ნატო ობოლაძე
სამეცნიერო კვლევითი აქტივობის მხრივ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყნის მასშტაბით, 2021 წელსაც პირველ პოზიციაზეა. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში თსუ-ში ხორციელდებოდა 200-ზე მეტი (მათ შორის 19 საერთაშორისო) სამეცნიერო პროექტი შემდეგი დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, EC (H2020, Erasmus+), US (Embassy, NIH, The East-West Management Institute, USAID, UNDP, UNICEF, US Department of State), United Kingdom Research and Innovation/Global Challenges Research Fund — UKRI/GCRF; Austrian Development Agency, BMBF … და სხვა. ევროკომისიის ონლაინ პლატფორმის „დაფინანსების და ტენდერების პორტალის“ მონაცემებით, ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების დაფინანსებით, 2021 წელს თსუ ჩაერთო 6 ახალ პროექტში (4 EPLUS, 1 Horizon2020-MSCA-RISE და 1 Horizon2020-RIA).
ელსევიერის Scopus-ის ბაზის მონაცემებით თსუ-ის თანამშრომლების ავტორობით გამოქვეყნდა 492 პუბლიკაცია (2022 წლის 11 მარტის მონაცემებით), აქედან უმეტესი ნაწილი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებას უჭირავს. ამ დრომდე თსუ ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე მთელი კავკასიის რეგიონიდან, რომელიც თაიმსის რანჟირებით (Times Higher Education World University Rankings) მსოფლიო უნივერსიტეტების ჩამონათვალშია.
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 91 სადოქტორო ნაშრომია დაცული, აქედან: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები — 11; იურიდიული ფაკულტეტი — 19; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი — 21; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი — 5; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი — 19; მედიცინის ფაკულტეტი — 9 და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი — 7.
2021 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 410 კვლევითი პროექტი წარადგინა, აქედან დაფინანსდა — 148. შედეგად, თსუ-ს წარმატების ინდექსმა 36% შეადგინა.
„გასული წლის სამეცნიერო პროდუქტიულობაზე თუ ვისაუბრებთ, ორი მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ:
1. თსუ გამოქვეყნებული მაღალრეიტინგული პუბლიკაციების რაოდენობით ლიდერია, პირველი ადგილი უჭირავს. როგორც წესი, თსუ-ს სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციები დაახლოებით 400-დან 600-მდე მერყეობს ხოლმე. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ცოტა დაძაბული იყო გასული წელი. შესაძლოა, წელს შედარებით ნაკლები პუბლიკაცია გამოქვეყნდეს, თუმცა ეს რიცხვი წინა წლებშიც ვარირებდა. აქვე დავამატებ, რომ თსუ დიდი ორგანიზაციაა და, შესაბამისად, უკიდურესი საჭიროებაა, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. ამ მიზნით ჩვენ უკვე გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედდა პოსტ დოქტორანტურის საფეხური, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის დავაწესეთ ფულადი ჯილდო, რომელსაც ისინი მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისთვის იღებენ.
2. უშუალოდ საგრანტო პროექტებში გამარჯვების კუთხით 2021 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით მოპოვებული გრანტების რაოდენობის ჩვენივე რეკორდი მოვხსენით. სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით სხვა საგრანტო კონკურსებშიც საკმაოდ დიდი უპირატესობა გვაქვს. თუმცა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენივე შედეგის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოქტორანტურისა და სამაგისტრო გრანტების მოპოვების მაჩვენებლის ზრდა, რადგან ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი აკადემიური პერსონალია. მიმაჩნია, რომ გასული წელი, სამეცნიერო პროდუქტიულობის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იყო,“ — აღნიშნავს თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.
2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების შედეგების სტატისტიკა ასეთია:
- ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში 187 წარდგენილი პროექტიდან დაფინანსდა — 49, რაც აღემატება საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლისა თუ ორგანიზაციის მიერ მიღებულ გრანტებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკუთარი მაჩვენებელიც გაიუმჯობესა და ამ კონკურსის ისტორიაში წელს ყველაზე მეტი გრანტი მოიპოვა (აქამდე თსუ-ს 2012 წელს დაუფინანსდა ყველაზე მეტი — 42 პროექტი).
- საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევის კონკურსში წარდგენილი 14 პროექტიდან დაფინანსდა — 2;
- დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში წარდგენილი — 89-დან დაფინანსდა 35 პროექტი;
- ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში წარდგენილი — 38-დან დაფინანსდა — 14;
- საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებში წარდგენილი 18-დან დაფინანსდა 13 პროექტი.
- კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში წარდგენილი 3-დან დაფინანსდა 2 პროექტი.
- მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსში წარდგენილი 3-დან დაფინანსდა 2 პროექტი.
- საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში წარდგენილი 7-დან დაფინანსდა 1 პროექტი.
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში წარდგენილი 9-დან დაფინანსდა 2 პროექტი.
- სსიპ — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში წარდგენილი 25-დან დაფინანსდა 18 პროექტი.
- მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში წარდგენილი 17-დან დაფინანსდა 10 პროექტი.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი პასუხისმგებელია ყველა საგრანტო პროექტზე, რომელიც სამეცნიერო კონკურსზე იგზავნება. პროექტის ინიციირებიდან მის დასრულებამდე ჩვენი თანამშრომლები კონსულტაციას, მათ შორის, ზოგჯერ რამდენიმეჯერ, და ტექნიკურ დახმარებას უწევენ პროექტის ავტორებს, როგორც ფონდის საკონკურსო პირობების, ასევე, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი ტექნიკური თვალსაზრისით გამართული იყოს. რაც არ უნდა კარგი კვლევითი პროექტი იყოს, ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, შესაძლოა განაცხადი კონკურსის პირველივე ეტაპიდან მოიხსნას. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე საგრანტო კონკურსებისათვის საკონსულტაციო პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა დეპარტამენტისთვის. თუმცა, ჩვენ კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი დავნერგეთ, რამაც, ვფიქრობ, წარმატებით იმუშავა. რისთვისაც, ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლებს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა,“ — აღნიშნა გიორგი ღვედაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის სამეცნიერო აქტივობის დეტალური ანალიზი იხილეთ: https://bit.ly/3vOAiFm