გვესაუბრება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია
„ახალი სასწავლო წელი ყოველთვის განახლებასთან, მნიშვნელოვან ცვლილებებთან ასოცირდება. თუმცა, ეს სიახლეები არ არის მხოლოდ გარეგნული და თვალხილული. მას იმანენტური, არსობრივი ხასიათიც აქვს, რამეთუ საუნივერსიტეტო ცხოვრება თავისთავად გულისხმობს შინაგან, სიღრმისეულ ცვლილებას, უკეთესისკენ სვლას და გარდაქმნას. შემეცნების რთულ, ძიებებით სავსე, ხანგრძლივ გზაზე ითვისებს ალმა მატერის „მკვიდრი“ ყველა იმ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რაც თავად ამ ინსტიტუციის ფასეულობას წარმოადგენს, მის იდენტობას განსაზღვრავს და მასთან ღირებულებით თანხმობას აღწევს. ეს ღრმა, კარგად გააზრებული და მკაფიოდ გაცნობიერებული პროცესია, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობენ სტუდენტებიც, პედაგოგებიცა და თანამშრომლებიც.
ვრცელი წინათქმა იმისთვის დამჭირდა, რომ კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მკითხველისთვის, რაოდენ ფასეულია ჩვენთვის უნივერსიტეტი და მასში გატარებული თითოეული წელი; რა დიდი დატვირთვა აქვს ყოველ ახალ სასწავლო წელს, მუდამ საინტერესოს, განსხვავებულს რომ ჰპირდება ახალგაზრდა თაობას. ამ დროს, ტრადიციულად, ვიხსენებთ განვლილს. პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენი დღევანდელობა ნიადაგ ზრუნვითა და მუხლჩაუხრელი შრომით მოიტანა და თანამედროვე სიბრძნისმოყვარეთ საუკეთესო ტრადიციები აჩუქა. მათ კი, ახლანდელ ყმაწვილკაცობას — მუდამ დაუცხრომელს, ახლის მაძიებელსა და უკეთესობისთვის მებრძოლს, ვურჩევთ — წინაპართა მიერ გაკვალული გზა გონივრულად, წინდახედულად განაგრძონ.
ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, საზეიმო განწყობით შეკრებილებს, მონატრებითა და შეხვედრის სიხარულით ატაცებული ახალგაზრდობის გაბადრული სახეები გვეგებებოდა. ამაღელვებელი იყო მათთან შეხვედრა, ვინც პირველად შემოაღებდა ამ სათაყვანო შენობის კარებს, დაბნეული, უხერხული და ცოტათიც შეშინებული მზერით რომ შემოგვცქეროდნენ მისასალმებლად და მისალოცად შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლებს.
ახლა კი ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს დიდი დრო გვაშორებს ამ ბედნიერ წლებს, თუმცა სულ ცოტაა მას შემდეგ გასული, რაც ყოველივე ჩვეულმა და ნაცნობმა სახე იცვალა — სუსხიანმა რეალობამ თავისი კორექტივები შეიტანა საკაცობრიო რუტინაშიც და ჩვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებაშიც. ახლა ჩვენი ყოველდღიურობა დისტანციური ურთიერთობებითაა გაჯერებული და მხოლოდ ვირტუალური კომუნიკაციებისგან შედგება.
ამ პირობებში, ასეთი დიდი გამოწვევების ჟამს ჩვენ მაინც არ ვჩერდებით, არ ვჯერდებით მიღწეულს და ვცდილობთ, სიახლეები შემოვიტანოთ, ფეხი ავუწყოთ შექმნილ ვითარებას. დისტანციური სწავლების პერიოდშიც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა — იქნება ეს სასწავლო, სამეცნიერო თუ ინფრასტრუქტურული კუთხით.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს პროფესორთა და სტუდენტთა სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით, ახალ სასწავლო წელს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფაკულტეტისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაციისთვის მზადება და მისი წარმატებით განხორციელებაა. პროგრამის ხელმძღვანელებმა, პროფესურამ და ფაკულტეტის მესვეურებმა ბევრი იშრომეს პროგრამების განახლება-გათანამედროვებისათვის. ზოგ პროგრამას სახელწოდება და კვალიფიკაციაც კი შეეცვალა, რათა უფრო უკეთ მორგებოდა დროისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ განახლდა მულტიმედია ცენტრის ინფრასტრუქტურა, ჩატარდა რეინვენტარიზაცია, რაც შესაძლებელი გახდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით დაფინანსებული პროექტის — „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი საქართველოში“ — ფარგლებში. ეს სიახლე დიდად შეუწყობს ხელს, პრაქტიკული სწავლების თეორიულთან შერწყმის გზით, სტუდენტთა სადისკუსიო ფორუმის, ობიექტური თავისუფალი პლატფორმის შექმნას.
აქვე უნდა ითქვას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული მემორანდუმის თაობაზეც, რომლის ფარგლებში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გაივლიან. ამასთან ერთად, ახლო მომავალში ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებსა და სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში. რამდენიმე ასეთი ვორკშოფი უკვე ჩატარდა.
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და და გამოიცემა პროფესორთა და სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალები, ჩატარდება კონფერენციები, კონკურსები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „სახელმძღვანელოების შექმნის“ კონკურსი, რომლის მეშვეობითაც საფაკულტეტო საბიბლიოთეკო ბაზა ყოველწლიურად მდიდრდება პროფესორთა მიერ შექმნილი საგნობრივი სახელმძღვანელოებით. პროფესორთა და სტუდენტთა ერთობლივი კვლევების განხორციელებას უცილობლად ხელს უწყობს „მიზნობრივი პროექტების“ კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტები, რომლის ფარგლებში პროფესურა იკვლევს, სტუდენტობა კვლევით უნარებს იძენს და ერთობლივი შრომის შედეგად იქმნება ფასეული სამეცნიერო სტატიები, რომლებიც იბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
კვლავ გაგრძელდება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი.
წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებას შორიდან მოგილოცავთ, მაგრამ დიდი იმედით, რომ მალე ისევ მივაშურებთ აუდიტორიებს, განვაახლებთ საინტერესო საუნივერსიტეტო ყოველდღიურობას, მზით და ხალისით სავსე, მჩქეფარე ცხოვრებას დავუბრუნდებით“.