მაია ტორაძე
ცოტა ხნის წინ დაისტამბა საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები და მათი განხორციელების მექანიზმები ეკონომიკური გაურკვევლობისა და გლობალიზაციური ცვლილებების პირობებში“ (ხერსონი & თბილისი, 2021). იგი გამოიცა ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით (Editor: Yurii Kirilov; Givi Bedianashvili; Ganna Zhosan; Quji Bichia. ISBN: 978-9941-26-962-2).
მონოგრაფია მით უფრო აქტუალური და საინტერესოა, რომ მასში შევიდა ქართველი და უკრაინელი მეცნიერების ნაშრომები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თეორიულ-მეთოდური და მეთოდოლოგიური პრობლემების შესწავლას. წიგნში წარმოდგენილია ურთიერთდაკავშირებული საკითხების კომპლექსი, როგორიცაა მაკროეკონომიკური საფუძველი გრძელვადიანი სტრატეგიებისა და მექანიზმების ფორმირებისთვის.
საერთაშორისო კოლექტიურ მონოგრაფიას საფუძვლად დაედო 2020-2021 წწ. განმავლობაში ორი ინსტიტუციის ერთობლივი საქმიანობა სამეცნიერო-კვლევების სფეროში. კვლევებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ორგანიზატორი უნივერსიტეტების მეცნიერ–თანამრომლები, არამედ მკვლევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მკვლევრებს შორის არიან ასევე წარმომადგენლები პოლონეთიდან.
ნაშრომი დააინტერესებს ეკონომისტებს, მეცნიერებს, ლექტორებს და სტუდენტებს, რომელთა ნამუშევარი პირდაპირ კავშირშია წიგნში განხილულ თემებთან.