თამარ დადიანი
საერთაშორისო ჟურნალ "Journal of Human Evolution"-ში გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული დოქტორის ანა მარგველაშვილის სტატია „ადრეული თავის ქალა დმანისიდან: ინტერპერსონალური ძალადობა, ავადმყოფობა და მტაცებლის სავარაუდო კვალი ადრეულ ჰომოზე". სტატიის თანაავტორები არიან: მართა ტაპენი, ფილიპ რაიტმაიერი, ნიკოლოზ წიქარიძე, დავით ლორთქიფანიძე.
სტატიის აბსტრაქტი დმანისის ტეროტორიაზე აღმოჩენილი ადრეული ადამიანების სავარაუდო გარდაცვალების მიზეზების შესახებ გვიამბობს. ეს აღმოჩენა 1.77 მილიონი წლით თარიღდება და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული არქეოლოგიური ძეგლია მსოფლიოში. დმანისში მინიმუმ ხუთი ინდივიდია აღმოჩენილი — ხუთი თავის ქალა, ოთხი ქვედა ყბა და ასამდე ჩონჩხის ძვალი. ხუთივე ინდივიდი სხვადასხვა ასაკისაა: ბავშვი, ახალგაზრდა, ზრდასრული და მოხუცი. ისინი ერთ პალეოდემს მიეკუთვნებიან.
აბსტრაქტში ასევე საუბარია მაშინდელი დმანისელი ადამიანების საცხოვრებელი გარემოს შესახებ და ყურადღება მახვილდება იმ საშიშროებებზე, რაც ამ გარემოსთვის, დმანისის კლიმატური პირობების და ფაუნისთვის იყო დამახასიათებელი. სავარაუდოდ, სწორედ ეს საფრთხეები გახდა იმ ადამიანების გარდაცვალების მიზეზები, ვის თავის ქალებსაც იკვლევდნენ მეცნიერები.
„დმანისელი ადამიანის ერთ-ერთ თავის ქალაზე (D2280) ოთხი დაზიანება აღმოჩნდა. კვლევებმა აჩვენა, რომ სამ შემთხვევაში ამ დაზიანებების წყარო ტრავმულია. ისინი, სავარაუდოდ, ადამიანებს შორის ძალადობისას თავის ქალაზე ბლაგვი იარაღით მიყენებული ტრავმებია. ეს ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში და სასიკვდილო არ იყო, რადგან არც მათი ზომაა დიდი და თანაც მოგვიანებით შეხორცებულიცაა. მეოთხე დეფექტი გამორჩეულია დანარჩენი სამისგან. დაზიანებული ადგილის ფსკერი განსხვავებულია, ამიტომ ტრავმის გარდა სხვადასხვა პათოლოგიის გამორიცხვა და დიფერენციალური დიაგნოზის გატარება მკვლევრებისთვის საინტერესო იყო. ამ ტრავმების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო კისტა, მეტასტაზური სიმსივნე და ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ტრეპონემატოზი. ასევე, შესაძლებელია, ერთ-ერთი ინდივიდის გარდაცვალების მიზეზი გიგანტური მტაცებლის ან ლეშიჭამია მტაცებლის თავდასხმა ყოფილიყო“, — ვკითხულობთ სტატიის აბსტრაქტში.
საბოლოოდ, კვლევებით დადგინდა, რომ ადრეულ ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთთან ფიზიკური კონფლიქტები, სავარაუდოდ, სნეულდებოდნენ ინფექციური დაავადებებით და დიდი მტაცებლების მსხვერპლნიც ხდებოდნენ.
სტატიის ავტორი ანა მარგველაშვილი არის ექიმი-სტომატოლოგი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
სტატიის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0047248422000409