ნატო ობოლაძე
როგორც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია აცხადებს, იურიდიული ფაკულტეტის განვითარების ამ ეტაპზე, კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, იურიდიულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, ფაკულტეტის აკადემიური გუნდის შენარჩუნება და გაძლიერება, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას სახელფასო განაკვეთების ზრდის აუცილებლობასთან.
„ფაკულტეტი და უნივერსიტეტი მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესორების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით აფილირების იმ წესებიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულ იქნა ავტორიზაციის ახალი სტანდარტით. არ არის დასამალი, რომ იურიდიული ფაკულტეტის მთავარი სიძლიერე ის აკადემიური პერსონალია, რომელიც, წლებია, ამ ფაკულტეტზე არის და რაც განაპირობებს ფაულტეტის მაღალ ცნობადობას და დიდ მოთხოვნებს მის მიმართ, როგორც სტუდენტების მხრიდან პირველი შემოხაზვის მაჩვენებლებით, ასევე შიდა თუ გარე მობილობის აქტუალურობის კუთხით. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენთან აკადემიურ თანამდებობაზე არიან პროფესორები, რომლებიც ქმნიან ქართულ იურისპრუდენციას. ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს საკმაოდ კარგი სოციალური დაცვის გარანტიები აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა შესთავაზოს საკუთარ პროფესორებს ღირსეული ანაზღაურება და ის სოციალური დაცვის გარანტიები, რაც პროფესორს შესაძლებლობას მისცემს — სრულად დაკავდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობით. ამას პირდაპირ უკავშირდება განმავითარებელი შეფასების ფარგლებში უცხოელი ექსპერტების მიერ უნივერსიტეტისთვის მიცემული რეკომენდაცია, რომ სასურველია შეიცვალოს ფაკულტეტისთვის ბიუჯეტის გამოყოფის პრინციპი. უნივერსიტეტი ფაკულტეტს უფრო მეტ თანხას უნდა აძლევდეს თავად ფაკულტეტის მიერ მოპოვებული თანხებიდან. ცხადია, ყველა ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად შემოტანილი თანხებიდან საკუთარი აკადემიური გუნდის ღირსეული განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტმა შეძლოს აფილირებული აკადემიური პერსონალისათვის სოციალური დაცვის უფრო მყარი გარანტიების შექმნა, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ ფაკულტეტებისათვის მეტი ფინანსური ავტონომიის მინიჭებით (რაც ისედაც გათვალისწინებულია საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით), რათა ფაკულტეტებმა თვითონ დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი განვითარებისის მიმართულებები, რომელიც ფაკულტეტის პერსპექტივიდან არსებობს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, იურიდიულ ფაკულტეტს აქვს მთელი რიგი პრეტენზიები ცენტრალური ადმინისტრაციის მიმართ, რაც გამოიხატა მიმდინარე წლის საუნივერსიტეტო ბიუჯეტის დამტკიცების პროცესშიც“, — აცხადებს თამარ ზარანდია.