სტატია ეძღვნება თსუ-ის სოციოლოგ სტუდენტს მაგდა რუხაძეს
2019 წლის დეკემბერში თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი მაგდა რუხაძე სოციოლოგიური ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის გამო საუკეთესო მეცნიერ სტუდენტად დაასახელა. მისი კვლევა — „ადრეული ქორწინება, როგორც ბარიერი ახალგაზრდების განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის“ — ქ. რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იყო წარდგენილი. ამ კვლევასთან ერთად მაგდა რუხაძის მეორე ნაშრომიც — „ქართველი ახალგაზრდების მიერ სხეულის ხატის აღქმა“ — ინგლისურენოვან რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა. სწორედ მაშინ გაიცნო საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მაგდა უნივერსიტეტის მთავარი ფეისბუქგვერდის საშუალებით.
მას შემდეგ, რაც მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცხოვრების ახალ დღის წესრიგზე გადავიდა და საზოგადოების დიდი ნაწილი, ვირუსის გავრცელების შიშის გამო, სახლში ჩაიკეტა, სოციოლოგიის მიმართულების წარმატებულ სტუდენტს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ სახელით დავუკავშირდი. ჩემი თხოვნა იყო — მაგდას პატარა სოციალოგიური კვლევა ჩაეტარებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქტივობებით არიან დაკავებულები თსუ-ის სტუდენტები საკარანტინე პირობებში? როგორ ჩაერთვნენ ისინი დისტანციური სწავლის პროცესში? რას აკეთებენ სახლში და რა უჭირთ, როგორ ერთობიან? მაგდა რუხაძემ თხოვნა უშურველად შეგვისრულა და გამოგვიგზავნა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
„საკარანტინე პირობების სტუდენტებზე ზეგავლენის დასადგენად შევადგინე კვლევის ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 50 სტუდენტთან ჩავატარე ონლაინ გამოკითხვა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სტუდენტები განიცდიან ინტერაქციის ნაკლებობას, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ გამოუჩნდათ ბევრი თავისუფალი დრო და შეუძლიათ ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენონ სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად. სტუდენტების უმეტესობისთვის ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლა არ აღმოჩნდა ძალიან რთული, თუმცა ეს მათთვის სიახლეს წარმოადგენდა. მათივე თქმით, თავიდან გაუჭირდათ სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენდა პროგრამის არასათანადო ფუნქციონირება (გადატვირთვა), რის გამოც ხარვეზები არის სალექციო მასალის აღქმის მხრივ. ამის გამო, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ აუდიტორიებში ლექციების ან სემინარების ჩატარება ბევრად ეფექტიანი იყო. სტუდენტები სასწავლო მასალებს ონლაინ ლექციების, ვიდეო ჩანაწერებისა და სალექციო მასალების კომბინაციის საშუალებით იღებენ. ძირითადად სარგებლობენ შემდეგი პლატფორმებით: LMS, E-learning და Zoom. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ლექტორები სალექცო კვირების მიხედვით პრაქტიკულ დავალებებს დროულად აგზავნიან, ძირითადად, LMS-ის საშუალებით; დისკუსია შეძლებისდაგვარად ტარდება Zoom-ის საშუალებით, ხოლო რეკომენდაციებს აქტიურად გასცემენ სოციალური ქსელებისა და უნივერსიტეტის ონლაინ ფოსტის საშუალებით. სტუდენტები თვლიან, რომ ონლაინ ლექციებზე ბევრად ნაკლები დრო ეხარჯებათ, რადგანაც არ უწევთ გადაადგილება სატრანსპორტო საშულებებით; ამასთან, Zoom-ში შედარებით ნაკლები დროა განსაზღვრული ვიდეო შეხვედრისთვის. სტუდენტებისთვის, მეტნაკლებად, მისაღებია ონლაინ სწავლება, მითუმეტეს, მსოფლიოში არსებული მოვლენების გამო, თუმცა უპირატესობას პირისპირ კომუნიკაციასა და სააუდიტორიო მეცადინეობებს ანიჭებენ. სასწავლო პროცესის გარდა, სტუდენტები დაკავებულები არიან სხვადასხვა ჰობით, ამასთან ტექნოლოგიებს მეგობრებთან თუ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. ისინი, ძირითადად, კითხულობენ სხვადასხვა ლიტერატურას (მხატვრული, პროფესიული და ა.შ.), უყურებენ ფილმებს, ცდილობენ შეისწავლონ ენები საიტების გამოყენებით, ზოგიერთმა შეძლო დრო დაეთმო კულინარიისთვის, რასაც აქამდე ვერ ახერხებდა. ასევე, სტუდენტების ნაწილი ცდილობს დაკავდეს ფიზიკური აქტივობებით“, — ასეთი გახლავთ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტის მაგდა რუხაძის მიერ მოწოდებული მცირედი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები.
პირადად მაგდას სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტების მიერ მიწოდებული ონლაინ სასწავლო კურსები არაერთხელ გაუვლია, მაგრამ ონლაინ სწავლების აქტიურად გამოყენების გამოცდილება აქამდე არ ჰქონდა. „ყველაფრის მიუხედავად, ადვილად შევეგუე არსებულ სიტუაციას. ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს, მეც მქონდა გარკვეული პროლემები Zoom-ის ტექნიკურ შეფერხებებთან დაკავშირებით, დრო დასჭირდა ბაზების გამართვასაც, მაგრამ ვთვლი, რომ ფაკულტეტის კოორდინატორებმა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოგვაწოდეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, — ამბობს მაგდა.
წარმატება მოიტანა ნდობამ და სრულიად მინდობამ მისთვის საყვარელი პროფესორებისადმი. ამ დამოკიდებულებას მაგდა არ მალავს და აღნიშნავს, რომ სოციოლოგიის მიმართულებაზე ჩარიცხვამ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა. „მათგან შევიძინე გამოცდილება და ცოდნა სოციოლოგიის, სოციალური თეორიების, მეცნიერების, კვლევის, ეთიკის, თანამედროვე ტენდენციების შესახებ. მომეცა წვდომა სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაზე. ამასთან, გამოვიმუშავე და გავიუმჯობესე პრაქტიკული, ანალიტიკური, საჯარო გამოსვლის უნარები“, — აცხადებს 2019 წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელებული სტუდენტი.
სხვა უნარი — ფერების განსხვავებული აღქმა
ის, რომ ნიჭიერი ადამიანის ყოველი საქციელი გადამდებია, ამ მოტივით ვირჩევთ მაგდას და გვინდა, რომ სხვა სტუდენტებმაც გამოავლინონ დაფარული თუ მათთვისვე ხილული ნიჭი — ამის დანახვა კი ჩვენი მოვალეობაა, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება „აღმოჩენა“, პიროვნული სევდის თუ სიხარულის თანაზიარება, წარმატებისთვის ჯილდო, თუნდაც ეს სიტყვით იყოს გამოხატული. ნათქვამია, „წარმატებაც ისეთივე ტვირთია, როგორც ხორციო“, რადგან ადამიანთა მოდგმას ჰყავს ზოგიც უნიჭო და შურით აღსავსე „ცხოვრების მონები“, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს რეალობა, რასაც ვერ შეცვლი... ამიტომაც, წარმატების გზაზე ვიღაც გეღობება, გავიწროებს, გმალავს და შენც ზიანდები... სწორედ „სხვათა და სხვათა“ მსგავსი მიდგომის საწინააღმდეგო კამპანიის მომხრე ვარ, მით უფრო ახალგაზრდების მისამართით, რომლებიც ახლა იწყებენ ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის რეალურ, არც თუ ისე უეკლო სამყაროში... გვინდა, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით შევეხიდოთ მათ — არ იგრძნონ ცხოვრების თანმდევი იმედგაცრუებები... ეს მონოლოგი მოიტანა მაგდას სხვა კუთხით აღმოჩენამ, გარდა იმისა, რომ მასზე, როგორც წარმატებულ სტუდენტზე, უკვე ვისაუბრეთ... კიდევ რა ინტერესები აქვს? რას მისდევს? — ამ კითხვებმა გაგვიყვანა მხატვარზე, მელომანზე, მოწესრიგებულ ახალგაზრდაზე, რომელიც თურმე თავისი ხელით სამკაულებსაც აკეთებს.
ხატვა 5 წლიდან დაიწყო. დადიოდა ხატვის წრეზე — „ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო გალერეაში“. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენაში. „ბავშვობიდან ფერების განსხვავებული აღქმა მქონდა, ვეცნობოდი სხვადასხვა ენციკლოპედიებს ხელოვნების შესახებ. ხატვა და ფერები ყოველთვის მაძლევდა ჩემი განწყობის გადმოცემის შესაძლებლობას. ჩემი ინსპირაციის წყარო განსაკუთრებით იმპრესიონისტები და რენესანსის პერიოდის მხატვრობაა, რომელთა ნამუშევრები იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ამსტერდამის მუზეუმებში მაქვს ნანახი. განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების, ნატურმორტებისა და პეიზაჟების ხატვა. შევქმენი საკუთარი არტ-გვერდი (https://www.instagram.com/art-of-magda/), სადაც ჩემს უკანასკნელ ნამუშევრებს ვათავსებ. მომავალში ვაპირებ შეკვეთების მიღებასაც“, — გვწერს მაგდა გაზეთის ეგიდით გაგზავნილ კითხვარებში.
სიმღერის გამოცდილებამ (მხოლოდ საგუნდო კლასიკურ და ხალხურ ნაწარმოებებს ასრულებდა) კარგ მუსიკალურ მსმენელადაც ჩამოაყალიბა. 2019 წლიდან აგროვებს მუსიკალურ ალბომებსაც. საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს ბროშების „სამოთხის ჩიტების“ ხაზი. „მომავალში ვაპირებ ჩემი ნამუშევრების გაყიდვას, მას შემდეგ, რაც ჩემი არტ-გვერდი უფრო გაფართოვდება“, — გვწერს მაგდა და დისტანციურ დიალოგში იმასაც ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტი იდეების რეალიზება სურს.
კონტაქტი შედგა. უდიდესი სიამოვნების განცდები აღძრა ფაკულტეტზე წარმატებულ სტუდენტად აღიარებული მაგდა რუხაძის პიროვნებაში სხვა ნიჭის ამოტივტივებამაც და მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ამ ადამიანისთვის ცხოვრების სიკეთე, წარმატების ხიბლი და მადლობის მადლი ეჩვენებინა. ცხოვრების რთულ გზაზე მაგდასთვის ეს, ალბათ, უკან მოსახედი კარგი მაგალითი და წინ დადებული კარგი გამოცდილებაა.
ავტორი: ნინო კაკულია
მაგდა რუხაძის ნახატები