ნატო ობოლაძე
საქართველოში მასშტაბური პროექტი „HERD: „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელდა. შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მიზნობრივ უნივერსიტეტებში კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, დანერგვასა და შეფასებას; პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა საქართველოს კვლევითი ინტერნეტპორტალი სახელწოდებით — HERD, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია საქართველოში არსებულ აკადემიურ ინსტიტუციებში მიმდინარე აქტივობების, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ. ამ დროისთვის პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 4166 მომხმარებელი. იგეგმება აქტივობები უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული პერსონალისთვის კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად. წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშესაწყობად, ასევე, დაგეგმილია კვლევითი ტრანსფერისა და უნივერსიტეტი-ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის განვითარება.
პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მათ შორისაა: საქართველოს 11 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (როგორც საჯარო, ისე კერძო), 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი (2 ფრანგული და 1 გერმანული უნივერსიტეტი).
ქართველი მკვლევრებისთვის ახალი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის და მთლიანად პროექტის მნიშვნელობის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი გვესაუბრება.
რაში გამოიხატებაახალი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის უპირატესობები
ნინო ოკრიბელაშვილი: „ქართველი მეცნიერების გამაერთიანებელი კვლევითი პლატფორმა ერთ-ერთი მნიშნელოვანია, რაც საქართველოში, ბოლო პერიოდში, სამეცნიერო მიმართულებით შეიქმნა. პროექტში ჩართული 12 უნივერსიტეტიდან თითოეულ პროფესორს, მკვლევარს აქვს შესაძლებლობა განათავსოს საკუთარი ბიოგრაფია, საკუთარი კვლევები, საკუთარი აქტივობები ამ პორტალზე. მკვლევრები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ პლატფორმაზე — tsu.vidatum.emis.ge. პროექტი სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ამ გრანტმა შესაძლებლობა მოგვცა — შეგვეძინა ციფრული პლატფორმა. მისი ავტორი არის ირლანდიური კომპანია „Vidatum Academic“, რომელსაც გააჩნია ეს გამოცდილება. ქართველებმა პლატფორმა ორენოვანი გავხადეთ, რაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან, მოგეხსენებათ, ციფრული ენა ახლა შემოდის საქართველოში. კომპიუტერული ტერმინოლოგია ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდშია და ამიტომ დასაზუსტებლად საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა მოგვიხდა. შეიძლება დღეს ვინმემ კიდევ ნახოს რაღაც უზუსტობები, თუმცა ჩვენ მზად ვართ მივიღოთ შენიშვნები და მათ შორის, ქართულ ენასთან დაკავშირებითაც.“
კვლევების ხარისხის გასაუმჯობესებლად რა დამატებით შესაძლებლობას იძლევა პროექტი HERD?
ნინო ოკრიბელაშილი: „უმთავრესია, რომ კვლევითი საქმიანობის აუდიტი ჩავატაროთ ჩვენსავე უნივერსიტეტებში: რა ტიპის კვლევები მიმდინარეობს, რამდენად კარგ და მაღალხარისხიან ჟურნალებში ვაქვეყნებთ პუბლიკაციებს. ამისთვის აუდიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პლატფორმას გამოიყენებენ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი და მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, რომელიც ჩვენი სამთავრობო პარტნიორია ამ პროექტში. როდესაც საქმე მიდგება გრანტების გაცემასა და მომავალი კვლევების დაგეგმვაზე, ეს პორტალი მათ დიდ დახმარებას გაუწევს. აუდიტი, ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს — სწორად დავგეგმოთ მომავალი კვლევები და, ამავე დროს, განხორციელება შევაფასოთ. ამ შეფასების სისტემების საფუძველზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში გრანტების მენეჯმენტი და თანაპარტნიორების მოძიება სხვა უნივერსიტეტებში. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უნიკალური აპარატი, რომლის მხოლოდ 7%-ს იყენებს. ამ აპარატს გაცილებით მაღალი აქვს მარგი ქმედების კოეფიციენტი. სავსებით შესაძლებელია — როდესაც პორტალზე იქნება ატვირთული ჩვენი რესურსებიც, სხვა უნივერსიტეტის მკვლევრების ნაწილმა ჩვენს უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმოს ერთობლივი კვლევა, რომელიც ხარისხობრივად და შინაარსობრივადაც გაცილებით უფრო საინტერესო იქნება. მაგალითად: მედიკოსებმა შეიძლება გამოიყენონ ის კეთილდღეობა და ცოდნა, რაც აქვთ ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, ფიზიკოსებს, ფსიქოლოგებს და, ერთობლივად, კვლევების საფუძველზე წარმოადგინონ ახალი ცოდნის საწყისი. აი, ეს არის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს კვლევითი პლატფორმის შექმნას.
პროექტის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ სტატიკური ველის შექმნა. ეს არის ძალიან დინამიური პროცესი. გარკვეული პერიოდულობით, წელიწადში ერთხელ მაინც, მეცნიერებმა, მკვლევრებმა უნდა განაახლონ, თავიანთი პროგრესის შესაბამისად, თავიანთი ბიოგრაფია, მონაცემები. მეორე მხრივ, ამ პროექტის მიზანი იყო ის, რომ აგვეღო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ევროპული უნივერსიტეტებისგან. ჩვენთან თანამშრომლობს საქპატენტი („საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი“), ჯიტა („საქართველოს ინოვაციებისა და ტექნლოგიების სააგენტო“) და ყველა ის დაწესებულება, რომელიც მეცნიერების პროდუქტის აღიარებაშია ჩართული.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს 12 ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ შორისაა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და, ვთქვათ, ისეთი განსხვავებული პროფილის მქონე დაწესებულება, როგორიცაა კონსერვატორია. ამ 12 პარტნიორში ჩვენ გვყავს რეგიონული უნივერსიტეტებიც, ესენია: ქუთაისის, ბათუმის, თელავის. ამ პროექტის მიზანი მხოლოდ პორტალის ყიდვა არ იყო.
„HERD“ გულისხმობს კვლევებზე ორიენტირებულ თანამოაზრეთა ერთობლიობას.