ნატო ობოლაძე
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება 5195 აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან 2253 სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებას ფლობს, რაც საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს 10 საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, აღნიშნულ მიმართულებებზე 1046 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას. თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტმა წელს 113-ით მეტი სტუდენტი მიიღო. სწავლება დისტანციურ რეჟიმში 20 სექტემბერს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, 27 სექტემბერს კი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მედიცინის ფაკულტეტი, რომელზეც საწავლების გარკვეული კომპონენტები არადისტანციური ფორმით განახლდება.
„წელს პირველად, შექნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პირველსემესტრელთა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღება წარმოებდა დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. როგორც აღვნიშნე, დოკუმენტაციის ატვირთვა და გადმოგზავნა ხდებოდა ელექტრონულად — lms.tsu.ge-ს პლატფორმის მეშვეობით. ხსენებული სიახლის თაობაზე განთავსდა ინფორმაცია და ინსტრუქცია (მათ შორის, ვიდეო ინსტრუქცია), როგორც თსუ-ის ვებ გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში, რათა პირველსემესტრელებს მაქსიმალურად გამარტივებოდათ ხელშეკრულების გაფორმებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის პროცესი. აღსანიშნავია, რომ პირველსემესტრელთა უდიდესმა ნაწილმა სწორედ ამ ფორმით წარმოადგინა დოკუმენტაცია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის პროცესში პირველსემესტრელს შეექმნებოდა დაბრკოლება/სირთულე, ყველას შეეძლო მიემართა შესაბამისი ფაკულტეტისთვის, სადაც მათ უწევდნენ საჭირო დახმარებას“, — განმარტა თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა შოთა ფოთოლაშვილმა.