თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაფუძნებიდან 102-ე წელი აღნიშნა. 8 თებერვალს გამართულ საზეიმო მიღებაზე წიგნი-ალბომის — „უნივერსიტეტი — „UNIVERSTAS“ — პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მოთხრობილია უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგების, სამეცნიერო სკოლების, ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. განახლებულ გამოცემაში გამოყენებული დოკუმენტები და ფოტო-მასალა დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა კერძო კოლექციაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ქმნიდა იმ სივრცეს, რომელსაც ერქვა სამეცნიერო სივრცე, თავისუფლების სივრცე და დღემდე ამ ფუქნციას ასრულებს. ყველაზე მეტად აღსანიშნავი და საამაყო ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. წიგნი-ალბომი — „უნივერსიტეტი — UNIVERSTAS“ საინტერესოა მკითხველისთვის, რადგან მასში კარგად არის წარმოჩენილი უნივერსიტეტის ისტორიული დანიშნულება, დღევანდელი მნიშვნელობა და მინიშნებულია სამომავალო განვითარების მიმართულებებიც“, — აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„შევსებული გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ისტორიის მიმოხილვა, რომელშიც საუბარია მის დამფუძნებლებზე, მეორე ნაწილი კი ეხება უნივერსიტეტის დღევანდელობას, სადაც მოთხრობილია მისი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, სტუდენტური ცხოვრების შესახებ. ძველი თავებიც, სადაც საუბარია სამეცნიერო სკოლებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, გამდიდრებულია ახალი ფაქტებით. განსაკუთრებით ბევრი სიახლეა მოცემული თანამედროვეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უნივერსიტეტში მოვლენები უსწრაფესად ვითარდება, შევეცადე უმთავრესი ასპექტები სრულფასოვნად გადმოგვეცა. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილია ერთი პატარა თავი, სადაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში უნივერსიტეტის სტუდენტების როლზეა საუბარი“, — აღნიშნა წიგნის ავტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლის იუბილეს საუნივერსიტეტო საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლების შთამომავლები ესწრებოდნენ.
ახალი გეგმები საუნივერსიტეტო სივრცეში
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმაღლესი განათლების განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ნუნუ მიცკევიჩის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხარდაჭერა გაგრძელდება და აკადემიური კორპუსების გარდა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობების რეაბილიტაციაც დაიწყება.
„დღეს საქართველოში ევროპული უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღეა. უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ასწლოვანი ჩანაწერი უკვე გააკეთა საქართველოს ისტორიაში და ღირსეული სიტყვა თქვა უმაღლესი განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს უნივერსიტეტმა ღირსეულად შეაბიჯა ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სივრცეში და რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა სადოქტორო პროგრამების განვითარების შეხვედრას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვანმა ისტორიამ აჩვენა, რომ ის არის მდგრადად განვითარებადი, რეფორმებისთვის მზად მყოფი უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ — სწორედ აქ გაგვეჟღერებინა, რომ 2020 წელი იქნება საუნივერსიტეტო დაფინანსების ახალ საბაზო მოდელზე გადასვლის წელი. ცვლილებები ყველა უნივერსიტეტის რექტორთან ერთად განიხილება. საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ მოდელზე, რომელიც ევროპული სტდანდარტების შესაბამისად გამართავს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემას“, — აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება საქართველოს ისტორიაში იყო სტრატეგიულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რამაც ქართული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად მტკიცე ფუნდამენტი შექმნა. ჩვენ ვამაყობთ საუკუნოვანი ტრადიციით; ვამაყობთ, რომ უკვე 4 წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიიდან, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო პრესტიჟულ რანჟირებებში ჩანს და, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აბიტურიენტების საერთო რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, უშუალოდ თსუ-ში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი 45%-ით გაიზარდა; უნივერსიტეტის ბიუჯეტმა პირველად გადააჭარბა
1 000 000 000 ლარს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ უნივერსიტეტის განვითარებაზე. წამოწყებულია საკმაოდ დიდი პროექტები, რემონტდება თსუ-ის II კორპუსი, დაგეგმილია ე.წ. მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების 3 000 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება. საუნივერსიტეტო დაფინანსების მოდელის ძირეული ცვლილების პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება და უმაღლესი განათლების სისტემაში ახალი ლანდშაფტის შექმნის პროცესშიც მოწინავე იქნება“, — აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
102 წლის იუბილე უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმაც მიულოცა: „მე, როგორც რიგითი ქართველი, ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტმა შეინარჩუნოს დედა უნივერსიტეტის ფუნქცია და პირველთა შორის ერთ-ერთი ღირსეულის როლი“, — აღნიშნა თარხუჯ ჯავახიშვილმა.
102 წლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით (The U.S.News&World Report) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის, ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება და 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის, 900-მდე უცხოელი სწავლობს.