ნატო ობოლაძე
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი დავითაშვილმა ახალი ნაშრომი — „შურისძიება და შერიგება ქართულ ჩვეულებით სამართალში“ — გამოსცა და ამით ჩვეულებითი სამართლის მიხედვით ქართული სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესწავლა დაასრულა. კვლევის შედეგად, გიორგი დავითაშვილის ავტორობით შეიკრა სამეცნიერო ტრილოგია — „დანაშაული და სასჯელი ქართულ ჩვეულებით სამართალში“ (2010 წ.), „დანაშაულთა სახეები ქართულ ჩვეულებით სამართალში (2017 წ.) და მესამე — ახალი გამოცემა, რომელშიც შურისძიებისა და შერიგების ინსტიტუტებია განხილული.
გამოცემაში მოცემულია პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რა სახის დაუწერელი კანონები მოქმედებდა საქართველოში? რა საფუძველი ჰქონდა სისხლის აღების წესს? როგორ ხდებოდა დაპირისპირებული მხარეების შერიგება? რატომ არის დღეს აქტუალური ქართული ჩვეულებითი სამართლის ცოდნა-ანალიზი? — გიორგი დავითაშვილის ახალ კვლევაში ჩვეულებითი სამართალი კულტუროლოგიურ ჭრილშიც არის გაანალიზებული და მკითხველს ხალხურ სამართალში ასახული ქართული სულიერი კულტურის შესახებ უქმნის წარმოდგენას.
„შურისძიება და შერიგება ქართულ ჩვეულებით სამართალში“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი საქართველოს მთის რეგიონებში შურისძიების — ძირითადად, სისხლის აღების ინსტიტუტს ეძღვნება.
„სისხლის აღების წესი უძველესია და ყველა ხალხმა გაიარა საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპზე. საქართველოს მთის ზოგიერთ რეგიონში, მასალების მიხედვით, ეს ინსტიტუტი მე-19-მე-20 საუკუნის განმავლობაშიც შემორჩა. ხევსურეთში, სვანეთსა და მთიან აჭარაში ამ ინსტიტუტის არსებობა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარსაც ითვლის. მასალებით ფიქსირდება სისხლის აღების თუ სისხლის აღების მიზნით მკვლელის დევნის არაერთი კონკრეტული ფაქტის დეტალური აღწერილობა (პროცესში ჩართულ ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით). წიგნში დასაბუთებულია, რომ სისხლის აღების ინსტიტუტი ამ კუთხეებში გარკვეულ ჩარჩოებში იყო მოქცეული ადგილობრივი ჩვეულებითი სამართლის ნორმებით. აღნიშნული ნორმები შემოფარგლავდა მკვლელის იმ ნათესავთა წრეს, რომელთა მიმართ შესაძლოა განხორციელებულიყო სისხლის აღება. კვლევის საფუძველზე საქართველოს მთის რეგიონებში ფიქსირდება სისხლის აღების ობიექტთა და სუბიექტთა წრე შევიწროვებული სახით და ამ წრის კიდევ უფრო შევიწროვების ტენდენცია. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გვხვდება სისხლის აღების ინსტიტუტის განვითარების ეტაპი, როდესაც სისხლის აღების ალტერნატივად გვევლინება კომპოზიციების, ანუ ქონებრივი საზღაურების სისტემა, მაგალითად, სვანეთსა და ხევსურეთში. წიგნში განხილულია სისხლის აღების სუბიექტთა და ობიექტთა წრე საქართველოს ცალკეული კუთხეების მიხედვით“, — გვიყვება გიორგი დავითაშვილი.
ავტორს სისხლის აღების ინსტიტუტის რელიგიური საფუძვლებიც აქვს გამოკვლეული. წიგნში აღწერილია, რომ ეს ინსტიტუტი მიცვალებულთა სამყაროს შესახებ უძველეს წარმოდგენებზეა დაფუძნებული. „სისხლის აღება მოკლულის ნათესავების მხრიდან აღიქმებოდა ვალდებულებად მოკლულის სულის მიმართ. სისხლის აღების აღქმა ვალდებულებად კი განაპირობებდა იმას, რომ მოკლულის ახლო ნათესავები, პირველ რიგში კი, ძმა, მამა, შვილი, ახლო ბიძაშვილი იწყებდნენ მკვლელის და მისი ახლო ნათესავების დევნას სისხლის აღების მიზნით. მკვლელს და მის ძმებს კი ხშირად უხდებოდა გადახვეწა საცხოვრისიდან საქართველოს სხვა კუთხეში, ან საერთოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ. წიგნში მკვლელობა საქართველოს მთის რეგიონებში განხილულია, როგორც მხარეებს შორის თანასწორობის დარღვევა. დაზარალებული მხარე თვლიდა, რომ იგი დამნაშავემ დაამცირა, დაამდაბლა. საპასუხო მკვლელობა კი აღიქმებოდა მხარეებს შორის თანასწორობის აღდგენად, თუმცა სხვადასხვა მიზეზით საპასუხო მკვლელობა ყოველთვის არ წყვეტდა შურისძიების ჯაჭვს“, — ამბობს ავტორი.
მკვლელობისათვის შურისძიების გარდა ნაშრომში გააანალიზებულია ქონებრივი შურისძიების საკითხი, შურისძიება დაჭრა-დასახიჩრებისათვის და ზოგიერთი სხვა დანაშაულისათვის.
გამოცემის მეორე ნაწილი შერიგების ინსტიტუტის საკითხს მოიცავს. „საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც სისხლის აღება ფიქსირდება, ადგილობრივი ჩვეულებითი სამართალი გვთავაზობს შერიგების ჩამოყალიბებულ მექანიზმს, რომელიც გათვალისწინებულია ნებისმიერი ხასიათის კონფლიქტის მოსაგვარებლად — ეს იქნება უბრალო სამეზობლო დავა თუ მკვლელობის შედეგად გამოწვეული სასტიკი მტრობა. შერიგების მიზანს წარმოადგენდა: 1. ნებისმიერი სიმწვავის დაპირისპირებისას მხარეთა შორის კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა; 2. მხარეთა შორის თანასწორობის აღდგენა.
მასალების მიხედვით, საქართველოს კუთხეში ვხვდებით შუაკაცობის/შუამავლობის ინსტიტუტს. ჩვეულებითი სამართლის ამ ინსტიტუტის მეშვეობით ხდებოდა უმრავლესი კონფლიქტების მოგვარება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შუამავლების ფუნქციას ასრულდებდნენ საზოგადოების ავტორიტეტული, თავისი პატიოსნებით, წესიერებით გამორჩეული პიროვნებები, რომელთაც ჰქონდათ ცხოვრებისეული გამოცდილება და დაზარალებულის დარწმუნების უნარი, იცოდნენ ჩვეულებითი სამართალი. განსაკუთრებით რთულდებოდა შერიგება ისეთი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, რომლებიც სისხლის აღების გამომწვევი იყო. ამ დროს შერიგების მიღწევა მხოლოდ შუაკაცების ხანგრძლივი და დიდი ძალისხმევის შედეგი შეიძლება ყოფილიყო.
წიგნში განხილულია შერიგების ორდინალური მოდელი, რომელიც გულისხმობს შუამავლების მოსვლას დაზარალებულ მხარესთან მისი შერიგებაზე დაყოლიების მიზნით, რაც შესაძლოა არაერთხელ გამხდარიყო საჭირო კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. წიგნში ასევე განხულულია შერიგების უზრუნველყოფის ფაქტორები, როგორიცაა: შვილად აყვანა, სულიერი ნათესაობის დამყარება, დამოყვრება, დაძმობილება და სხვა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კი ფიქსირდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი შერიგების წესი, მაგალითად, ხევსურეთში, ხევში, სვანეთში, აჭარაში. წიგნში მხარეების შერიგების პროცესი ამ კუთხეებში ცალ-ცალკეა განხილული. დეტალურადაა განხილული შერიგების ყველა ეტაპი, შესაბამისი ცერემონიალები და რიტუალები, შერიგების სუფრა და სხვა. მაგალითად, ხევსურეთსა და ხევში მკვლელობის შემთხვევაში მკვლელის და სისხლის აღების სხვა ობიექტების შერიგება დაზარალებულ მხარესთან ეტაპობრივად ხდებოდა — ჯერ მკვლელის უფრო შორეული ნათესავები ურიგდებოდნენ დაზარალებულებს სისხლის აღების ობიექტთა წრიდან, შემდეგ უფრო ახლო ნათესავებს და ბოლოს თვით მკვლელს“, — განმარტავს მკვლევარი.
აღნიშნული საკითხის კვლევის მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებითი სამართალი დაუწერელ კანონებს მოიცავს. მეცნიერები ამ საკითხს, ძირითადად, საველე-ეთნოგრაფიული მუშაობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და საარქივო ცნობების საფუძელზე იკვლევენ. გიორგი დავითაშვილმა ნაშრომზე მუშაობისას XIX-XX საუკუნეებში შეკრებილი მასალები გამოიყენა.
„ამ მასალებიდან შეიძლება გამოიყოს ალექსი ოჩიაურის, ვერა ბარდაველიძის, რუსუდან ხარაძის მიერ შეკრებილი მასალები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია რამდენადმე ღირებული ნაშრომის შექმნა ქართულ ჩვეულებით სამართალში. ასევე, კვლევისას ფართედ ვიყენებ ცნობილი იურისტის, თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის მიხეილ (მიხაკო) კეკელიას მიერ მე-20 საუკუნის 60-90-იან წლებში შეკრებილ ცნობებს და მისი ინიციატივით 1986 წელს დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნული ტრადიციების ცენტრის („ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორია“) თანამშრომელთა მიერ 1986-1993 წელს შეკრებილ მასალებს“, — ამბობს პროფესორი.
გიორგი დავითაშვილი ქართული ჩვეულებითი სამართლის კვლევის მნიშვნელობას თანამედროვე სამართალწესრიგის კონტექსტშიც განიხილავს.
„ჩვეულებითი სამართალი ეს იგივე ხალხური სამართალია, რომელიც ხალხური მართლშეგნების გამოვლინებას წარმოადგენს. ჩვეულებითი სამართალი ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოების ფასეულობებსა და ღირებულებებს. ამდენად, თანამედროვე კანონმდებლობაში ეროვნული ღირებულებების და სულისკვეთების ასახვისათვის სრულიად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ქართული ჩვეულებითი სამართლის გარკვეული კომპონენტები, განსაკუთრებით მედიაციის, კონფლიქტში მონაწილე მხარეების შერიგების, სამეზობლო დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით“, — განმარტავს ავტორი.
წიგნის სამიზნე აუდიტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლის სპეციალისტებით, გამოცემა გათვლილია ქართული სულიერი და სამართლებრივი კულტურით დაინტერესებულ მკითხველზეც. მისი შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და „იურისტების სამყაროშია“ შესაძლებელი.