2021 წლის 24-25 ივნისს, პლატფორმა "ზუმის" (Zoom.us) გამოყენებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა.“
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 42 მეცნიერ-მკვლევარი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საკვანძო მოხსენებით – „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია პოლონეთსა და საქართველოში — შედარებითი მიმოხილვა“ – წარსდგა პოლონეთი-აღმოსავლეთ თანამშრომლობის ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს მდივანი, სამეცნიერო ჟურნალ "Studia Wschodnioeuropejskie"-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, დოქტორი პაველ სტავარცი (ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი).
კონფერენციამ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებისა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას ინიციატივითა და ორგანიზებით, პირველად 2013 წელს ჩატარდა, მრავალ სამეცნიერო ნაშრომსა და მომხსენებელს გაუკვალა გზა. წელსაც, ტრადიციულად, არაერთი საინტერესო კვლევა იქნა წარმოდგენილი. გთავაზობთ რამდენიმე მოხსენების მოკლე მიმოხლვას:
ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში: დინამიკა და გეოგრაფია
მომხსენებლები: რევაზ გაჩეჩილაძე (გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი), გოგი გოგსაძე (გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი).
XXI საუკუნეში ევროპის პოსტ-კომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ელექტორატის მზარდი აბსენტეიზმი განპირობებულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის, პოსტ-კომუნისტური დემობილიზაციით, საზოგადოების პოლიტიკური ენთუზიაზმის შემცირებით, სამოქალაქო საზოგადობის ინსტიტუტების სისუსტით, პოლიტიკური კონტექსტით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით, მასობრივი ემიგრაციით და ა.შ. პოსტ-საბჭოთა ისტორიის განმავლობაში საქართველომ, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიამ, გამოიარა სამოქალაქო ომი, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, რუსული არმიის ინტერვენცია, 1990-იანი წლების უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და სხვა დრამატული მოვლენები. მიუხედავად ამისა, მისი დემოკრატიული განვითარება არ შეჩერებულა. 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ქვეყანა ეტაპობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. ამის გათვალისწინებით, ძირითად საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. ამომრჩეველთა აქტივობის გეოგრაფიული შესწავლა საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების აღქმის ერთ-ერთი გზაა. პოლიტიკური და დემოგრაფიული პროცესების ანალიზი, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საქართველოს ამომრჩეველთა აქტივობაზე საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ ორი პერიოდი: 1990–2000-იანი წლები და 2010-იანი წლები. დამოუკიდებლობის პირველი ორი ათწლეულისთვის დამახასიათებელი იყო მოსახლეობის რაოდენობის და ამომრჩეველთა აქტივობის ერთდროული შემცირება: ელექტორატის ჩართულობა 14 პროცენტული პუნქტით დაეცა (67,1%-დან 1990 წ. 53,3%-მდე 2008 წ.). დაწყებული 2008 წლიდან, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 53 და 61 პროცენტს შორის მერყეობს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ ოთხ საპარლამენტო არჩევნებში (2008, 2012, 2016, 2020 წწ.) აქტივობის დონე ერთგვარად მერყეობდა, მაგრამ განუხრელად არ იკლებდა, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა ამ პერიოდში თითქმის სტაბილური რჩებოდა.
ნაშრომის ძირითადი მიგნება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ელექტორატის აქტივობას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს – პოლიტიკური კონტექსტი და მასობრივი ემიგრაცია.
ეროვნული იდენტობა და საგარეო პოლიტიკა
მომხსენებელი: ზურაბ დავითაშვილი (მეცნიერებათა დოქტორი)
მოხენების მიზანი იყო გაერკვია ეროვნული იდენტობის და საგარეო პოლიტიკური კურსის ურთიერთკავშირი როგორც ზოგადად, ისე, კერძოდ, საქართველოს მაგალითზე.
ეროვნული იდენტობა გულისხმობს პასუხს კითხვებზე: ვინ ვართ ჩვენ, რა ფუნქცია გვაკისრია, ვინ არიან „ჩვენები“ და ვინ „სხვები“? შესაბამისად, საკითხი დგება ასე: რა როლი აკისრია ეროვნულ იდენტობას სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ კურსში? და რადგან საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი ეროვნული ინტერესებია, კითხვა შეიძლება ასეც დაისვას: რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ეროვნული იდენტობა და საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები?
ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს და ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს ადგილზე საერთაშორისო სისტემაში, მის ძალასა და ძლიერებაზე, ისტორიულ ფაქტორებზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რესურსებით უზრუნველყოფაზე და ა.შ. დიდი და ძლიერი ქვეყნების ეროვნული ინტერესები მკვეთრად განსხვავდება პატარა, სუსტი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესებისაგან. თუ პირველი მათგანის ინტერესები ხშირ შემთხვევაში ჰეგემონისტურია, პატარა ქვეყნების მთავარი საზრუნავი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის ეროვნული იდენტობა განისაზღვრება, როგორც „მესამე რომი“, „მესია“, ზესახელმწიფო, რომლის არებობა იმპერიის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი თვითიდენტიფიკაცია გულისხმობს, რომ მას თავის გავლენის ქვეშ უნდა ჰყავდეს პატარა და სუსტი, მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთა სივრცე. მისი საგარეო პოლიტიკაც ამ მიზანს ემსახურება. ნაკლები მასშტაბის, მაგრამ ჰეგემონისტური ინტერესები აქვს თურქეთსაც. ათათურქისეული ნაციონალიზმი „თურქიზმი“ ცივი ომის დამთავრების შემდეგ ნელ-ნელა იცვლება ნეოოტომანიზმით, რაც გულისხმობს ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებზე თურქეთის წამყვან როლს. შესაბამისად, თანამედროვე თურქული საგარეო პოლიტიკაც ამ ახალი იდენტობის გამოვლინებაა.
აზერბაიჯანელების, როგორც ახალგაზრდა ერის ეროვნულ იდენტობაში ორი მიმართულება შეიმჩნევა: თურქიზმი (ერთი ერი, ორი სახელმწიფო) და აზერბაიჯანიზმი, რომლის მნიშვნელობა უკანასკნელ დროს სულ უფრო ძლიერდება. ამ უკანასკნელის გამოვლინებაა აზერბაიჯანის დაბალანსებული პოლიტიკა, მაგრამ თურქიზმის ძლიერი ფესვები განაპირობებს თურქეთის უფროს ძმად აღიარებას და მისი აზერბაიჯანის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას.
რაც შეეხება სომხეთს, მისი ეროვნული იდენტობა გამორჩეულ და ტანჯულ ერად აღქმას ემყარება. „დიდი სომხეთის“ აღდგენის ნაციონალურმა იდეამ კი ის უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. სომხეთის მთავარი ეროვნული ინტერესი დღეს თვითგადარჩენაა მტრულად განწყობილი მეზობლებისაგან, რომლის გარანტიც რუსეთია. შესაბამისად, ამით აიხსნება სომხეთის სრული დამოკიდებულება რუსეთზე.
ქართული ეროვნული იდენტობა მრავალმნიშვნელოვანია. ერთი შეხედულებით, ქართველები განცალკევებული ერია, რომელსაც ნათესავი ერები არ ჰყავს. ამიტომ მისი საგარეო პოლიტიკა ნეიტრალიტეტს უნდა ემყარებოდეს. მეორე წარმოდგენით, ქართველები, უპირველეს ყოვლისა, კავკასიელები არიან და ამდენად, ძალისხმევა კავკასიური კავშირის შესაქმნელად უნდა მიმართოს, სადაც მას წამყვანი როლი ექნება. სხვა შეხედულებით, საქართველო მართლმადიდებლურ ცივილიზაციას მიეკუთვნება და ამიტომ მისი პოლიტიკა მართლმადიდებლური სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული. გამოითქვა მოსაზრება ქართველების ევრაზიულობის შესახებაც. საქართველოს შემთხვევაში ყველა ეს მოსაზრება საგარეო პოლიტიკის ქართულ იდენტობასთან კავშირის შესახებ მიუღებელია პირველი ორი უტოპიურობის, დანარჩენი კი აშკარა რუსული ხასიათის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო. ეს გზა საქართველოს, უბრალოდ, არ დაუტოვეს.
საქართველოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, პროგრესი, ეკონომიკური წინსვლა და დემოკრატია გარანტირებული და შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთის სამყაროსთან მჭიდრო კავშირში. ამიტომ არის ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური ინტერესი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ რამდენად კავშირშია ეს ქართულ ეროვნულ იდენტობასთან? რა თქმა უნდა, ქართველები თავს უფრო ევროპელებად მიიჩნევენ, ვიდრე აზიელებად, მაგრამ „ნამდვილ ევროპელებად“ ანუ დასავლურ ცივილიზაციის ნაწილად თვითაღქმა უჭირთ. ქართველები, ჰანტინგტონისეული ხედვით, „გახლეჩილი ერია“, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ (მართლმადიდებლურ) ცივილიზაციას, პოლიტიკური ორიენტაცია კი აქვთ მეორე (დასავლურ) ცივილიზაციაზე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს მისი ეროვნული ინტერესები განსაზღვრავს, რომელიც ამ შემთხვევაში ნაკლებად აიხსნება ქართველების ევროპული იდენტობით. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს საწინააღმდეგო მოვლენასთან: საგარეო პოლიტიკური კურსი ახდენს გავლენას ეროვნულ იდენტობაზე და მიმდინარეობს ქართული ეროვნული იდენტობის ევროპეიზაცია.
იდენტობა, კონსერვატიზმი და პოლიტიკური შეხედულებები ქვემო ქართლის მოსახლეობაში
მომხსენებლები: ლაშა ტუღუში (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი), მალხაზ გაგუა, ალექსანდრა კალატოზიშვილი.
კვლევა ასახავს ქვემო ქართლის მოსახლეობის (ქალაქ რუსთვის გამოკლებით) განწყობის კომპლექსური კვლევის შედეგებს.
კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონის ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან არა მხოლოდ იდენტობასთან, არამედ ღირებულებებთან და პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული საკითხების თვალსაზრისით. ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობა ეთნიკური იდენტობის, ენის ცოდნის და საინფორმაციო წყაროების კუთხით აზერბაიჯანთან და თურქეთთან უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსახლეობა საკუთარო ოჯახის, დასახლების და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას, ძირითადად, საშუალოდ აფასებს, ეთნიკურ ჯგუფებს შორის დინამიკა ამ რეგიონში ყურადღებას საჭიროებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების იდენტობა ამჟამად დინამიკურ, ფლუიდურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც, ძირითადად, მათი ეთნიკური და რელიგიური თვითიდენტიფიკაციის ცვლასთან ან გაძლიერებასთანაა დაკავშირებული. ეს უკანასკნელი გულისხმობს რელიგიური ცხოვრების სხადასხვა ასპექტებს, რასაც, ქართულ თემთან შედარებით, აზერბაიჯანულში უფრო ინტენსიური სახე აქვს. ამასთან, თავად აზერბაიჯანული თემის შიგნითაც მიდის ერთგვარი კონკურენცია ისლამის ორ ძირითად დენომინაციას — შიიტებსა და სუნიტებს — შორის. როგორც აღმოჩნდა, ორივე (შიიტური და სუნიტური) დენომინაციის წარმომადგენლები ეწევიან პროზელიტიზმს, განსაკუთრებით აქტიურობენ შიიტური სასულიერო პირები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს განათლება ირანის სასულიერო ცენტრებში აქვს მიღებული და ამ ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობს. გარდა რელიგიური ფაქტორისა, ქვემო ქართლის აზერბაიჯანული თემის ფლუიდურობას სერიოზული ეთნიკური მდგენელიც აქვს. თვალშისაცემია ზე-თურქული იდენტობის გაძლიერება, რასაც განსაკუთრებული ბიძგი მისცა ყარაბაღის 2020 წლის ომმა. გარდა აზერბაიჯანული და ზე-თურქული (პან-თურქული) თვითიდენტიფიკაციისა, ამ თემის დიდი ნაწილი თავს ბორჩალოელად და/ან ყარაფაფახად მიიჩნევს. მათში ქართული იდენტობის ხვედრითი წილი კი უმნიშვნელოა. ფლუიდურობის მაჩვენებელი როგორც რელიგიურ, ისე ეთნიკურ ჭრილში უფრო თვალსაჩინოა ახალგაზრდა თაობაში.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მოსახლეობაში აზერბაიჯანელების დამოკიდებულება და მოლოდინები ქართველების მიმართ უფრო დადებითია, ვიდრე ქართველებისა აზერბაიჯანელების მიმართ. ამასთან, აზერბაიჯანელები, სხვა ჯგუფების უფლებებთან შედარებით, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს უფრო ნაკლებად დაცულად აღიქვამენ და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში უფლებების უსამართლოდ შეზღუდვას უფრო ხშირად გრძნობენ. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ქვემო ქართლის ქართველი მოსახლეობა ნაკლებ მზაობას ამჟღავნებს რელიგიური უმცირესობების მიერ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ ეს ქართველების ერთიანობას უშლის ხელს.
აზერბაიჯანული თემი უფრო კონსერვატიულია ბავშვის აღზრდასა და შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში, უფრო ხშირად არის ორიენტირებული ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვასა და ტრადიციული სოციალური ნორმების დაცვისკენ. თუმცა ქართველები გაცილებით უფრო კონსერვატიულ შეხედულებას ავლენენ უცხოელის მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის უფლებასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის აზერბაიჯანული თემი ინფორმაციულ და კულტურულ ველზე მნიშვნელოვანწილად მოწყვეტილია საქართველოს კონტექსტს. აქ ნაკლებად ეცნობიან ქართულ მედია გამოცემებს და უპირატესობას ანიჭებენ აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ მედიებს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება რამდენიმე ადგილობრივი მედია გამოცემის გააქტიურება, რომლებიც ამ თემში დომინანტურ პოზიციებს იკავებენ და ასევე მოწყვეტილნი არიან ქართულ კონტექსტს. ამასთანავე, აზერბაიჯანელი თემის შეხედულებები საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებთან დაკავშირებით გვიჩვენებს, რომ მათი აზრები განსხვავდება როგორც ქვემო ქართლის ქართველი, ასევე, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისგან და ნაკლებად პროდასავლურია. აზერბაიჯანელების შეხედულებები მტერი და მეგობარი ქვეყნების შესახებ გვიჩვენებს, რომ ისინი პირველ რიგში ეთნიკური და რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე აზროვნებენ და სახელმწიფოებრივ პერსპექტივას ნაკლებად ხედავენ.
კონფერენციის – „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ – ავტორებს საშუალება ეძლევათ“ მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გაგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ (http://www.es.tsu.ge).
მოამზადა მაია ტორაძემ