2022 წლის 27-29 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“. პროექტის ხელმძღვანელია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ხარანაული, თანახელმძღვანელი კი – ამავე ფაკულტეტის სრული პროფესორი ზაზა სხირტლაძე. სიმპოზიუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტისა და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მოხსენებათა თემატიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ბიბლიის ფილოლოგია და ხელოვნებათმცოდნეობა. სიმპოზიუმის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ საორგანიზაციო ჯგუფის ახალგაზრდა წევრები: ნათია დუნდუა (დოქტორი), ნათია მიროტაძე (დოქტორი), ლალი ვაშაყმაძე (დოქტორანტი), თინათინ ჯიქურაშვილი (დოქტორანტი), თამარ მაგრაქველიძე (დოქტორანტი), ნინო გიორგაძე (მაგისტრანტი), ქეთევან გონგაძე (დოქტორანტი).
– ეს პირველი კონფერენციაა, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობას იღებთ?
ნათია მიროტაძე: – ბიბლიის ფილოლოგიის ჯგუფი უკვე მესამედ აწყობს საერთაშორისო სიმპოზიუმს ბიბლიის თემატიკაზე. პირველად 2015 წელს გაიმართა სიმპოზიუმი „გადამწერის შეცდომებიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს წმინდა წერილი?“ 2018 წელს კი ფინეთის „ექსელენს ჯგუფის“ დაფინანსებით ჩატარდა კონფერენცია „გლობალური და ლოკალური ცვლილებები გვიან მეორე ტაძრის პერიოდში“. ამჯერად სიმპოზიუმის ჩატარება დაგეგმილი გვქონდა 2020 წელს, თუმცა პანდემიის გამო 2-ჯერ მოგვიხდა გადადება. მზად ვიყავით — ჩაგვეტარებინა online ფორმატში, მაგრამ უცხოელმა მონაწილეებმა ამჯობინეს სიტუაციის გაუმჯობესებას დალოდებოდნენ, საქართველოში ჩამოსულიყვნენ და პირადად გაცნობოდნენ ქართველ კოლეგებსა და ქართულ კულტურას.
– როგორც ვნახეთ, საკმაოდ წარმომადგენლობითი სიმპოზიუმი იყო (11 უცხოელი და 16 ქართველი მეცნიერი), მოხსენებები ორ პარალელურ სესიად მიმდინარეობდა. რამდენად რთული იყო ამის ორგანიზება?
ნათია დუნდუა: – საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარების მქონე წევრებს პროექტის ხელმძღვანელი სხვადასხვა „პოსტზე მიგვავლენდა“; ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვქონდა განაწილებული, 3 თვის განმავლობაში ყოველკვირეული ანგარიშის ჩასაბარებლად შეკრებას ვაწყობდით zoom-ში; ცალკე ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების საიტის გამართვა (eastchrist.tsu.ge), ცალკე პროგრამისა და აბსტრაქტების შერჩევა-თარგმნა-კორექტირება, ცალკე დაუსრულებელი მიმოწერები უცხოელ და ქართველ მონაწილეებთან, ქართველი მსმენელებისთვის ინგლისური მოხსენებების ქართულად თარგმნა... ბოლო კვირაში მოგვიხდა ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობა, რადგან რამდენიმე მონაწილემ სხვადასხვა მიზეზის გამო ვეღარ შეძლო ჩამოსვლა. მათ დისტანციურად წარმოადგინეს მოხსენებები: ალისონ სალვესენი ოქსფორდიდან ჩაგვერთო, ანდრეს პიკე ოტერო – მადრიდიდან, რობერტ ნელსონი – იელიდან... რომ არა თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდი დანაკლისი იქნებოდა ამ მეცნიერების გარეშე სიმპოზიუმის ჩატარება. მიუხედავად დატვირთული და დაძაბული რეჟიმისა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. არაფერი შეედრება იმ მადლიერების წერილების კითხვას, რომლებსაც დღემდე ვიღებთ კონფერენციის მონაწილეთაგან.
– სიმპოზიუმი ლიკა ტოვის გამოფენით გაიხსნა. რას ეხებოდა გამოფენა?
ქეთევან გონგაძე: სიმპოზიუმი გაიხსნა მხატვარ-ილუსტრატორის ლიკა ტოვის (იერუსალიმი) გამოფენით, რომელსაც წინ უძღოდა მხატვრის მოხსენება ბიბლიის ილუსტრაციების შესახებ. გამოფენაზე თსუ-ის სააქტო დარბაზის ჰოლში წარმოდგენილი იყო ძველი აღთქმის თემატიკაზე შექმნილი პრინტები. გამოფენა 2 დღეს გაგრძელდა და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
– სესიების მონაწილეთა შესახებაც გვიამბეთ.
თინათინ ჯიქურაშვილი: – სიმპოზიუმში როგორც ბიბლიის ფილოლოგიის, ისე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ავტორიტეტული მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას: ოქსფორდიდან (ალისონ სალვესენი), გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიიდან (ფელიქს ალბრეხტი, ფრანკ ფედერი, გეორგი პარპულოვი), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან (ემანუელ ტოვი), მადრიდის კომპლუტენზას უნივერსიტეტიდან (ანდრეს პიკე ოტერო), იელის უნივერსიტეტიდან (რობერტ ნელსონი), რატგერსის უნივერსიტეტიდან (ერიკ თუნო)... ქართველი მონაწილეები კი იყვნენ ცნობილი მეცნიერები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრიდან.
– თქვენთვის, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიმპოზიუმს?
თამარ მაგრაქველიძე: ჩვენი ჩართულობა სიმპოზიუმში მხოლოდ საორგანიზაციო საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. წარმოვადგინეთ ერთობლივი მოხსენება ბიბლიის ფაუნის ლექსიკონის შესახებ. ჩვენმა მოხსენებამ ინტერესი გამოიწვია მსმენელებში, იყო საინტერესო კითხვები და შენიშვნები. საუბარი ლექსიკონზე გაგრძელდა არაფორმალურ ნაწილშიც, სადაც ემანუელ ტოვმა უშურველად გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, დაგვისახელა მნიშვნელოვანი ლიტერატურა... სიმპოზიუმმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი კავშირები უცხოელ მკვლევრებთან.
– თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც ხომ არ დაისახა?
ლალი ვაშაყმაძე: დიახ. გეტინგენის ფსალმუნის ბერძნული კრიტიკული ტექსტის გამომცემელმა ფელიქს ალბრეხტმა შემაჯამებელ ვახშამზე გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ამიერიდან ბიბლიის ბერძნული გამოცემები მუდამ ქართული მასალის გათვალისწინებით დაიბეჭდოს. გარდა ამისა, კონკრეტული ერთობლივი სამუშაო დაიგეგმა გეტინგენის ფსალმუნის ინსტიტუტთან. ებრაული ბიბლიის მსოფლიოში აღიარებულმა მკვლევარმა ემანუელ ტოვმა კი თავისი წიგნის ქართულად თარგმნის იდეა მოგვაწოდა.
– სიმპოზიუმი გასვლითი სესიით დასრულდა. რა ადგილები მოინახულეთ?
ნინო გიორგაძე: გასვლითი სესიაც საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ვიყავით სამთავისში, ყინწვისში, უფლისციხეში, სადაც მეგზურობას გვიწევდა ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძე. აღფრთოვანება ერთიორად გამძაფრდა გრაკლიანში ახლადაღმოჩენილი არტეფაქტების ნახვით, პროფ. ვახტანგ ლიჩელის საინტერესო ლექციის მოსმენითა და გულუხვი მასპინძლობით. აქვე, ვისარგებლებთ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდით ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, დამსწრეს, დამხმარე პერსონალს, კახა მღებრიშვილს, გიორგი, ალექსანდრე და ბესიკ (უმცროს) ხარანაულებს გაწეული დახმარებისთვის. დაბოლოს, განსაკუთრებული მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის.