გვესაუბრება თსუ-ის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე
„ახალ სასწავლო წელს ვხვდებით განახლებული, რეაკრედიტებული პროგრამებით, წარმატებით გავიარეთ აკრედიტაცია განათლების მეცნიერებების და ფსიქოლოგიის მიმართულებით. გვაქვს ახალი პროგრამები — განათლების მეცნიერებებში ახალი ინტეგრირებული სადოქტორო პროგრამა, რაც გულისხმობს ბათუმის, ქუთაისის, თელავის უნივერსიტეტებთან ერთობლივ სადოქტორო პროგრამას განათლების მეცნიერებებში. ასევე, აკრედიტაცია გაიარა ახალმა სამაგისტრო პროგრამამ — „კომუნიკაციების და გავლენების ფსიქოლოგია" და წელს გვაქვს მიღება ამ პროგრამაზე. ფაკულტეტი ახორციელებს 3 ძალიან საინტერესო ერაზმუსის პროგრამას, რასაც გავლენა ექნება არა მხოლოდ ფაკულტეტის სწავლა-სწავლების ხარისხზე, არამედ მთლიანად უნივერსიტეტზე. კერძოდ: „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში", რაც პირდაპირ ეხმიანება ონლაინ სწავლების თანამედროვე გამოწვევებს, ასევე, მედიასაშუალებების და ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში.
„ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" მეორე პროექტია, რომელიც მიმართულია დაწყებითი სკოლის მასწავლებლების გაძლიერებაზე ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინტერესო სილაბუსები და უკვე ორი კურსი შეტანილ იქნა 300 კრედიტიან მასწავლებლების მომზადების პროგრამაზე — „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში", „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია" და ამ სემესტრში დაიწყება პილოტირება. მესამე პროექტი — „ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უსდ-ებში" ასევე გლობალური მასშტაბის პროექტია, რომლის მიზანია სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ფსიქოლოგიურად მათი კარგად ყოფნის ხელშეწყობა. ეს პროექტი ძალიან დაეხმარება ფაკულტეტზე უკვე არსებულ ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრს და გაიწვრთნებიან სპეციალისტები, ვინც მოემსახურება სტუდენტების ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის საქმეს“.