თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. სტუდენტებს სისხლის ჩაბარება ორი დღის განმავლობაში 15-16 მარტს შეეძლოთ.
„ჩვენ გვინდოდა უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა. მშვიდობა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მხარდამჭერი აქციების პარალელურად გვინდოდა, ქმედითი ნაბიჯებიც გადაგვედგა. შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სახელით ჩაგვებარებინა სისხლი“, — აღნიშნავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნინო სიჭინავა.
„აქტივობა დამაკმაყოფილებელია, საკმაოდ ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა სისხლის გაღების სურვილი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უკრაინელი ერისთვის ამ გზით მხარდაჭერის გამოხატვა, რადგან ვხედავთ, თუ როგორ იღუპებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეები, იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად და იმისათვის, რომ მათი სიცოცხლე გადარჩეს, აუცილებელია სისხლის მიწოდება.
დონორის მიერ გაღებული სისხლის აღებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“, — ამბობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი საბა ბასილაძე.
სისხლის დონაციის ჰუმანიტარული აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნაციონალურ სისხლის ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა.
საქართველოში ეროვნული სისხლის მარაგის შესავსებად სტუდენტები „სისხლის ბანკთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.