ნინო პოპიაშვილი
მაია ტორაძე
27 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „1921 წლის ისტორიულ-კულტურული მოვლენები: ხედვა საუკუნის შემდეგ“ გამართა. კონფერენციის მიზანი იყო ინტერდისციპლინურ კონტექსტში განხილულიყო 1921 წლის მოვლენები, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ოკუპაციის ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული, პოლიტიკური, ეთნოლოგიური და სხვა ასპექტები. კონფერენცია მიეძღვნა ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის (1921-2013) დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
კონფერენცია გახსნა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის ისტორია 1921 წლიდან დღემდე და ის მოვლენები, რომელიც 1921 წელს მოხდა, რამაც უამრავი რამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრების ბოლო საუკუნე. როგორც პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ამ საუკუნის შეფასებისათვის, ალბათ, ყველაზე უფრო ლოგიკური ადგილი დღეს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც პირველი რესპუბლიკის თანატოლია და ისტორიის უკუღმართობა რომ არა, ისინი ერთად უნდა განვითარებულიყვნენ და დაღვინებულიყვნენ. უნივერსიტეტმა ძნელბედობის მიუხედავად, მაინც მოახერხა განვითარება და დღეს, როგორც მთელი თავისი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, უნივერსიტეტს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი ერის წინაშე. იგი განსაზღვრავს ქართული მეცნიერებისა და განათლების ბედს. ეს მასშტაბური, მაგრამ დღეს უკვე ქართულ აკადემიურ სივრცეში ტრადიციულად ქცეული ამოცანაა.
„დიახ, სრულიად ლოგიკურია, რომ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 1921 წლის მოვლენების მეცნიერულ შეფასებას ეძღვენება, თსუ-ში ტარდება და ტარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით. ასევე, სრულიად ლოგიკურია, რომ იგი ეძღვნება დიდი ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლის იუბილეს, დამოუკიდებელი საქართველოს ტოლის და სწორის, მისი ღირსეული შვილის 100 წლის თავს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა 1921 წლის მოვლენების ყველა სიმძიმე, ყველა ჭირ-ვარამი და იმ ეპოქის ჭეშმარიტ მემატიანედ იქცა. ყველა ტკივილი და განცდა, სამშობლოს ბედ-იღბლის გააზრება, შეფასება თავისი ელვარე ნიჭის წყალობით ჭაბუა ამირეჯიბმა ესთეტიურ ფასეულობად აქცია და არა მარტო თავის თანამემამულეებს დაუტოვა, არამედ მსოფლიო ლიტერატურას შეუერთა და საკაცობრიო ღირებულებად აქცია“, – აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა და მადლობა გადაუხადა ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრებს კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისთვის.
სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც თავის გამოსვლაში გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები, რომლებმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. მისი თქმით, საუკუნის წინანდელი ეპოქა და ისტორიული კონტექსტი ჯერ კიდევ არაა მეცნიეულად სრულად შესწავლილი და ამგვარი კონფერენციები ამითაცაა მნიშვნელოვანი. „ისტორია ბევრ რამეს გვასწავლის და კარგი იქნება, რომ დღევანდელმა პოლიტიკოსებმაც გაითვალისწინონ ის ფონი, რომელიც მაშინ არსებობდა. ყველაფერი მეორდება ზუსტად ისეთივე თარგით, რომელიც მაშინ იყო. დაწყებული ეთნოკონფლიქტებით და დასრულებული შიდა განხეთქილებით. ამდენად, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ჩვენ თვითონ და ბევრი რამ უნდა შევთავაზოთ დაინტერესებულ საზოგადოებას“, — აღნიშნა მან.
საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედი ერთიანობაა და ახლაც, როგორც საუკუნის წინ, ერს მართებს შეკავშირება იმ ღირებულებების დასამკვიდრებლად, რისთვისაც დიდი წინაპრები იბრძოდნენ. „ძალიან ბევრს შეუფასებია ეს პერიოდი და, თუნდაც, ქვეტექსტურად ძალიან ბევრ ნაწარმოებში იკითხება ხოლმე ეს განწყობა. მიხარია, რომ უნივერსიტეტი იცლის ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესაფასებლად და მასში ჩართულები არიან ასეთი გამორჩეული მკვლევრები“, – თქვა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, თსუ-ის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ისტორიული კუთხით მიმოიხილა განვლილი პერიოდი და აღნიშნა, რომ ისტორიოგრაფიაში არის ასეთი მეთოდი, ბოლო პერიოდში ძალიან მოდური, ე.წ. მასშტაბებით თამაში, როდესაც გლობალური ისტორიული პროცესებიდან ჩვენ ჩავდივართ მიკროდონემდე და ვსწავლობთ მიკროთემებს. „დაახლოებით იგივე პროცესი დავინახე მე დღევანდელ მოხსენებებში, როდესაც, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დიდი შემოქმედის შესწავლით ჩვენ გავდივართ გაცილებით მნიშვნელოვან გლობალურ და ეპოქალურ თემებზე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს დღეს თსუ, რადგან კიდევ ერთხელ გააზრება ჩვენი უახლესი ისტორიისა მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეს არ არის მხოლოდ იმის შეფასება — თუ რა მოხდა. კონფერენციის მასალები, რომლებსაც გავეცანი, თვალნათლივ გვანახებს, რომ მონაწილეები გაიაზრებენ მთელი მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ადგილს ქართული ლიტერატურის ისტორიაში და მსოფლიო კონტექსტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ოკუპაციის შემდგომ ქართულმა ლიტერატურამ იმ ნავსაყუდელის ფუნქცია იკისრა, რომელსაც ქართული თვითშეგნება, ქართული ნაციონალური მეხსიერება ჰქვია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მასალები იკვეთება, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ 20-ე საუკუნის ქართულ ლიტერატურას“, – განაცხადა მან.
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ამ 100 წლის განმავლობაში არა ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ, ცხადია, ისტორია არ ყოფილა მხოლოდ შავ-თეთრი. ისტორიული პანორამა ამ 100 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო ფართო და მრავალფეროვანი იყო. ჩვენი დღევანდელი კონფერენციის პროგრამაც სწორედ ამაში გვარწმუნებს. სიმბოლურია, რომ ეს კონფერენცია ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლის იუბილეს ემთხვევა. თანამედროვეთა შეფასებით, სწორედ ჭაბუა ამირეჯიბი იყო ის პიროვნება, რომელიც იმდროინდელ უღიმღამო ცხოვრებაში თავისი რაინდული სულისკვეთებით თანადროულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსენებდა იმ დროისთვის უკვალოდ გათელილ ძველ საქართველოს. ბატონი ჭაბუა მიეკუთვნებოდა იმ შესანიშნავ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმში დაიბადა, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა“.
1921 წელი საქართველოსთვის არის საბჭოთა ეპოქის დასაწყისი, ეპოქისა, რომელსაც სჭირდება ახლებური გააზრება თანამედროვე გადასახედიდან და თანამედროვე ინტერდისციპლინური ანალიზი. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამ ტრაგიკული მოვლენიდან 100 წლის შემდეგ, როგორც ეპოქის, ისე მისი ცალკეული ასპექტების შეფასების პერსპექტივისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობდა 80-ზე მეტი მომხსენებელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. სამეცნიერო დისკუსიაში სტუდენტების მონაწილეობა მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მუდმივად ცდილობს სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობების ინიცირებას და ხელშეწყობას.
მოხსენებების თემატიკა, ძირითადად, 1921 წლის ისტორიულ-კულტურულ მოვლენებსა და მათ შედეგებს ეხებოდა. კონფერენციაზე მუშაობდა პლენარული სესია, ასევე, ორი დღის განმავლობაში — პარალელური სექციები: ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვ. კონფერენციის სამუშო ენები იყო ქართული და ინგლისური. ცალკე სექცია დაეთმო ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების განხილვას.
* * *
ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება და შემოქმედება დიდად არის განპირობებული მისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობითა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლით. 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების ბრალდებით. სხვადასხვა დროს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა, 25-წლიანი პატიმრობა, განაჩენის გამოტანას თვე-ნახევარი ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში. პატიმრობის დროს სამჯერ გაიქცა და სასჯელი გაუორმაგეს, მონაწილეობდა პოლიტპატიმართა აჯანყებებში. 16-წლიანი პატიმრობისა და გადასახლების შემდეგ, 1960 წლიდან, ჭაბუა ამირეჯიბი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს.
1972 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „დათა თუთაშხია“ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე, რუსული თარგმანი კი ავტორისეულია. გადაღებულია მრავალსერიანი ფილმი „დათა თუთაშხია“. ჭაბუა ამირეჯიბის მეორე რომანი „გორა მბორგალი“ (1995) აღწერს საბჭოთა ეპოქას, გულაგს, მისი მთავარი პერსონაჟი მიიჩნევა ავტორის ალტერ ეგოდ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი იყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭაბუა ამირეჯიბი 100 — საბჭოთა ეპოქა ლიტერატურასა და კინოში“.