გვესაუბრება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი რუსუდან ქარსელაძე
ესაუბრა ნინო კაკულია
- „კოვიდ-19“-ზე ვირუსოლოგებმა გვითხრეს, რომ სახლში დარჩენა კიდევ დიდხანს მოგვიწევს, სანამ იმუნური ფენა არ შეიქმნებაო. იქნებ განგვიმარტოთ — უმრავლესობის დაინფიცირების შემთხვევაშია იმუნური ფენის გაჩენა მხოლოდ შესაძლებელი თუ არსებობს სხვა გამოსავალი ვირუსის დასამარცხებლად?
- ამ მეტად რთული კითხვის პასუხად მოგახსენებთ, რომ ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მაგრამ რეალობას ვერ მოვწყდები და ჯერ კიდევ არასაკმარისს, მაგრამ უკვე არსებულ მტკიცებულებებს დავეყრდნობი. გამომდინარე იქედან, რომ ეს ახალი კორონავირუსი დღემდე შეუცნობადია, საკმარისად არ არის შესწავლილი და არსებული სტატისტიკა არ იძლევა პროგნოზირების საშუალებას, ვირუსოლოგებს და ეპიდემიოლოგებს უნდა დავეთანხმოთ. რასაკვირველია, წინა წლებში აღწერილი პანდემიების მსგავსი ვირუსული პათოლოგიების რეტროსპექტული ანალიზი — მომავალში იმუნური ფენის გაჩენა, ამასთანავე ვირუსის აგრესიულობის შემცირება და გონივრულ ვადაში ვაქცინის შემუშავება — იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ ვირუსს დავამარცხებთ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სინამდვილეში ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ადრეულ სტადიაზევე ეპიდემიის აბსოლუტურად სწორი და ოპერატიული მართვა ყველა რგოლში. ამდენად, თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, ჯერ-ჯერობით ამ ვირუსის დასამარცხებელი სხვა რეალური გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ, ჯერ-ჯერობით, კიდევ „დარჩი სახლში“!
- ბავშვებს და პატარებს რატომ ემართებათ ნაკლებად ახალი კორონავირუსი — ამას აქვს თავისი ახსნა?
- ამ კითხვაზე ცალსახა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი დღეისათვის არ არსებობს. მედიცინაში ნებისმიერ საკითხზე არსებული გადაწყვეტილება/ჩარევა ეფუძნება სხვადასხვა დონის მტკიცებულებებს (Evidence Based Medicine). კერძოდ, A-დონის მტკიცებულებას აქვს უმაღლესი სარწმუნოება და მას განსაკუთრებული, შესაბამისი დიზაინით შესრულებული, განსაზღვრული ეტაპების გავლა ესაჭიროება, რომ დასკვნა დაიდოს. მას შემდეგ, დონეების მიხედვით, მოჰყვება B, C და D-დონის მტკიცებულება — ეს შეეხება ეტიოლოგიას, პათოგენეზს, პროგნოზს თუ მკურნალობას. ამდენად, დღეს A და B დონის მტკიცებულება, უბრალოდ, ვერ გვექნება, ვინაიდან საქმე გვაქვს ახალ, ჯერ კიდევ შეუცნობ ვირუსთან. C-დონის მტკიცებულება არსებობს ჩინეთის და აშშ-ს დაკვირვებებზე დაფუძნებული, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, მას ვერ გამოვიყენებთ მყარ მტკიცებულებად, თუმცა ეს მონაცემები ძალიან საყურადღებოა. ჩემი, როგორც კლინიცისტის და აკადემიური პერსონალის, პასუხი დღეს იქნება D-დონის მტკიცებულება (ექსპერტის აზრი, ემპირიული დაკვირვების შედეგი).
თუ რატომ აღენიშნებათ ბავშვებს და ჩვილებს ახალი კორონავირუსი შედარებით დაბალი სიხშირით და როცა ემართებათ, გაცილებით მსუბუქად რატომ მიმდინარეობს — ამ კითხვაზე პასუხად ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს. სავარაუდოდ, ამის ერთერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სავალდებულო ვაქცინაცია -ტუბერკულოზის და წითელა-წითურას საწინააღმდეგო. ასევე, ბავშვებს შედარებით ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა გააჩნიათ. ამდენად, ჩამოუყალიბებელი და უმწიფარი იმუნური სისტემა უფრო მსუბუქად რეაგირებს, ვიდრე მოზრდილი ადამიანის იმუნური სისტემა.
შემდეგი კითხვაა — ბავშვებს თუ ემართებათ, გაცილებით მსუბუქად რატომ მიმდინარეობს? ამ მიმართულებითაც, მონაცემები ჯერ კიდევ მწირი, მაგრამ, არსებულის საფუძველზე იგი ახსნადია. კერძოდ, ცნობილია, რომ „COVID-19“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პათოგენეზური რგოლია (განსაკუთრებით საშუალო და მძიმე პნევმონიით მიმდინარეობისას) ორგანიზმში არსებული ACE-2 რეცეპტორების მიმართ. აღნიშნული რეცეპტორები ფილტვებშია და სწორედ ამ რეცეპტორებს გააჩნიათ სპეციალური მგრძნობელობა კორონავირუსზე. შესაბამისად, მოზრდილებში პნევმონიით გართულება და მისი მძიმე მიმდინარეობა უფრო მკვეთრია, ვინაიდან, ეს რეცეპტორები ნაკლებია ბავშვებში; ამ რეცეპტორების ნაკლებობა განპირობებულია იმითაც, რომ ბავშვებში ფილტვის ქსოვილიც მოცულობაში ნაკლებია; ამასთანავე, ბავშვებს მეტ-ნაკლებად ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. ყოველივე ზემოთ აღნიშნული განაპირობებს ბავშვებში ახალი კორონავირუსის უფრო მსუბუქ მიმდინარეობას. როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით, ბოლომდე დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.
- იმუნიტეტი როგორ გავიძლიეროთ და ეს თუ არის დაინფიცირებისგან თავის დაცვა?
- ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ასეთია: მას ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა და არანაირი იმუნო მოდულატორი თუ სტიმულატორი დაინფიცირებისგან ადამიანს ვერ დაიცავს. ჩემი, როგორც პედიატრის და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, რჩევაა — არამც და არამც არ გამოიყენოთ, ექიმის დანიშნულების გარეშე, არც ერთი იმუნო-მოდულატორი თუ იმუნო-სტიმულატორი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად რეკომენდირებულია ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერზე სეირნობა.
- როგორც მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ამ დისტანციური რეჟიმის პირობებში რას საქმიანობთ? როგორია თქვენი რუტინა?
- ვერ გეტყვით, რომ თავისუფალი დრო მაქვს. დღის პირველი ნახევარი ყოველდღიურად სრულად დაკავებული ვარ სტუდენტებთან დისტანციური სწავლებით — ლექცია-სემინარებით. კვირაში რამოდენიმე საათი ვმუშაობ, ასევე, დისტანციურად დოქტორანტებთან. გარდა ამისა, კლინიკაში, გარკვეული პერიოდულობით, ვატარებ ალერგიული პაციენტების კონსულტაციას.
- როგორც მედიცინის წარმომადგენელი, რას ეტყვით დამაიმედებელს ჩვენს საზოგადოებას?
- ყველაფერი კარგად იქნება, თუ დღის ფრაზად ვაქცევთ:
სამი რამ, რაც არ უნდა დავკარგოთ:
- სიმშვიდე
- იმედი
- ღირსება
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!