ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ნეიროქირურგიული სიმპოზიუმი მიმდინარეობს. ფორუმი მედიცინის სამი ყველაზე რთული მიმართულების სინთეზს — ნეიროქირურგიას, ნევროლოგიასა და ნეირომეცნიერებებს — მოიცავს. ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის (ამერიკის, გერმანიის, იტალიის, რუსეთის) წამყვანი ნეიროქირურგები სტუდენტების, რეზიდენტებისა და კოლეგების წინაშე თავისი ქირურგიული მოღვაწეობიდან ყველაზე რთულ კლინიკურ ქეისებს წარმოადგენენ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia, რომელიც საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივითა და უოლტერე დენდის საერთაშორისო ნეიროქირურგიული საზოგადოების ეგიდით 2021 წელს დაარსდა. Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia ქართველ ნეიროქირურგიით დაინტერესებულ სტუდენტებსა და რეზიდენტებს საერთაშორისო სამედიცინო წრთვნის პროგრამების გაცნობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს.
„მნიშვნელოვანია, რომ სიმპოზიუმში ქართველი სპიკერების გარდა უცხოელი სპეციალისტებიც იღებენ მონაწილეობას. პირველ სესიაზე ნეიროქირურგიის, ნეირომეცნიერებებისა და ნევროლოგიის მიმართულებით St. Louis University-ის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორის ალიმ აბდულ რაუფის, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორის ზაალ კოკაიასა და თსუ-ის პროფესორის, ნევროლოგის ალექსანდრე ცისკარიძის მოხსენებები მოვისმინეთ.
„ჩვენი მიზანია ნევროლოგიითა და ნეიროქირურგიით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანება. ამ ეტაპზე, პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობებს ყოველთვიურად, ონლაინ ფორმატში ვატარებთ. ორგანიზაცია სტუდენტებს, ასევე, სთავაზობს ონლაინ სწავლებას Abdulrauf Institute of Neurosurgery-ში, რომელიც 2 წლიანია, გვაქვს გაცვლითი პროგრამებიც, რისთვისაც აუცილებელია ჩვენს კლუბში დარეგისტრირება“, — აცხადებს Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს დამფუძნებელი ელენე ნიკოლაიშვილი.
„ელენე მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტია და Dandy Germany Neurosurgical Club-თან თანამშროლობით კარგი გამოცდილება მიიღო, შემდეგ გადაწყვიტა ორგანიზაციის ფილიალი საქართველოში დაეფუძნებინა, დაგვიკავშირდა და შედეგი უკვე სახეზეა.
სიმპოზიუმის სამიზნე აუდიტორია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რეზიდენტები არიან. ზოგადად, ნეიროქირურგიას სწავლის განმავლობაში მცირე დრო ეთმობა, ნეიროქირურგიის ახალბედა რეზიდენტები ხშირად კლინიკის ყოვედღიურობასა და ამ საგნის სპეციფიკას არ იცნობენ. შესაბამისად, ავარჩიეთ ისეთი სპიკერები, რომლებსაც ვიცოდით, რომ საინტერესო და რთული კლინიკური ქეისები აქვთ და შეუძლიათ გამოცდილება გაგვიზიარონ“, — ამბობს Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს გენერალური მდივანი ლიკა სამყურაშვილი.
Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს პირველი საერთაშორისო ნეიროქირურგიული სიმპოზიუმი 21 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უოლტერე დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოების პრეზიდენტმა, St. Louis University-ის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სალიმ აბდულრაუფმა გახსნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ნეიროქირურგმა ქართველი სტუდენტებისთვის Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს დაფუძნებისა და პირველი სიმპოზიუმის მნიშვნელობა განმარტა.
„ვფიქრობ, რომ ეს თაობა საქართველოში იქნება გარდამქმნელი. მსოფლიო იცვლება და ჩვენ ნამდვილად გვინდა დავეხმაროთ ამ თაობას, რათა მან თავისი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს. გვსურს, ამ თაობის წარმომადგენლები გახდნენ ნამდვილი ლიდერები, შეძლონ თავიანთი წვლილის შეტანა ნეიროქირურგიის დარგის განვითარებაში. ძალიან ვამაყობთ Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს წევრებით, მათ ნამდვილად აქვთ პოტენციალი, რომ გახდნენ ლიდერები და ჩვენც აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ. გარდა ამისა, ფორუმზე ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ ნეიროქირურგიის, ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერებების წამყვან სპეციალისტებს, ამ სამი სფეროს დაკავშირებით კი იქმნება ახალი იდეები, ახალი კონცეპტები კვლევების საწარმოებლად და უმჯობესდება პაციენტებზე ზრუნვის ხარისხი“, — აღნიშნავს ნეიროქირურგი სალიმ აბდულრაუფი.
ამ დროისთვის უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოება 35 ქვეყნის წარმომადგენლობას აერთიანებს, ერთმანეთთან აკავშირებს ნეიროქირურგიის, ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერებების დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებს და რეზიდენტებს. ქმნის საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმას. ქართველი პროფესორები — ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე და ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზაალ კოკაია Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს დაფუძნებას საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ.
„სიმპოზიუმის უპირველესი მიზანი სწავლებას ითვალისწინებს. ის ძირითადად განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ სიმპოზიუმში მონაწილეობენ ახალგაზრდა ექიმები, რეზიდენტები, გამოცდილი მედიკოსები. დისკუსიები და ცოდნის მიმოცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ღონისძიება ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უძველეს უმაღლეს სასწავლებელში. ჩემი მოხსენება ეხებოდა ინსულტის მკურნალობის თანამედროვე საკითხებს, მიმოვიხილე ამ მეტად სერიოზულ და მძიმე დაავადებასთან ბრძოლის მეთოდები. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. სიმპოზიუმი უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოების პირველი ნაბიჯია საქართველოში და ვუსურვებ წარმატებას მრავალი საინტერესო ღონისძიების გამართვის თვალსაზრისით“, — აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.
„სიმპოზიუმი ძალიან მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, ვინც გადაწყვიტა ან ფიქრობს გახდეს ნეიროქირურგი — ძალიან რთული, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან საინტერესო დარგის სპეციალისტი. სტუდენტებს ეძლევათ შანსი მოუსმინონ ამ დარგის პრაქტიკოს სპეციალისტებს და მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უშუალოდ მათგან შეიტყონ ნეიროქირურგიის და, ზოგადად, ტვინის პათოლოგიების მკურნალობის თანამედროვე გამოწვევებზე, განიხილონ იშვიათი შემთხვევები და ასევე გაეცნონ იმ უახლეს მეთოდებს და მკურნალობის გზებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში სასწავლო ლიტერატურაში ჯერ არც კი არის შესული. რაც შეეხება ჩემს ლექციას, მოხსენება ეხებოდა ტვინის იმუნურ სისტემას — თუ როგორ რეაგირებს ტვინი სხვადასხვა დაზიანებაზე და დაავადებაზე და როგორ შეიძლება მომავალში გამოვიყენოთ ტვინში მიმდინარე იმუნური რეაქციები დაავადების სამკურნალოდ და დაქვეითებული ფუნქციების ეფექტურად აღსადგენად“, — განაცხადა ზაალ კოკაიამ.
Walter E. Dandy Neurosurgical Klub Georgia-ს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ნეიროქირურგმა სალიმ აბდულრაუფმა სამი სიტყვით უპასუხა: „ეს მხოლოდ დასაწყისია“. ორგანიზაცია საქართველოში საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად დაიწყებს.
უოლტერ ე. დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოება ამერიკაში 2011 წლის 19 ნოემბერს დაარსდა და ნეიროქირურგიის ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელს (უოლტერ ე. დენდი 1886-1946 წწ.) ატარებს.