2020 წელი საქართველოსა და უკრაინის ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობათა მრავალფეროვან ისტორიაში იმდენად მნიშნელოვანი მოვლენით სრულდება, რომ მას შეგვიძლია ვუწოდოთ არა წლის, არამედ საუკუნის მოვლენა, რომელიც ნამდვილი საჩუქარია, როგორც უკრაინელი, ისე ქართველი საზოგადოებისათვის.
სულ ახლახანს კიევში გამოიცა გრიც ხალიმონენკოს უნიკალური ნაშრომი „ქართული ლიტერატურის ისტორია“ („Історія грузинської літератури“). წიგნი თავისი შინაარსითა და აგებულებით მართლაც განსაკუთრებულია. ეს გახლავთ მონოგრაფია, რომელიც აერთიანებს ძველი ქართული მწერლობის ნიმუშებს, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა პროზასა და პოეზიას. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს არა მხოლოდ ტექსტებს, არამედ მათ ავტორისეულ ინტერპრეტაციასა და ანალიზს.
ორიოდე სიტყვით ავტორის შესახებ: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი და თურქოლოგი გრიც ხალიმონენკო უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორია. მას კარგად იცნობენ აკადემიურ და ინტელექტუალურ წრეებში. მისი კოლეგები და მეგობრები ამბობენ, რომ შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას და თავისუფლად, უაქცენტოდ საუბრობს ქართულად.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: „1964 წელს განხორციელდა სტუდენტთა პირველი გაცვლა თბილისისა და კიევის უნივერსიტეტებს შორის. მომდევნო წლის დასაწყისში კი თბილისში ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად ჩამოვიდნენ კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები — ნეონილა ბილიჩენკო და გრიგორი ხალიმონენკო. საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად წარმოგზავნილმა გრიგოლ ხალიმონენკომ საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა. მას ქართულ ენას ასწავლიდა თვით პროფესორი ვარლამ თოფურია. მას უკრაინელ სტუდენტებთან მუშაობაში ეხმარებოდნენ ახალგაზრდა მეცნიერები ნათელა რამიშვილი და ნია აბესაძე“ (ოთარ ბაქანიძე, „კიევის უნივერსიტეტი — ქართველი ახალგაზრდების სავანე“, თბილისი 2015). „უკრაინული ლიტერატურის ისტორია“ სწორედ ვარლამ თოფურიას ხსოვნას მიუძღვნა უკრაინელმა მეცნიერმა — „დაუვიწყარი მასწავლებლის, პროფესორ ვარლამ თოფურიას ხსოვნას“ — ვკითხულობთ წიგნის პირველივე გვერდზე.
საქართველოდან სამშობლოში შემდგარ ქართველოლოგად, თურქული ენის კარგ მცოდნედ ბრუნდება გრიც ხალიმონენკო და განაგრძობს სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. პარალელურად თარგმნის ქართულ მხატვრულ ლიტერატურას. როგორც ჩანს, იგი არასდროს მიუტოვებია ფიქრს ქართულ მწერლობაზე, ქართველ მწერლებზე, ქართული ლიტერატურის გმირებზე, მათ ეროვნულობასა და ინდივიდუალურობაზე. მოსაზრებებმა, დასკვნებმა ნარკვევთა სახე მიიღო, ამას დაემატა ცალკეულ ავტორთა მიმოხილვა, რის შედეგადაც უკვე მონოგრაფიად ჩამოყალიბდა და მრავალწლიანი შრომის შედეგად დაიბადა „ქართული ლიტერატურის ისტორია“.
წიგნის პირველ თავში მიმოხილულია ძველი ქართული მწერლობა: აგიოგრაფიული მოთხრობანი, აპოკრიფები, იაკობ ცურტაველი, იოანე საბანისძე და გიორგი მერჩულე. მეორე თავში შოთა რუსთაველთან ერთად იოანე შავთელს, ჩახრუხაძეს, არჩილ ბაგრატიონს, თეიმურაზ პირველს, მამუკა ბარათაშვილს, საიათნოვასა და ბესიკ გაბაშვილს შეხვდება მკითხველი. მომდევნო თავებში იგი გაიცნობს: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გიორგი წერეთლის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, პაოლო იაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, გურამ დოჩანაშვილისა და სხვათა შემოქმედებას. როგორც ვხედავთ, გრიც ხალიმონენკოს ინტერესის არეალში სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობა მოქცეულა: რომანტიზმის, რეალიზმის, მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლების შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას აწვდის იგი მკითხველს. ვრცელია წიგნში გამოყენებული ლიტერატურის სიაც.
„ქართული ლიტერატურის ისტორიის“ გამოქვეყნებისთანავე, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მწერლისა და მთარგმნელის, აკადემიკოს რაულ ჩილაჩავას სტატია „საზღვარგარეთული ქართველოლოგიის უნიკალური შენაძენი“. რაულ ჩილაჩავა იხსენებს: მას, ვინც გასული საუკუნის სამოციან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ყოფილა, შეუძლებელია არ ახსოვდეს კიევიდან ჩამოსული მკვირცხლი უკრაინელი ჭაბუკი, რომელიც აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე ქართულ და თურქულ ენებს ეუფლებოდა. ამ ჭაბუკს, რომელსაც გრიცკო ერქვა და გვარად ხალიმონენკო იყო, იცნობდნენ არა მარტო მომავალი ფილოლოგები და ჟურნალისტები, არამედ ფიზიკოსები და ბიოლოგებიც, ისტორიკოსებიცა და მათემატიკოსებიც, რადგან ყველას ერთნაირად ხიბლავდა და სიამოვნებდა მისი რაღაცნაირად უცნაური, მაგრამ საყვარელი აქცენტით წარმოთქმული ქართული სიტყვები“ (რაულ ჩილაჩავა, „საზღვარგარეთული ქართველოლოგიის უნიკალური შენაძენი“, ლიტერატურული საქართველო, N 21, 2. 10. 2020).
აღსანიშნავია, რომ სწორედ რაულ ჩილაჩავა გახლავთ წიგნის რეცენზენტი პროფესორ მიხაილო ნაენკოსთან ერთად. ქართულ ტექსტებზე კი უმუშავია ფილოლოგსა და პუბლიცისტს სოსო ჩოჩიას, რომელსაც ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის.
მეტი სიცხადისთვის, აუცილებლად მიგვაჩნია მკითხველისათვის გრიცკო ხალიმონენკოს შესავალი სიტყვიდან ამონარიდის გაცნობა: „მე ხომ მას ვწერდი ქართველი ერის დედაქალაქში სწავლის ბედნიერი წლებისად მისი ყვარულითა და მადლიერებით. და კიდევ: მადლიერებისა და სიყვარულის გარდა საკუთარ მოვალეობად ვთვლიდი გამომეხატა აღტაცება ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურით, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურში შეიტანა არცთუ ისე მრავალრიცხოვანმა ქართველმა ერმა. ამასაც ვიტყოდი: უკრაინული ლიტერატურის სრულად შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ ქართული მწერლობის შეცნობასთან ერთად“, — წერს უკრაინელი მეცნიერი.
გრიც ხალიმონენკოს „ქართული ლიტერატურის ისტორია“ უდავოდ უდიდესი მოვლენაა (უმნიშვნელოვანესი ფაქტია) მსოფლიო ქართველოლოგიასა და უკრაინისტიკაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უკრაინისტიკის ცენტრის სახელით ვულოცავთ ბატონ გრიც ხალიმონენკოს ფენომენალური ნაშრომის გამოცემას და მადლიერებას გამოვთქვამთ მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი ღვაწლისა და უბადლო დამსახურების გამო ქართული ლიტერატურის წინაშე.
სოფიო ჩხატარაშვილი
ფილოლოგიის დოქტორი
უკრაინისტიკის ს./კ. ცენტრი