26 მაისი საქართვველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღემ საუკუნის წინ საქართველო განვითარების ახალ გზაზე გადაიყვანა და რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, სრულიად განსხვავებულ ევროპული ღირებულების ქვეყანად ჩამოყალიბდებოდა. სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესის 70-წლიანი წყვეტა 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა — საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა და უკვე 30 წელია, ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას.
რის გაკეთება შევძელით და რას ვერ მივაღწიეთ, რამდენად შესრულდა ის იდეალები, რაც 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტშია მოცემული, ამ საკითხებზე გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეციერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეციერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე:
„დამოუკიდებლობის 1028 დღიდან“ თანამედროვეობამდე
საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, მაგრამ ეს თარიღი 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის რეალობასაც ეკუთვნის.
1918 წლის 26 მაისი, ანუ საუკუნის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობა იყო ქართველი ხალხის 117–წლიანი ბრძოლის შედეგი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ 1801 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო.
ამ დაპრობას რამდენიმე დიდი აჯანყება მოჰყვა – 1804 წლის, 1812 წლის, 1819 წლის აჯანყებები, 1832 წლის შეთქმულება და სხვა. თუმცა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხოლოდ დიდი აჯანყებები არ იგულისხმება, აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მშვიდობიანი პერიოდები, როცა მიზანმიმართულად ხდებოდა დამოუკიდებლობის იდეის გამყარება. მაგალითად, 1860-იან წლებში მოვიდა თაობა, რომელსაც ჩვენ „თერგდალეულებს“ ვეძახით. მათი მოძრაობა, მათი მშვიდობიანი ბრძოლა ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების აღდგენისა და ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ „მშვიდობიან“ პერიოდს მოჰყვა გაზეთების დაარსება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა, ბანკის დაარსება... ეს პროცესები, რაც ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ ერთ მიზანს ისახავდა – ქართველი ხალხი მომზადებულიყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პოლიტიკური ეტაპისთვის და ეს მართლაც ასე მოხდა. 60-იანი წლების თაობის მემკვიდრეობაზე აღზრდილი შემდგომი თაობები, 70-იანელები, 80-იანელები და 90-იანელები გადავიდნენ ბრძოლის პოლიტიკურ ეტაპზე. მე–19 საუკუნის 90-იანი წლებიდან უკვე იწყება პოლიტიკური ბრძოლა. რას გულისხმობს ეს? ამ დროს საქართველოში ჩამოყალიბდა არაერთი პოლიტიკური პარტია. მათ შორის პირველი იყო „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“, „სოციალ–ფედერლისტთა პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და სხვები, რაც იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პოლიტიკური დასაწყისი. შემდგომ ამას მოყვა 1905-07 წლების რევოლუცია, რომელიც გულისხმობდა ორ მომენტს:
1. ბრძოლას სოციალური თანასწორობისათვის;
2. ბრძოლას ეროვნული თავისუფლებისთვის;
ეს უზარმაზარი მოძრაობა, როგორც ვიცით, დამარცხდა, თუმცა ბრძოლა არ შეწყვეტილა და სწორედ ამ ბრძოლის შედეგი იყო უკვე 1917 წლის თებერვლის რევოლუცია, რომელსაც ბალტიისპირეთის, პოლონეთის, სომხეთის, ფინეთის და სხვე ქვეყნების მსგავსად საქართველოც შეუერთდა და რომელსაც ძალიან დიდი გამარჯვება მოჰყვა – დაემხო რუსული მონარქია, იმპერატორი გადადგა და რუსეთში დამყარდა ე.წ. დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენთან კი, ამიერკავკასიაში, გაუქმდა „მეფისნაცვლობა“ და შედგა ე.წ. ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი. ამ წელიწადნახევარში – 1917 წლის თებერვლიდან 1918 წლის მაისამდე – თითქმის ყოველკვირეულად იცვლებოდა მოვლენები საქართველოშიც და რუსეთშიც.
საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ნოე ჟორდანია. ეს ყველაფერი ცარიელ ადგილზე არ შექმნილა. ეროვნული საბჭოს სხდომები ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა და ეს იყო ეროვნული მოძრაობის მაკოორდინირებელი, ხელმძღვანელი ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მიჰყავდა დამოუკიდებლობისაკენ, რაც 1918 წლის 26 მაისს დასრულდა კიდეც გამარჯვებით. ამდენად, ეს თარიღი არ არის ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი, ეს იყო დღე, რომელმაც დააგვირგვინა თაობების ბრძოლა.
დამოუკიდებლობის ეს სამწლიანი პერიოდი არაერთმა მეცნიერმა შეისწავლა. მათ შორის, მე და ჩემმა სტუდენტებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით ცოტა ხნის წინ გამოვეცით წიგნი „დამოუკიდებლობის 1028 დღე“, რომელშიც შევიდა უნიკალური მასალები, რომლებიც სტუდენტებმა შეაგროვეს.
სოციალური წონასწორობა დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად
სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკა დაეცა. დამპყრობლის როლში რუსეთის მონარქიის, სპარსეთის, მონღოლების, ოსმალების თუ რომაელების შემდეგ, ამჯერად საბჭოთა რუსეთი მოგვევლინა. ეს დაპყრობა, საბჭოთა ბატონობის 70-წლიანი პერიოდი ცოტა განსხვავდებოდა ადრინდელი დაპყრობებისგან, რადგან დამპყრობელიც ცოტა სხვანაირი იყო, ტრადიციულს არ გავდა.
რა იგულისხმება ამაში?
ამაში იგულისხმება ის, რომ მართალია ეს რეჟიმი სისხლიანი, ტერორისტული და ტოტალიტარული იყო, მაგრამ მან შექმნა სოციალური წონასწორობის ქვეყანა. განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა ომის შემდგომ ხანაში. ეს ქვეყანა, ეს რეალობა და საქართველო, რომელიც შედიოდა ამ რეალობაში, იყო სოციალური წონასწორობის მქონე ქვეყანა, რადგან, სოციალური კლასები მეტ-ნაკლებად გათანასწორებულები იყვნენ. საზოგადოებამ დაკარგა ექსპლუატატორული ხასიათი.
შესაძლოა ამ წინადადებას მოწინაღმდეგეც აღმოაჩნდეს, მაგრამ მე ამ პოზიციაზე ვდგავარ და ვიზიარებ.
თუმცა, სოციალური წონასწორობის სამაგიეროდ ჩვენ გადავიხადეთ ფასი და დავკარგეთ ეროვნული თავისუფლება.
უნდა განვახორციელოთ 26 მაისის იდეალები
რა მოხდა 1991 წელს? ამ წელს (9 აპრილს) ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ მივიღეთ ეროვნული თავისუფლება. ამას რეფორმები მოჰყვა, დაიწყო ე.წ. დემოკრატიული პერიოდი, რომელიც გულისხმობდა კაპიტალისტური საზოგადოების რესტავრაციას და ისევ გაჩნდა სოციალური უთანასწორობის პერიოდი.
რა იგულისხმება ამაში?
ძალიან მარტივი რამ. ბოლო 30-წლეული არის სოციალური უთანასწორობის, სოციალური არაწონასწორობის პერიოდი. ჩვენ გვყავს მდიდრები, ჩვენ გვყავს ბიზნესმენები, გვყავს პოლიტიკური ელიტა და გვყავს სოციალურად უქონელი, ან ნაკლებად მქონებელი ხალხი. ამაზე ვინც თვალს ხუჭავს, ან ბრმა არის, ან რაღაცას ემსახურება. სამწუხაროდ, ასეთი სურათი მივიღეთ. ანუ დღეს საქართველოში დემოკრატია სრულყოფილად არ ხორციელდება. ასე რომ იყოს, ჩვენ ვიქნებოდით განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო და ყველანი ვიქნებოდით თანასწორები, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობითაც. ამას ვსაუბრობ ყველა ხელისუფლების მისამართით.
იყო ამ 30 წლის მანძილზე და არის დღეს თანასწორი ქართული საზოგადოება? მე არ მიმაჩნია, რომ ეს თანასწორი საზოგადოებაა. ამიტომ, პირველი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ დამოუკიდებლობა გავამყაროთ თანასწორთა დემოკრატიული საზოგადოების შექმნით. ეს ჩვენი ბრძოლის მიზანია და ამ ბრძოლაში ჩართული უნდა იყოს ხელისუფლებაც, სოციალური ჯგუფებიც და ყველა, ვისაც და რასაც ეწოდება ქართველი ერი, ქართველი ხალხი ან საქართველოს მოსახლეობა.
დამოუკიდებლობა უზარმაზარი მონაპოვარია, მაგრამ ჩვენ უნდა განვახორციელოთ 26 მაისის იდეალები, რაც ნიშნავს კეთილდღეობაში მყოფ, სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად განვითარებულ ხალხს.
მაია ტორაძე