ნინო კაკულია
14 აპრილი — ქართული ენის დღე — ყოველ წელს შეგვახსენებს, რომ ენას გაფრთხილება უნდა, მით უფრო გლობალიზაციის პირობებში, როცა პატარა ერების გადარჩენის ბედზეა საუბარი. ბარბარიზმები ქართულ ენას ერჩიან... ქართველი ახალგაზრდების ნაწილი უკვე ინგლისურ მეტყველებას ანიჭებს უპირატესობას და სლენგი ხშირად იჭრება საურთიერთობო ლექსიკაში. მედიაში დამახინჯებული ქართულით მეტყველებენ... დარბაისლური ქართული ცინიკოსების საქილიკო საგანიც კი გახდა. ეს რეალობა ყველაზე მეტად შეგვახსენებს თავს სწორედ 14 აპრილს, როცა აღარ არის დრო სირაქლემას პოზაში ყოფნის... დროა გავიაზროთ საფრთხეები, რაც გვემუქრება როგორც ერს, ისე სახელმწიფოს, რადგან ქართულით იწყება ენა, მამული, სარწმუნოება... 2021 წლის მოხსენებაში ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა 3 განმარტება გააკეთა პრობლემებზე და გამოიკვეთა ისიც — რა კეთდება ქართული ენის დაცვისთვის?
პრობლემა ნომერი 1. გლობალიზაციის პირობებში, ქართული ენის გამოყენება სხვადასხვა სფეროში იზღუდება. ეს დაკავშირებულია ახალ-ახალი დარგების განვითარებასა და ამ დარგებისთვის ქართული ტერმინოლოგიის არარსებობასთან.
პრობლემა ნომერი 2. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნის აუცილებლობას ჩვენს საზოგადოებაში ვერ აცნობიერებენ. ეს ყალიბდება იმგვარად, რომ ქართული ენის არაპრესტიჟულობაზე მიუთითებენ.
პრობლემა ნომერი 3. კომპაქტურად ჩასახლებულ რაიონებში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობისთვის იყო არა ქართული, არამედ რუსული ენა. მისი ჩანაცვლება სახელმწიფო ენით დროულად ვერ ხერხდება.
ამ და სხვა თემებზე მუშაობა დაწყებულია. იქმნება სტრატეგიული გეგმა. დეპარტამენტმა მოამზადა რეკომენდაციები. მუშაობენ სალიტერატურო ენის ნორმების განახლებაზე. მიმდინარეობს სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართული ენის ბგერითი სისტემით გადმოცემის წესების შექმნა და განახლება. გამოიცა გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენის დეპარტამენტთან ერთად ჩართულია გრძელვადიანი დოკუმენტის მომზადების პროცესში. ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის შესწავლა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარეობს. სამინისტრო ზრუნავს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ენის სწავლების საკითხზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხებზეც იმუშავებს — ესაა 8 სიახლე შედეგებზე და ამოცანებზე, რაც ახალი წლის 14 აპრილს უნდა ცოდნოდა საზოგადოებას.
როგორც ჩვენთან საუბარში ენის დეპარტამენტის წარმომადგენელი, თსუ-ის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე განმარტავს: „რაც უფრო ვშორდებით 1978 წლის 14 აპრილს, მით უფრო მეტჯერ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა — ახლა როგორია სახელმწიფო ენის მდგომარეობა? რა სატკივარი აქვს მას ამჟამად? სატკივარი ძალიან ბევრია, რადგან თუ მას საბჭოეთის დროს „ჰყავდა“ ერთადერთი კონკურენტი — რუსული ენა, ახლა იგი უფრო სერიოზულ კონკურენციაში აღმოჩნდა. ვგულისხმობ საერთაშორისო ენებს და, განსაკუთრებით, ინგლისურ ენას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ტრანსკონტინენტალური ენაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულს. ქართულ ენაზე მოლაპარაკეს ყოველთვის უწევს ფიქრი იმაზე, რომ ამ ენამ შეინარჩუნოს სახელმწიფო სტატუსიც და, იმავდროულად, პასუხი გასცეს ინტელექტუალურ მოთხოვნებს, რომელიც უდგას თანამედროვე საზოგადოებას. ამ ვითარებაში სახელმწიფო ენის სტრატეგიას განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება. ეს ათწლიანი სტრატეგია ძალიან დიდ როლს შეასრულებს ქართული ენის მომავლის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მისი კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, ქართველური ენების კვლევა და სწავლება“.
ახალ წელიწადს, როგორც გვითხრეს — ახალი სტრატეგია გვექნება. კულტურის სამინისტროშიც ქართულ ენას, როგორც კულტურის ატრიბუტს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ. სიტყვა საქმედ იქცევა თუ არა — ამაზე მომავალი წლის 14 აპრილი გვიპასუხებს. ენა ხომ ცოცხალი ორგანიზმია — რომელიც ავად არის თუ კარგად — ამას თავად გაგვაგებინებს.