ნატო ობოლაძე
„საერთაშორისო საჰაერო სამართალი“ პროფესორ დავით გეფერიძის მესამე განახლებული გამოცემაა, რომელიც დარგში არსებული სიტუაციის სამართლებრივ შეფასებასა და თანამედროვე სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მიმდინარე პროცესებს მოიცავს.
„სახელმძღვანელო — „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილეს, გამოიცა ერთი თვის წინ. ის მესამე გადამუშავებული გამოცემაა და მოიცავს საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სამართლის ცნება და წყაროები, ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და სხვ. სახელმძღვანელოს სიახლე ახალი თემების დამატებაა, როგორიცაა სამოქალაქო ავიაციის თანამედროვე ალიანსების განვითარების ტენდენციები, ევროკავშირის საავიაციო სამართლის ჰარმონიზაცია საქართველოს საავიაციო სამართალთან და კონცესიები თანამედროვე საჰაერო ტრანსპორტის სფეროში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადამუშავებული სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინა ქურდაძე და ამავე ინსტიტუტის პროფესორი დავით პატარაია გახლავთ წიგნის რეცენზენტი“, — აცხადებს დავით გეფერიძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჰაერო სამართლის კურსი, როგორც სავალდებულო საგანი, იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე ისწავლება. სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტებს არჩევითი საგნები — საავიაციო ტერორიზმი და საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების სამართალი აქვთ შეთავაზებული. აღნიშნული სალექციო კურსები ფაკულტეტზე ლევან ალექსიძის ინიციატივით დაინერგა. ასევე, ლევან ალექსიძე გახლდათ სახელმძღვანელოს — „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“ პირველი და მეორე გამოცემების სამეცნიერო რედაქტორი.
დავით გეფერიძის კვლევის სფერო თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითად დარგებს — საერთაშორისო საჰაერო სამართალსა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალს მოიცავს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს 2003 წლიდან კითხულობს, ასევე, არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
დავით გეფერიძე საქართველოში საჰაერო სამართლის დარგის განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს: „ბოლო ათი წლის განმავლობაში ორმა მეცნიერმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს საჰაერო სამართალზე კერძო სამართლის მიმართულებით და მეორემ ევროპის საავიაციო სამართლის მიმართულებით. ასე რომ, ნელი ტემპით, მაგრამ სიღრმისეული და აქტუალური ნაშრომებით ვცდილობთ დიდი წვლილის შეტანას სამეცნიერო დარგის განვითარებაში, რომელიც ეხება თანამედროვე სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივ რეგულირებას“, — აცხადებს მკვლევარი.
სტუდენტების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებით დაინტერესებული მკითხველის გარდა, ნაშრომი — „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“ განკუთვნილია იმ სახელმწიფო მოხელეებისა და ავიასაწარმოთა ხელმძღვანელობისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას არეგულირებენ.