ტიტული ძვირფასია, რადგან ამ ყველაფრის მისაღწევად ძალიან ბევრი შრომა გასწია. „განსაკუთრებით დიდ წარმატებად მივიჩნევ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, განსასკუთრებული გამარჯვებებიც სწორედ ჩემი ქვეყნის სახელით მოგებული მატჩებია“, — სიამაყით აცხადებს ის და თვლის, რომ ეფექტურობას არანაკლებ განსაზღვრავს შენივე დამოკიდებულება, განწყობა, ფსიქოლოგიური მზაობა საქმის მიმართ.
„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდის წარმატების საწინდარი არის ერთობა და გვერდში დგომა. ვერანაირი ფიზიკური მონაცემები და გამჭრიახი გონება ვერ დაგეხმარება, თუ იქნები ეგოისტი და ითამაშებ მხოლოდ შენი სტატისტიკისთვის. კარგ მოთამაშეს შეუძლია მოიგოს თამაში, მაგრამ ჩემპიონატს იგებს გუნდი. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და იქ ვარ, სადაც ეს ყველაფერი არის“, — ამბობს მიხეილი, რომელიც არც სპორტულ დაბრკოლებებს უშინდება. „ჩემი რჩევა იქნება, რომ არასოდეს დანებდეთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე. სპორტსმენს განსაკუთრებით სჭირდება დაბალანსებულობა და მყარი ნერვები, რადგან ყოველთვის ვერ მოიგებ“, — აღნიშნავს მიხეილი, რომელიც თვლის, რომ ფიზიკურ მომზადებასა და ვარჯიშის მნიშვნელობაზე საუბარი, უბრალოდ, უხერხულია. მათ გარეშე არაფერი გამოვა.
„ჩემ თავს ბევრი მიმართულებით ვხედავ, ვფიქრობ, ადამიანი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს და ახალ გამოწვევებს უსახავდეს საკუთარ თავს. მომავალში რას გავაკეთებ და როგორ, ამაზე საუბარი არ მიყვარს. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი და გეგმებიც თსუ-ს უკავშირდება. როგორც იცით, ჩემპიონატი უფრო და უფრო დაძაბულ ფაზაში გადადის, შესაბამისად, სრულად კონცენტრირებული ვარ გუნდზე“, — ამბობს მიხეილი, რომელსაც თსუ-სთან საკუთარი ისტორია აკავშირებს. „კარიერა უნივერსიტეტის გუნდში დავიწყე, თსუ-ში მოვიგე ჩემი პირველი ტიტული დიდ გუნდებში – საქართველოს თასი. თსუ-ში ვთამაშობდი 2010-2011 წლების სეზონშიც და ამ კლუბთან მხოლოდ დადებითი ემოცია მაკავშირებს“, — აღნიშნავს მიხეილი, რომელიც დიდი კალათბურთის ორბიტაზე კიდევ მრავალ წარმატებას მიაღწევს.