ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულებამ მომდევნო 7 წლიანი აკრედიტაცია გაიარა. პროგრამა სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით სიახლეებს სთავაზობს. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ირინე ქურდაძეს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმის დამსაქმებლების მოთხოვნებთან შესაბამისობის, სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე ესაუბრა.
— საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის შემდეგ კონკრეტულად რა სიახლეებს სთავაზობთ სტუდენტებს?
— ჩვენი ინსტიტუტის გუნდის მიერ ბევრი სიახლე დაიგეგმა და უკვე მიმდინარეობს განხორციელება. საერთაშორისო სამართლის საბაკლავრო და სამაგისტრო საფეხურებზე არჩევითი საგნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შედეგად სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი პროფესიული ინტერესის მიხედვით დაგეგმოს სასწავლო ცხრილი. სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სახელმწიფო პრაქტიკული სასწავლო კომპონენტი სავალდებულო გახდა, რაც ჩვენც გავითვალისწინეთ და შესაბამისი მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსთან. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლის დასრულებისას გამომუშავებული ექნება ის უნარები, რაც დასაქმებისას დასჭირდება.
— რამდენად მრავალფეროვანია არჩევითი საგნები თემატური თვალსაზრისით?
— იურიდიული განათლება რეგულირებადი პროფესიაა და ჩვენს პროგრამებში, ბუნებრივია, დიდი ნაწილი სავალდებულო საგნებს ეკუთვნის, თუმცა გავაფართოვეთ არჩევითი საგნების სიაც — 10-ზე მეტი საგანი საბაკალავრო საფეხურზე, სამაგისტროზე — გაცილებით მეტი. საერთაშორისო სამართალი განვითარებადი სფეროა და იმ სიახლეებთან ერთად, რაც საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში ხდება, ჩვენ სტუდენტებს შესაბამის ახალ კურსებს ვთავაზობთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსტრაკურიკულური ღონისძიებების ციკლი (საჯარო ლექციები, დისკუსიები...), რასაც სტუდენტებს ვთავაზობთ. მთელი წლის განმავლობაში საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები ატარებდნენ საჯარო ლექციებს, მათ შორის ბოლო ლექციები მიეძღვნა საქართველო-რუსეთის საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა და გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოებმა განიხილეს. ეს უკანასკნელი წაიკითხა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაუტერპახტის ცენტრის სამართლის დოქტორმა. სტუდენტებს ვთავაზობთ მოკლე სასწავლო სერტიფიცირებულ კურსებს, ამ კურსებს ქართველ მკვლევარებთან ერთად ევროპისა და ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი უძღვება.
— თქვენ სთავაზობთ სასწავლო კურსებს, რომელიც დამსაქმებელთა მოთხოვნებს პასუხობს?
— ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შარშან ჩვენს პროგრამაზე მიღების კვოტა გავაორმაგეთ და კონკურსი მაინც მაღალი შენარჩუნდა. ახალგაზრდებში საერთაშორისო სამართლისადმი ინტერესი დიდია და ჩვენ მათ შესაბამისი დონის სასწავლო პროგრამას ვთავაზობთ. ასევე, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებაა და ჩვენი სტუდენტები გაცვლით პროგრამებში ხშირად წარმატებით მონაწილეობენ. გარდა ამისა, ბევრ საერთაშორისო პროგრამაში ინდივიდუალურად ერთვებიან.
როდესაც ინტერნაციონალიზაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გრონინგენის უნივერსიტეტთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ორმაგი დოქტორანტურის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დავიწყეთ, რომელშიც ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე და დოქტორანტი ნიკა მელქაძე ჩაერთვნენ.
გასულ წელს პატივი მერგო და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის წოდება მოვიღე. ERASMUS-ის ამ პროექტის ფარგლებში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს ახალი სასწავლო კურსი შევთავაზეთ, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებასა და მრავალფეროვნებას, არადისიკრიმინაციული მიდგომებისა და სიძულვილის ენის სტანდარტის შესწავლას ეძღვნება. პროექტის იმპლემენტაციაში ჩართულები არიან ჩვენი ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ კევლიშვილი და ასისტენტი/დოქტორანტი თამარ ალექსიძე. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა (სტუდენტური კონფერენციები, დისკუსიები), სადაც ევროკავშირის შესაბამისი მიდგომები განიხილებოდა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ასპირანტი ქვეყნისთვის, რათა უკეთ ვიცნობდეთ ევროკავშირის სტანდარტებს და ვაცნობიერებდეთ — რა მოგვეთხოვება ჩვენ და რა სიკეთეების მიღება შეგვიძლია გაწევრიანების შედეგად.
— რამდენად არიან სტუდენტები ჩართული კვლევით პროცესში?
— მოგეხსენებათ, პანდემია მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული გამოწვევაა. ბუნებრივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი ცვლილების განხორციელება მოუწია ახალ რეალობასთან ადაპტირებისთვის. შესაბამისად, ჩვენც ონლაინ ფორმატში ვცდილობთ, რომ სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ღონისძიება შევთავაზოთ. განვითარებული ტექნოლოგიების მეშვეობით კვლევითი პროცესი არ შეფერხებულა, ხელმისაწვდომია ელექტრონული სამეცნიერო ბაზები, საბიბლიოთეკო სერვისი... ჩვენ მიმართულებაზე გარკვეული ცვლილებები სილაბუსებშიც ავსახეთ და კვლევით პროექტებზე შეფასების წილი გავზარდეთ, განსაკუთრებით სამაგისტრო საფეხურზე. შედეგად მივიღეთ ახალგაზრდების ძალიან საინტერესო კვლევები, რადგან სტუდენტები ისეთი საინტერესო კუთხით უყურებენ აქტუალურ საკითხებს ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში, რომ შეიძლება გამოცდილი მეცნიერიც კი არ დაფიქრდეს...
ჩვენი სტუდენტები, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, ეს უკვე დიდი ხნის ტრადიციაა. ახლახანს ჩვენი მიმართულების სტუდენტებმა გაიმარჯვეს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლოს კონკურსში. მინდა გუნდის თითოეულ წევრს მივულოცო და წარმატება ვუსურვო.
— რამდენად არის მიმართულების აკადემიური პერსონალი კვლევით პროცესში ჩართული და რამდენად ეხება მათი კვლევის თემატიკა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში არსებულ აქტუალურ საკითხებს?
— პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად კვლევების წარმოება, რა თქმა უნდა, შრომატევადი პროცესია, მოითხოვს დიდ ენერგიას, თუმცა ჩვენი გუნდი ამ მიმართულებასაც წარმატებით უმკლავდება. ეს პროცესი მიმდინარეობდა აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობითა და ჩართულობით, რასაც ვაგრძელებთ. არაერთი სამეცნიერო პროდუქტის დასახელება შეიძლება, მათ შორის აღვნიშნავ პუბლიკაციების სერიას, რომლის გამოცემაც დაიგეგმა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ და მზადების პროცესშია. პირველი პუბლიკაცია არის ინგლისურენოვანი და ეძღვნება ბატონი ლევანის 95 წლის იუბილეს. ამ გამოცემის მიზანია, უცხოელ კოლეგებს გავაცნოთ-გავუზიაროთ საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის (რომლის დამაარსებელი/შემქმნელი სწორედაც რომ აკადემიკოსი ლევან ალექსიძეა) გამოცდილება და ხედვა. გამოცემა პროფესორ დავით პატარაიას უზომო ძალისხმევითა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერით იბეჭდება. ამასთანავე, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გრიფის მისანიჭებლად ორი პუბლიკაცია უკვე გადავეცით — ასოცირებული პროფესორის მაია ბითაძის პუბლიკაცია, რომელიც გარემოს დაცვით სამართალს ეხება და მოწვეული ლექტორის დავით გეფერიძის პუბლიკაცია საერთაშორისო საჰაერო სამართლის საკითხებზე (მეორე გადამუშავებული გამოცემა). ასევე, ყოველ წელს, ჩვენი პროფესორის კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით გამოიცემა სამეცნიერო სტატიათა კრებული, სადაც გამოცდილ მკვლევრებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერების სტატიებიც ქვეყნდება. სულ რაღაც ერთ კვირაში პროფ. კორკელიას რედატორობით აქტუალურ თემაზე სამეცნიერო სტატიათა კრებულის — „ადამიანის უფლებათა დაცვა და კოვიდ-19 პანდემია“ პუბლიკაციის პრეზენტაცია არის დაგეგმილი. ახლახანს ჩვენმა ასისტენ-პროფესორმა ნინო რუხაძემ გამოაქვეყნა სტატია — „სახელმწიფოს იმუნიტეტი და ადამიანის უფლებები“, რომელიც წარმოადგენს მისი სადოქტორო კვლევის გადამუშავებულ/შევსებულ სამეცნიერო ნაშრომს.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კვლევითი მიმართულებით, არსებული რესურსების გათვალისწინებით, წარმატებით განვაგრძოთ მუშაობა.
— საინტერესოა პანდემიისას როგორ მიმდინარეობს სტუდენტთა მომსახურება ადმინისტრაციული საკითხების კუთხით...
— უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის სტუდენტის და ყველა დანარჩენი ვართ იმისთვის, რომ შესაბამისი კვალიფიციური ცოდნა მივცეთ და სათანადო გარემო შევუქმნათ. თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ადმინისტრაციული მომსახურების მიმართულებით ძირითადად ახალგაზრდები მუშაობენ და მათ კარგად ესმით, თუ რა პრობლემა შეიძლება შეექმნათ სტუდენტებს. ვიმყოფებით დისტანციურ რეჟიმში, არის გამოწვევებიც, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ სწრაფად და კომპეტენტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს.