თსუ-ის „განათლების მეცნიერებების" დოქტორანტი მარიამ მურჯიკნელი თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზეც მუშაობს და ისეთი ახალგაზრდაა, რომ ვერც იფიქრებთ — ორი შვილის დედა რომ არის. მარიამმა დედობის სიხარული პირველად 9 ლის წინ განიცადა, როცა ქვეყნიერებას თენგიზ (თეგი) ჭყოიძე მოევლინა.
„ჭკვიანი, ძლიერი და მოხერხებული ბიჭი ვარ, ვარჯიში, თამაში და მძაფრსიუჟეტიანი წიგნების კითხვა მიყვარს, ნარუტო უზუმაკი კი ჩემი საყვარელი გმირია მულტფილმიდან, რომელიც მეგობრული, მზრუნველი და შეუდრეკელი ბუნების ბიჭია, რომლებსაც ბევრი მეგობარი ჰყავს, ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს. თეგი რომ არა, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ნარუტო“, — ამბობს 9 წლის თეგი, რომელიც მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N 41 საჯარო სკოლაში სწავლობს. თეგი ყველაზე ხშირად სკოლის დავალებების სწრაფად მომზადებასა და სპორტულ ვარჯიშზე ფიქრობს, არც გართობა და მეგობრებთან თამაში ავიწყდება და ბედნიერი არის მაშინ, როცა რაღაც უხარია!
მშობლებისგან მხოლოდ ერთი რამე სწყინს — შენიშვნა, რომელსაც იშვიათად იღებს და ცდილობს მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს. დარწმუნებულია, რომ მომავალში წარმატებული და სამაგალითო ადამიანი იქნება. დიდი სურვილი აქვს კარატის მასწავლებელი „სენსეი“ გამოვიდეს... „როცა ადამიანი გიყვარს და გსიამოვნებს მასთან ყოფნა, მგონია, რომ სიყვარულია“, — გვიმხელს პატარა თეგი, რომელიც წარმატებას ასე ხსნის: „წარმატებაა, როცა რაღაცის მიღწევა გინდა და მას სრულფასოვნად მიაღწევ“.
სიმდიდრეზე და სიღარიბეზეც უფიქრია 9 წლის თეგის და გულწრფელად გვიმხელს: „სიმდიდრე არის როდესაც ადამიანს სახლიც აქვს, ფულიც, საჭმელიც და არაფერი არ აკლია, გაჭირვების დროს კი ადამიანს ცოტა ფული და საჭმელი აქვს და პატარა სახლშიც ცხოვრობს“, — ამბობს თეგი.
* * *
5 წლის თამარს სიგიჟემდე უყვარს თავისი ძმა — ჭკვიანი და ძლიერი თეგი და ცდილობს, რომ სულ მის გვერდით იყოს. პატარა თამარს ყველაზე ძალიან ხატვა უყვარს და უნდა, რომ მხატვარი გამოვიდეს. უყვარს ბაღიც, სადაც დადის და სადაც ბევრი მეგობარი ჰყავს. მშობლებისგან არაფერი სწყინს და როცა გაიზრდება, ჭკვიანი, წარმატებული და — როგორც თვითონ ამბობს — მაგარი გოგო იქნება! „მულტფილმის პერსონაჟი რომ ვყოფილიყავი, ტეილზი ვიქნებოდი სონიკის თამაშიდან, რომელიც კოსმოსში საკუთარი ხომალდით მოგზაურობს და საშინელ ურჩხულებს ამარცხებს“, — გვიმხელს თამარი, რომლისთვისაც ბედნიერებაა ბაღში მეგობრებთან გართობა და თამაში.
სამშობლო მისთვის დედამიწა, ქალაქი და საქართველოა — გვიხსნის უკვე გლობალურად მოაზროვნე პატარა თამარი, რომელიც სიყვარულს დედის დახმარებასა და დაჯერებაში, ხოლო წარმატებას კარგად სწავლაში, 10-იანების მიღებასა და კარგად მუშაობაში ხედავს.
ფერია გოგოს ღმერთთან მხოლოდ ერთი „არაბავშური“ შეკითხვა აქვს: „რამდენ ხანს იცოცხლებს დედა?“ რა ჰქნას? დედიკო ძალიან უყვარს და უნდა, რომ სულ გვერდით ჰყავდეს...