მაია ტორაძე
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრმა გამოსაცემად მოამზადა სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კრებული — „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია“, რომელიც დღის სინათლს მალე იხილავს.
ჩვენი გაზეთი ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსებული პროექტის – „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ – ფარგლებში, თსუ-ში 24 თებერვალს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“, რომელსაც ორგანიზება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრმა გაუწია. მაშინ ვწერდით, რომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მულტიმედია ცენტრისა და პროექტის ხელმძღვანელი მარინა სალუქვაძე, ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა შამილიშვილი და ასისტენტ პროფესორი ნათია სვანიძე, გადაწყვიტა, საუკეთესო მოხსენებები ერთ წიგნად აეკინძა და სტუდენტური შრომების კრებული გამოეცა. ექვსთვიანი მუშაობის შედეგად, მედიის კვლევით დაინტერესებულმა საზოგადოებამ საინტერესო ნაშრომების კრებული მიიღო.
კრებულში შესულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტთა ის ნაშრომები, რომლებიც საორგანიზაციო კომიტეტმა შეარჩია.
„ახალგაზრდა მკვლევრების მიერ განხილული თემატიკა, რელევანტური კვლევის მეთოდებით გაანალიზებული მედიაკონტენტი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ წინაშეა საინტერესო, მრავალაქცენტიანი, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ მოგვარებაზე ორიენტირებული ნაშრომები. მათში ნათლად ჩანს ავტორთა უნარები და სამკვლევრო პოტენციალი. ცხადია, კრიტიკოსის თვალს არც ხარვეზები დარჩება შეუმჩნეველი, მაგრამ მთავარი მაინც ახლგაზრდების მოწადინებაა, მათი მცდელობა — გამოიკვლიონ ქართული მედია გარემო, ინტერდისციპლინურ ჭრილში წარმოაჩინონ მათ წინაშე არსებული პრობლემები და ამით შექმნან კარგი პრეცენდენტი სამომავლო, უფრო ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული კვლევისთვის“, – ნათქვამია კრებულის წინასიტყვაობაში.
კრებულში შესულია 12 ნაშრომი: „ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პრაქტიკა საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში“ (თამთა ჩხაიძე, თსუ); „ყალბი გვერდი, როგორც ყალბი ინფორმაციის გავრცელების საშუალება“ (ლიანა მარქარიანი, თსუ); „ინფოდემია COVID-19 — ახალი ამბების მედიაველში: რუსული დეზინფორმაციული ნარატივის სპეციფიკა და დამახასიათებელი ტენდენციები“ (თეკლა ადამია, თსუ); „ყალბი ამბები სამხედრო და სამედიცინო სფეროში“ (ეკა გიგაური, თსუ); „მედიაწიგნიერება – პრობლემის გადაჭრის გზების ძიება“ (მარიამ მარტიაშვილი, ხატია მიკრტიჩიანი, გსსუ); „პანდემია და მასთან დაკავშირებული მითები“ (დიმიტრი შავლოხაშვილი, თსუ); „დეზინფორმაციის გავრცელება ქართულ სოციალურ მედიაში“ (მარიამ ქარქაშაძე, თსუ); „რუსეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ“ (ხატია ხაბაშვილი, მედეა პავლიაშვილი, თეიმურაზ კოპაძე, გსსუ); „სოციალური ქსელები, როგორც ახალი ამბების წყარო და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“ (თამარ ნიკოლაიშვილი, აწსუ); „დეზინფორმაციული ინტერნეტსივრცე კოვიდ-19-ის პრობლემათა გაშუქებისას“ (მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე, თსუ); „მითები და საზოგადოებრივი აზრი პანდემიის დროს“ (დათო დოლაბერიძე, თსუ); „ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღაი“ (მარიამ ფრანგიშვილი, სოფიკო ტაბატაძე, თსუ).
მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მარინა სალუქვაძის თქმით, აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო და უნივერსიტეტისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა, რაც, პირველ რიგში, ცენტრის გადაიარაღებას და მედიწიგნიერების კუთხით სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ეს კრებულიც ამის დასტურია.