მაია ტორაძე
„30 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ — ასე ერქვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც 21 მაისს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.\
1992 წლის 31 ივლისს საქართველოს რესპუბლიკა გაეროს 179-ე წევრი გახდა. ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და პირველი სესია გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თედო დუნდუამ, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, როგორც ევროპის საინტეგრაციო ზონის შემადგენელ ნაწილზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებმაც მრავალფეროვანი სამეცნიერო თემატიკა გაშალეს: ანჯეი პუქშტომ (ლიეტუვის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტი) ისაუბრა ლიეტუვის საერთაშორისო აღიარებაზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან გაეროში გაწევრიანებამდე: „ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა 1990 წლის 11 მარტს და ეს დღე ოფიციალური დასვენების დღეა ლიეტუვაში", — თქვა მან.
ედგარს ენგიზერსმა (ბალტიის საერთაშორისო აკადემია; ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო) ისაუბრა ლატვიის საერთაშორისო აღიარებაზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან გაეროში გაწევრიანებამდე.
სერგეი ტამბიმ (ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი) ისაუბრა ესტონეთის გაეროსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის ამ მოვლენათა მნიშვნელობაზე: „ეს მისია ფოკუსირებულია მრავალ მოვალეობაზე, მათ შორის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მოქალაქეების დაცვის პასუხისმგებლობაზე", — აღნიშნა მან.
საინტერესო კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმა. ნათია ფიფიამ (თსუ) ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო აღიარებაზე დამოუკიდებლობის აღდგენიდან გაეროში გაწევრიანებამდე, ხოლო ლერი თავაძემ (თსუ) ისაუბრა საქართველოს ახალი ეროვნული იდენტობის შესახებ: „ეს მონონაციონალური და მულტიეთნიკური შუა საუკუნეების საქართველო მისაბაძი ნიმუში ხდება თანამედროვე საქართველოს ეროვნული იდენტობის განახლებისას", — თქვა მან.
კონფერენციის წინაშე მოხსენებით — „საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოზიცია დამოუკიდებლობის აღდგენის დროს (1991 წელი)“ წარსდგა დიმიტრი შველიძე (თსუ), რომელმაც პოლიტიკური გარემოს დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე არაერთი საგულისხმო მიგნება გაუზიარა საზოგადოებას.
ამავე სესიაზე თსუ-ის დოქტორანტმა გიორგი არქანიამ ისაუბრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან: „ჩვენთვის მთავარია პირობა, რომ ყველა კანონი და სამართლებრივი აქტი იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან“, — აღნიშნა მან.
აკაკი ჩიქობავამ (თსუ) თანამედროვე საქართველოში პრივატიზაციის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ზვიად გამსახურდია თუ აპირებდა ქარხნების ნაწილობრივ პრივატიზებას, ის არ აპირებდა ქართული მიწის, როგორც რესურსის, პრივატიზებას. მისი ოპონენტები კი საუბრობენ, როგორც მის ნაციონალისტურ ბუნებაზე, რომ სწორედ ამიტომ არ აპირებდა ამ მიწების პრივატიზებას, რათა ის უცხოელების ხელში არ აღმოჩენილიყო. ეს, ჩემი აზრით, აბსურდული ბრალდებაა.“
კონფერენციაზე ბოლო მოხსენება წარადგინა ნიკო ჯავახიშვილმა (თსუ), რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე მათი გაეროში მიღების შემდეგ.
კონფერენციის ორივე სესიის შემდგომ საინტერესო დისკუსია გაიმართა.