ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ZOOM-ის პლატფორმის დახმარებით ჩატარდა შეხვედრა „ტექნოლოგიების გადაცემის დღე — გარემო, წარმატების ისტორიები, მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები". აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ნაწილს „Experts.ai for Georgia“ პროექტისა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრა შედგებოდა ორი სესიისგან. პირველ ნაწილში, ქართული ეკოსისტემის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს ტექნოლოგიების გადაცემის, კომერციალიზაციის საკითხებისა და ინოვაციების პოტენციალი საქართველოში. ეს უკანასკნელი კი ამ ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში პასუხი გაეცა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: როგორ გავიტანოთ კვლევის იდეა ბაზარზე? ინოვაციის რომელი ძირითადი მიმართულებები არსებობს საქართველოში? როგორია წარმატების ისტორიები და ძირითადი გამოწვევები?
ჩეხმა პარტნიორებმა დამსწრეებს, ასევე, გაუზიარეს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს კვლევითი პროექტების შეფასება კომერციალიზაციის პროცესის დაწყებისთვის. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ინოვაციების სპეციალისტმა, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენელმა ხათუნა სანდროშვილმა. მან აღნიშნა, რომ მთავარი თემაა მოქალაქეების, ადამიანების ჩართულობა, რიგითი მოქალაქეებისთვის სერვისების შემუშავებაში მონაწილეობის მიღების ფორმების ძებნა. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან 2013 წლიდან თანამშრომლობენ: „2014 წელს ჩამოყალიბდა ინოვაციების ცენტრი, რომელიც მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც არა მხოლოდ კონკრეტული სამინისტროს ან საჯარო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, არამედ აკადემიური და კერძო სექტორიც, პირველ რიგში კი, ის ადამიანები, ვისთვისაც განკუთვნილია სერვისი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ როგორც მომხმარებლები, არამედ როგორც სერვისის შემქმნელები. ისინი, ასე ვთქვათ, ხდებიან და არიან პროცესის ნაწილები. ალბათ გსმენიათ 112-ში ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სპეციალური შესაძლებლობის სერვისის შექმნის შესახებ, რაც სკაიპით დაკავშირებას გულისხმობს. ეს იყო პირველი ინოვაციური მაგალითი იმისა, თუ როგორ შევძელით ასეთი შესაძლებლობის შექმნა მათთან ერთად. ამ პროდუქტმა 82 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიმსახურა ინოვაციების მიმართულებით“, — თქვა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ასეთი სივრცის შექმნის ინიციატივა წამოვიდა თვითონ სააგენტოსგან და ხაზი გაუსვა ამ ტიპის ღონისძიებებისა და კოლაბორაციების მნიშვნელობას. ინოვაციების სპეციალისტმა განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი პოზიტიური სვლებისა, აბსოლუტურად ნათელია, რომ სათანადო კვლევებისა და მტკიცებულებების არსებობის გარეშე ფართომასშტაბიანი სისტემური ცვლილებები შეუძლებელია. მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ რამდენად დაეხმარება ჩეხი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული პლატფორმა იმაში, რომ აქტიურად ჩართონ აკადემიური მიღწევები არა მხოლოდ საჯარო სექტორის განვითარებაში, არამედ კერძო სექტორშიც მოხდეს მათი ეფექტური ინტეგრაცია.
„როდესაც ამ თემატიკაზე სტუდენტებს გავესაუბრე, მათ მიპასუხეს, რომ ინოვაციების დანერგვა გარკვეული პატრიოტიზმიაო. ეს შეფასება მათი მხრიდან ძალიან საინტერესო იყო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ, რასაც ჩვენ ერთად გავაკეთებთ, სხვა ვერ გააკეთებს“, — დაამატა ხათუნა სანდროშვილმა.
მონაწილეებს მიესალმა UNICO.ai-ს აღმასრულებელი დირექტორი ვოიტეჩ ნოსეკი. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს მათთვის და ისინი ეცდებიან — ცენტრალური ევროპის გამოცდილება გაუზიარონ პარტნიორებს. „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს. ველი, რომ ჩამოვალთ საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ონლაინ-რეჟიმშიც ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), რადგან დაგვეხმარა ამ რეგიონში შემოსვლის პროცესში, სადაც საქართველო და სომხეთი ნამდვილად საინტერესო ქვეყნებს წარმოადგენენ. ჩვენ ვხედავთ დიდ ნაპრალს, თუ რა კეთდება უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო წრეებში და როგორ იყენებენ ამას ჩვეულებრივი მოქალაქეები. ამიტომ, ვეცდები, რომ ჩვენი ეს გამოცდილება გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ცოდნა, რომელიც გამოგადგებათ პრაქტიკაში. დღეისათვის ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მონაცემების დახმარებით უფრო მარტივად და შედეგიანად აითვისოთ ინტელექტუალური პოტენციალი“, — თქვა მან.
შეხვედრას ესწრებოდა და მოხსნებით გამოვიდა თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამ პროექტში ასეთი მონდომებით ჩართულობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ბიზნეს-კულტურის განვითარებას. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი თსუ-ის ჩართულობა საწყისი სტადიიდანვე. „2020 წლის დეკემბერში პირველად დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი და ჩვენთვის ეს იყო მიზნობრივი აქტივობა, ვინაიდან ის პირდაპირ ებმის უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელებას. მესამე მისია გულისხმობს, აღმასრულებლებთან და დამსაქმებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე, უნივერსიტეტის ჩართულობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და რეგიონული განვითარების მასტიმულირებელ აქტივობებში. სწორედ ამიტომ, როდესაც პროექტის ძირითადი მიზანი არის ქართულ და სომხურ მცირე და საშუალო ბიზნესში კვლევებისა და განვითარების პრაქტიკის დანერგვა, ეს პირდაპირ კავშირშია უნივერსიტეტის მესამე მისიასთან“, — თქვა ნინო ოკრიბელაშვილმა. რექტორის მოადგილის თქმით, 103 წლის უნივერსიტეტისთვის ეს აქტივობა იმითაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტექნოლოგიების გადაცემა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს შედეგს: „თუნდაც ჩვენმა საუკეთესო მკვლევარმა კარგი სტატია გამოაქვეყნოს, თუ მისი განვითარება მატერიალურ პროდუქტში არ მოხდა და საბოლოო მომხმარებელს არ მიეწოდა, ეს იქნება იდეად დარჩენილი კვლევა. ამიტომ, როცა ჩვენ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიდან ვიღებთ გარკვეულ გამოცდილებას, ეს გადის ტექნოლოგიებზეც“, – დასძინა მან.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების ექსპერტმა დავით ჩეჩელაშვილმა, BioChimPharm-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა, მსოფლიო ბანკის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტის კონსულტანტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან ჯიოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოხსენების შემდეგ დაისმოდა კითხვები, რამაც შეხვედრა მეტად პროდუქტიული, პრაქტიკული და საინტერესო გახადა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება ხელსაყრელი ინსტიტუციური და კულტურული გარემო და რა შეიძლება იყოს ძირითადი გამოწვევები.
მეორე სესიის ფარგლებში ჩატარდა მოკლე ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც Experts.ai პლატფორმის აღმასრულებელი, ტექნიკური და ტექნოლოგიების დანერგვის დირექტორებმა წარმოადგინეს პლატფორმაზე ატვირთული ქართული მონაცემები (პროექტები, პუბლიკაციები). შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განიხილეს ინოვაციური კვლევითი იდეის ბიზნეს სექტორში ინტეგრირების მნიშვნელობა. UNICO.ai–ს ტექნოლოგიების დანერგვის დირექტორმა იური ნავრატილმა ისაუბრა და პასუხი გასცა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: იცნობთ თქვენი ტექნოლოგიის პოტენციურ ბაზარს? როგორ უნდა შეამჩნიონ კომპანიებმა თქვენი ტექნოლოგია სხვა ალტერნატივებს შორის? მან ასე გააანალიზა შეფასების პროცესისა და შეფასების კრიტერიუმების წარდგენის გადამწყვეტი მნიშვნელობა ტექნოლოგიის წარმატებული გადაცემისთვის; ხოლო, დასასრულ, გამოყო კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ იდეა წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ღონისძიების ბოლოს დაისახა სამომავლო მიზნები და შემუშავდა გაზიარებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გზები.
მოამზადეს მაია ტორაძემ
ლიანა მარქარიანმა