სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე
ინტერდისციპლინური კვლევების სექციაში გაიმარჯვა მაკა გოგილაშვილმა თემით: „სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის ეფექტიანობის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე“. კვლევის მიზანი იყო — შესწავლილიყო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა სოფლის მეურნეობის სექტორში უარყოფითი ბუნებრივი მოვლენების მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო აგრარული რესურებით მდიდარი ქვეყანაა და მისი შემოსავლის დიდი პროცენტული წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის. ეს ის დარგია, რომელსაც არსებითი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
მომხსენებლის აზრით, სოფლის მეურნეობას და სურსათის წარმოებას არ შეიძლება მეორეხარისხოვანი როლი დაეკისროს, რამდენადაც საქართველოში სიღარიბის დაძლევა ამ დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია, თუმცა სკეპტიციზმი მაინც იბადება, როდესაც დგება საკითხი — თუ რა რესურსი და ინვესტიციები სჭირდება დარგის კრიზისიდან გამოყვანას; რამდენად რეალურია, დღევანდელი თავისუფალი გლობალური კონკურენციის პირობებში, ამ დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ მის განვითარებაში, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ, საქართველო მიდრეკილია უარყოფითი ბუნებრივი მოვლენებისადმი, რომლებშიც ვლინდება 12 ბუნებრივი საშიშროება (გეოსაშიშროებები: მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი; მეტეოსაშიშროებები: სეტყვა, გრიგალური ქარი, გვალვა, ელჭექი, ნისლი, წაყინვა, ლიპყინული; ჰიდროსაშიშროებები: წყალდიდობა, წყალმოვარდნა).
მოხსენებაში ნათქვამია, რომ კატასტროფის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება საშუალო და მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს. ბუნებრივი კატასტროფების დამანგრეველი შედეგები, ანუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალი, რომელიც ისაზღვრება დაღუპულთა რაოდენობითა და მატერიალური დანაკარგებით, ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2013). მაკა გოგილაშვილის თქმით, საჭიროა ქვეყანამ პრიორიტეტად დაისახოს იმ გზების გამოყენება, რომელიც უარყოფითი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზარალის შემცირებას მოემსახურება, რათა თავიდან ავიცილოთ სოფლების დაცლა, გაღატაკებული მოსახლეობა და დანგრეული ეკონომიკა.
თურქეთისა და სირიელი ქურთების კონფლიქტის გაშუქება ქართულ მედიასივრცეში
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სექციაში გაიმარჯვა მოხსენებამ „თურქეთისა და სირიელი ქურთების კონფლიქტის გაშუქება ქართულ მედიასივრცეში“, რომელიც ბაკალავრიატის სტუდენტებმა მარიამ ფრანგიშვილმა და სოფიკო ტაბატაძემ წარადგინეს.
საკონფერენციო ნაშრომი შეეხებოდა სირიელ ქურთებსა და თურქეთს შორის 2019 წლის ოქტომბრის თვეში დაწყებული კონფლიქტის გაშუქებას ქართულ მედიასივრცეში, „იმედისა“ და „მთავარი არხის“ მიხედვით. მოხსენებაში მიმოიხილეს არსებული კონფლიქტის წინაპირობები, კერძოდ, გაანალიზებული იყო თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც მათ სახელმწიფოში აკრძალულ და ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული ქურთების სახალხო პარტიის სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც სირიაში ქურთების მიერ შექმნილი სახალხო თავდაცვის დანაყოფს წარმოადგენს. აღნიშნული პარტია 1984 წლიდან თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქურთების ავტონომიის შექმნისთვის იბრძვის. თურქეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სირიელი ქურთები, რომლებიც ცდილობენ სირიის შიგნით თავიანთი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორია შექმნან (როგორც ერაყის ქურთისტანი), იგივე ნაბიჯისკენ წაახალისებენ თურქ ქურთებს.
მომხსენებელთა აზრით, აღნიშნულ კონფლიქტს გარკვეული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, რადგან, პირველ რიგში, თურქეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოა, რომლის საგარეო პოლიტიკამ შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე გეოპოლიტიკური კუთხით.
მომხსენებლებმა საკვლევ ობიექტებად შეარჩიეს ქართულ მედიასივრცეში ორი მეტ-ნაკლებად განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია, კერძოდ, „იმედი“ და „მთავარი არხი“. კვლევის დაკვირვების ობიექტი იყო ზემოხსენებული არხების საინფორმაციო გამოშვებები („ქრონიკა“ — 11სთ. 14სთ. 17სთ. 20სთ. გამოშვებები; „მთავარი“ – 12სთ. 15სთ. 18სთ. 20სთ. გამოშვებები), ასევე, კვირის შემაჯამებელი გადაცემები, როგორებიცაა „იმედის კვირა“ და „პოსტ ფაქტუმი“.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო — მიკერძოებულია თუ არა ამ კონფლიქტის გაშუქება მათი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე. კვლევის სწორად წარმართვისთვის შემუშავდა საკვლევი კითხვები: რამდენად ინტენსიურად შუქდებოდა თურქეთისა და სირიელი ქურთების კონფლიქტი ზემოხსენებულ მედიასაშუალებებში? რა დრო ეთმობოდა საინფორმაციო ბადეში ამ კონფლიქტის გაშუქებას? რიგითობის მიხედვით, მერამდენე ადგილი ეკავა ახალი ამბების პროგრამაში სიუჟეტებს ამ კონფლიქტის შესახებ? რამდენად ობიექტურად იყო გაშუქებული კონფლიქტი კონკრეტულ ტელევიზიებში.
მომხსენებლებმა თვისებრივი კონტენტ-ანალიზის მეთოდით შეისწავლეს მედიანარატივი, რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით კი დადგინდა ამ მედიანარატივში გამოყენებული საკვანძო სიტყვების (ინტერვენცია, ტერორიზმი, თავდასხმა, კონფლიქტი, პროვოკაცია და ა.შ.) რაოდენობა.
კვლევაში თეორიულ ჩარჩოდ მოხმობილია დენიელ ჰალინისა და პაოლო მანჩნისეული პოლარიზებულ-პლურალისტური მედიამოდელი.
დაძაბული ურთიერთობები აშშ-სა და თურქეთს შორის და მისი გავლენა საქართველოზე
საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში გამარჯვებულად დასახელდა ბექა ირომაშვილი და ანა აბრამიძე თემით: „დაძაბული ურთიერთობები აშშ-სა და თურქეთს შორის და მისი გავლენა საქართველოზე“.
მოხსენების შესავალ ნაწილში მიმოხილულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის წინაპირობები და ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია 2016 წელს, როცა აშშ-მ თურქეთს ფეთჰიულა გიულენის გადაცემაზე უარი განუცხადა. თურქეთმა იმავე წელს ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბენსონი სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და გიულენთან კავშირში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა ამერიკული სანქციები, რომლის შედეგადაც თურქული ლირა ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა. თურქეთის პრეზიდენტმა „ეკონომიკური ომის“ საპასუხოდ ახალი პარტნიორების მოძიება და ახალი ბაზრების გახსნა დააანონსა. ორი ქვეყნის ურთიერთობები ჩიხში შევიდა მაშინ, როცა სირიაში მათი ინტერესები გადაიკვეთა — ვაშინგტონი მხარს უჭერს სირიის ქურთულ დაჯგუფებებს, რომლებიც ანკარას მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ქურთისტანის მუშათა პარტიას ეხმარებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც აშშ-თურქეთს შორის კრიზისის გაღრმავებას შეუწყო ხელი, თურქეთის მიერ რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ს-400-ის შეძენა იყო.
ნაშრომში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ხისტი პოზიციები მოქმედებს საქართველოზე, ქვეყანაზე, რომლისთვისაც აშშ მთავარი სტრატეგიული, ხოლო თურქეთი — ეკონომიკური პარტნიორი და, ასევე, ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც სტაბილური ურთიერთობები და დემარკირებული საზღვარი აქვს. კვლევის მიზანი იყო, განეხილათ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობის გამომწვევი მთავარი მიზეზები; დადგენილიყო — თუ რა გავლენა მოახდინა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე და რაში გამოიხატება ეს გავლენა.
მომხსენებელთა აზრით, აღნიშნული საკითხის მიმართ მზარდი ინტერესი რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, საუბარია საქართველოს ორ მნიშვნელოვან პარტნიორზე, რომლებზეც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტაბილურობა. მათი ინტერესები კი, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაშია. აქვე აღსანიშნავია თურქეთის, როგორც მეზობელი ქვეყნისა და მნიშვნელოვანი პარტნიორის, დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ამასთანავე თურქეთი ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანაა საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, თუმცა თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებულმა ოპერაციამ წარმოქმნა კითხვები ნატოში მის სტატუსთან მიმართებით.
ნაშრომში კვლევისთვის გამოიყენეს თვისებრივი მეთოდი, ემპირიული მეთოდი — დაკვირვება (ირიბი და გაშუალებული). ამ მეთოდების გამოყენებით პასუხი გაეცემა ნაშრომის მთავარ კითხვას, რომელიც შეეხება აშშ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობების გავლენას საქართველოზე.
მოსკოვისა და თბილისის ჩრდილოვანი გავლენები აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებაზე 1985-1991 წლებში და მისი გავლენა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
რაც შეეხება მეოთხე სექციას, აქ ორმა მოხსენებამ: „თუშეთის მდგრადი განვითარების ტენდენციები მთის კანონის ამოქმედების კვალდაკვალ“ (ბაჩო ხუროშვილი და ელეონორა ჭანია) და „მოსკოვისა და თბილისის ჩრდილოვანი გავლენები აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებაზე 1985-1991 წლებში და მისი გავლენა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე“ (ნიკა მუყასაშვილი და დაჩი ჩიტაია) გაიმარჯვა.
დაჩი ჩიტაიასა და ნიკა მუყასაშვილის მოხსენებაში — „მოსკოვისა და თბილისის ჩრდილოვანი გავლენები აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებაზე 1985-1991 წლებში და მისი გავლენა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე“ — ყურადღება გამახვილდა დღევანდელი პოლიტიკური მეცნიერებების გამოწვევებზე, რომელიც, ძირითადად, მიმართულია ევროპაცენტრისტული თუ გლობალური საკითხების წინ წამოწევაზე, რაც, საბოლოოდ, ეროვნულ საკითხებს უკანა ფონზე სწევს. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მეცნიერულად მიკარგულ საკითხს წარმოადგენს, საჭიროებს განახლებას, დისკურსების გადააზრებასა და პასუხების მიღებას.
ნაშრომში ნათქვამია: „გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დაწყებიდან საბჭოთა სივრცეში არსებული მასობრივი საზოგადოება, რომელიც დათბობის ურთიერთობებში შედიოდა დასავლეთთან და უჩნდებოდა კულტურული რომანტიზმის ნიშნები, ეტრფოდა დემოკრატიას. ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, დამოუკიდებელი აფხაზეთი კი მკვეთრად განიცდიდა საბჭოთა კავშირის დროს ცენტრისტული ძალაუფლების შედეგებს, რისი მიზანიც აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორება გახლდათ. მათ შორის, საინტერესოა არსებული თემის სამი კუთხით გაშლა. პირველი განათლებაა, რადგანაც განათლება აყალიბებს ინდივიდის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ორიენტაციებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტწილად დამოკიდებული იყო რუსულ ცენტრზე, რადგან აქ ასწავლიდნენ ისეთი პროფესორები, რომლებიც, ძირითადად, მოსკოვის ინტერესებს ატარებდნენ, მათ შორის, ალექსანდრ დუგინი და სხვა მრავალნი. მეორე თემა შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, სადაც თეორიულად უნდა მომხდარიყო ხალხის ხმის წარდგენა იმ სივრცეში, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკურად აფხაზებს, არამედ ქართველებსაც აერთიანებდა და ინტერკულტურულ სივრცეს წარმოადგენდა, სადაც ავტონომიური რესპუბლიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოდიოდა ხოლმე. მესამე საკითხი კი ძალოვან სტრუქტურებს შეეხება, რომლებიც იყვნენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის სტრუქტურები, რომლის დახმარებითაც ხდებოდა ცენზურის დაცვა, კონტროლის მოპოვება წესრიგზე და საზოგადოების ფიზიკური მართვა“.
კვლევაში გამოყენებულია კონტენტ ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუები კონკრეტულად იმ პირებისგან, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რაც მკვლევრებს პრობლემის ობიექტურად აღქმაში დაეხმარა.
მასალა მომზადებულია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით