თამარ დოლიძე
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
უფალმა ინება თქვენი გარდასახვა მარადისობაში. 69 წელი იყავით ჩვენ შორის და ყველას აბედნიერებდით, ახარებდით, სიხარულს ანიჭებდით. შრომობდით და იღვწოდით სამშობლოში და სამშობლოსათვის. განუზომლად გიყვარდათ სამშობლო და ამაყობდით ქართველობით ყველგან და ყველასთან.
სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებსა თუ სიმპოზიუმებზე, როგორც ავტორიტეტული მეცნიერი და პროფესორი, პირველ რიგში, წარმოაჩენდით სამშობლოს და უნივერსიტეტს, სადაც მთელი ცხოვრება მოღვაწეობდით.
გამორჩეული უნივერსიტეტელი ბრძანდებოდით — გამორჩეული ნიჭიერებით, სულის სიმაღლით, ღირსებით, დაჯილდოებული სიყვარულის ნიჭით და კეთილშობილებით. განუზომლად კეთილი იყავით და, შეგეძლოთ თუ არ შეგეძლოთ, ყველას გვერდით ედექით. სტუდენტი ახალგაზრდობა გიყვარდათ და მათთან ინტელექტუალური მუშაობა. სტუდენტთა დიდი ქომაგი და მეგობარი იყავით. ყველა სტუდენტის, ასპირანტის, დოქტორანტის მდგომარეობას ითვალისწინებდით და პრობლემებს უმსუბუქებდით. მრავალი თაობა აღზარდეთ, აზიარეთ ჰუმანიტარული მეცნიერების მიუწვდომელ მწვერვალებსაც კი. დიდებული ადამიანი, პიროვნება და პროფესორი ბრძანდებოდით.
მახსოვს, უნივერსიტეტში თქვენს კათედრაზე არსებული მდიდარი ბიბლიოთეკიდან, რომლის დიდი ნაწილი თქვენი შექმნილია, აიღე მონოგრაფია, გადაშალე და გამხადე ღირსი, რომ წამეკითხა. ეს იყო თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი თქვენი პროფესორის, ბატონი დიმიტრი მგელაძის მიმართ. საოცარი ტექსტი იყო საოცარი სათაურით — „ტანჯვის გზით მწვერვალებისკენ“. როცა ეს წავიკითხე, მაშინ უფრო დავინახე თქვენი ღრმა, ფაქიზი, ძალიან დახურული და მიუწვდომელი შინაგანი სამყარო.
გიყვარდათ პოეზია. გიყვარდათ ქართული სუფრა და მოლხენა. ბრძანდებოდით გამორჩეული თამადა, რომელიც გულის ხმით საუბრობდა ძალზე შემოქმედებითად და ორიგინალურად. პოეზიით ანებივრებდა თანამეინახეებს და ბრწყინვალე იუმორით, საოცარი ღიმილითა და უჭკვიანესი მოციმციმე ზურმუხტისფერი თვალებით ასხივებდა დადებით ენერგიას და ნამდვილად რომ ვდღესასწავლობდით.
სათქმელს არასოდეს ამბობდით პირდაპირი ტექსტით. ბოლო წლებში ხშირად მეტყოდით ისევ პოეზიის ენით.
„როგორ არ მინდა, ბოროტო სენო,
სიტყვა ქართულით, რომ მოგიხსენო.“
„მიდიხარ... ისე
მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად
თივას თიბავდე,
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა! სწორედ დღეს
შენ დაიბადე.“
თქვენი შინაგანი სამყარო მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდნენ, ისიც მცირედით. ერთხელ მითხარით — „ლამაზი საფლავის ქვა მინდაო“. სამწუხაროდ, არ მაქვს ის შემოსავალი, რომ თქვენი ეს სურვილი შევასრულო. ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოებისადმი — იქნებ შევძლოთ ბატონი დავითის უკანასკნელი სურვილის შესრულება.
დაუვიწყარი ხართ!
70 წლის ცაში გახდით. მშვიდად განისვენეთ სიყვარულისა და სიკეთის კაცო, ძვირფასო ბატონო დავით.