უცხოელმა სტუდენტმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს, ზედმიწევნით იცის ყველა ის რეკომენდაცია, რასაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა გასცემს. სეჯალ კუმარი საქართველოში უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე თავის ქვეყანაში — ინდოეთში, სადაც პანდემიით გარდაცვლილებიც ჰყავთ. ინდოელი სტუდენტი აღფრთოვანებულია საქართველოში უხილავ მტერთან ბრძოლის მეთოდებით და ამბობს, რომ აქაური გარემო ძალიან უსაფრთხო და მშვიდია. კონკრეტულად თავის შთაბეჭდილებებს უცხოელი სტუდენტი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ უზიარებს.
სეჯალ კუმარი:
— მას მერე, რაც გლობალური გამოწვევის წინაშე დავდექით, რასაც ჰქვია კორონა ვირუსის ინფექცია, ყველა ქყეყანა მთელ ძალისხმევას ხმარობს მის დასამარცხებლად. 2020 წლის 30 მარტისათვის საქართველოში მხოლოდ 100 შემთხვევაა დაინფიცირების, რომელთაგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა და არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ არის. სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. საქართველომ დაუყოვნებლივ, კორონავირუსის გამოვლენისთანავე გაატარა საწინააღმდეგო ღონისძიებები პანდემიის შესაჩერებლად, როგორც კი 2 ან 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შთამბეჭდავია. შემოიღეს საკარანტინო რეჟიმი. ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე საინფორმაციო შეტყობინება, სადაც მითითებულია უსაფრთხოების ზომებზე დაავადების თავიდან ასაცილებლად. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. დროულად შეაჩერეს სწავლის პროცესი, დაკეტეს საზღვრები და აკრძალეს საერთაშორისო ფრენები. 21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ყველა ეს ეფექტური ზომა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მიიჩნია საქართველოს მთავრობამ ეს გამოწვევა. მათ ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივად გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ.
მართალი გითხრათ, ვგრძნობ, რომ აქ უფრო დაცული ვარ. სანიტარული ნორმებიც საფუძვლიანადაა დაცული. მთავრობამ აკრძალა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რეგულარულად ასუფთავებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ხდება ყველა შესაძლო ნივთის დეზინფექცია, დაიხურა სავაჭრო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სურსათისა და აფთიაქებისა, ფუნქციონირებს, ასევე, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები და ფოსტა. მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებ გვერდი, რომლითაც სრულყოფილი ინფორმაცია ვრცელდება სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების შესახებ. აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება და მანიფესტაციების გამართვა. ახლა უკვე დაწესა კომენდანტის საათი — 21 საათიდან დილის 6 საათამდე... საქართველო ბრწყინვალედ გეგმავს და ასრულებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. უნივერსიტეტებმა დაიწყეს ონლაინ ლექციების კითხვა, რის შედეგადაც სტუდენტებმა განაახლეს სწავლის პროცესი. თუ ჩვენ შევასრულებთ ყველა რეკომენდაციას, რაც მთავრობამ გასცა, საქართველო მალე დაამარცხებს კორონავირუსს.
ჩემს ქვეყანაში 1117 შემთხვევიდან 101 არის გამოჯანმრთელებული და 32 გარდაცვლილი. დიდი ქვეყნისათვის, როგორიც ინდოეთია, ეს რიცხვი არ არის დიდი. ჩვენი ქვეყნის მთავრობაც ყველა ღონეს მიმართავს ვირუსის შესაჩერებლად და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოზე, როგორც მაგალითზე, ყველგან მოვყვები.
ესაუბრა ანა ბოლქვაძე