ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საფრანგეთის პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორების ლექციათა ციკლი მიმდინარეობს. ლექციები Instrumentation in High Energy Physics და Flavour Physics თემებზე ტარდება.
ერთკვირიან კურსს პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის ირენჟოლიო-კიურის ლაბორატორიის (IJCLab) წამყვანი მეცნიერები სერგეი ბარსუკი და პატრიკ რობე უძღვებიან.
„ჩვენ ვატარებთ ლექციებს და ვმართავთ დისკუსიებს ჩვენს კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად. თემატიკა აქტუალურია. სასიამოვნოა, რომ Erasmus+ პროგრამა ცოდნის გაზიარების საშუალებას გვაძლევს. იმედი მაქვს, შეხვედრები საინტერესოდ წარიმართება,“ — განაცხადა სერგეი ბარსუკიმ.
„ეს პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზ-საკლეს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ დაფინანსებით ხორციელდება, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ითვალისწინებს. ძირითადი მიმართულებაა ფიზიკა და ფიზიკასთან დაკავშირებული მეცნიერებები. პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი კონტინენტური ევროპის უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზეა. ჩვენი კოლეგები ლექციებს ქართველი სტუდენტებისთვის კითხულობენ, თუმცა შეხვედრები ღიაა და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია,“ — განაცხადა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა რევაზ შანიძემ.