მიმდინარე წელს 135 წელი შეუსრულდა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, საქართველოში ფიზიოლოგიის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელს ივანე ბერიტაშვილს. ამ თარიღთან დაკავშირებით, 10 იანვარს, ივანე ბერიტაშვილის დაბადების დღეს, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით გაიმართა ტრადიციული სხდომა — „ბერიტაშვილის კითხვანი“, რომელსაც ამავე საზოგადოების პრეზიდენტი და ივანე ბერიტაშვილის მოწაფე გურამ ბექაია უძღვებოდა.
„წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის შრომების ავტორი გახლდათ ბატონი ივანე. მას არასოდეს გამოუყენებია ავტორიტეტი და სხვათა ნაშრომის გვერდით არ მიუწერია საკუთარი სახელი და გვარი, მხოლოდ ინდივიდუალურ ნაშრომებს აწერდა ხელს. იგი გახლავთ ავტორი ფუნდამენტური შრომებისა, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემა. მათ შორის ერთ-ერთი წიგნი ნათარგმნია ჩინურ ენაზეც. მისი გარდაცვალებიდან აგერ უკვე 46 წელი გავიდა, ბერიტაშვილის იდეები კი დღესაც ცოცხლობს და მათ მსოფლიოს ბევრ ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში ავითარებენ ახალი მიმართულებებით. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ფიზიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში, შექმნა მთელი სკოლა და დატოვა მოწაფეები, რომლებმაც მის მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინეს“, — აღნიშნა მისმა მოწაფემ გურამ ბექაიამ.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი სამეცნიერო ფორუმები შესანიშნავი გზაა საქართველოში მეცნიერების ფუძემდებელთა მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად. „ფიზიოლოგთა საზოგადოებასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი აქვს. უკვე მერამდენე წელიწადია, აქ იმართება „ბერიტაშვილის კითხვანი“. ჩვენ უნდა დავაფასოთ დიდი წინაპრები, ის მეცნიერები, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე. მომავალი დგას ინტელექტზე და მეცნიერების განვითარებაზე. თუ იდეის განხორციელებაში სერიოზული შრომა და მომავალზე ფიქრი არაა ჩადებული და მას მეცნიერული საძირკველი არ ამაგრებს, ისე, თავისთავად, არანაირი სასწაული არ მოხდება. ასე მოფიქრალი ადამიანი იყო ივანე ბერიტაშვილი. თუ რამეა საერთაშორისო, ესაა მეცნიერება და, ყველაზე მაღალი დონე, რომელიც მიიღწევა ხოლმე ამ კუთხით, სწორედ ამ სკოლებზე დგას. მიხარია, რომ აუდიტორიაში ახალგაზრდებს ვხედავ, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ეს ტრადიციები, რასაც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ჩაუყარეს საფუძველი“, — აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, გურჯაანის მერი არჩილ ყანდაშვილი და ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი ესწრებოდნენ, გურამ ბექაიამ გაახმიანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს პერიოდში, გამსვლელი სესია მოეწყობა ვეჯინში, სადაც პატივი მიეგება ივანე ბერიტაშვილის ხსოვნას.
თარიღი:
26/02/2020