საქართველოს ექიმთა ასოციაციამ კორონავირუსის ტესტების ჰუმანიტარულად მოწოდების თხოვნით რამდენიმე ქვეყანას მიმართა.
„ვცდილობთ საქართველოს ჯანდაცვას კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით დავეხმაროთ, რამდენიმე მოთხოვნა უკვე გავგზავნეთ და პასუხს ამ დღეებში ველოდებით,“ — აცხადებს საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ლობჟანიძე.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასოციაციის წევრი მედიკოსები თავისი პროფილით კლინიკებში განაგრძობენ მუშაობას, პარალელურად კონსულტაციებს უწევენ რეგიონებში დასაქმებულ ექიმებს.
„საქართველოს ექიმთა ასოციაციის როგორც დირექტორთა საბჭოს, ასევე რიგითი წევრები მუშაობენ თავისი სპეციალობით, ანუ არიან ფრონტის წინა ხაზზე. ერთმანეთთან კავშირი დისტანციურად გვაქვს. საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მონაცემებს ყოველდღიურად ვუგზავნით მსოფლიოს ექიმთა ასოციაციასა და ევროკავშირის ექიმთა მუდმივმოქმედ კომიტეტს, პარალელურად ისინი გვაწვდიან მათ ხელთ არსებულ უახლეს ინფორმაციას. ხშირად მოგვმართავენ ექიმები და მოსახლეობა კონსულტაციის გაწევის თხოვნით, ძირითადად რეგიონებიდან. ეს არის ის ძირითადი საქმიანობა, რითაც ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით“, — აღნიშნა გია ლობჟანიძემ.
მსოფლიო ექიმთა ასოციაცია 1947 წელს დაფუძნდა. საქართველოს ექიმთა ასოციაციას მსოფლიო ექიმთა ასოციაციის წევრი ქვეყნის სტატუსი 2002 წელს ქალაქ ვაშინგტონში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. საქართველოს ექიმთა ასოციაცია 2016 წლიდან ევროკავშირის მუდმივმოქმედი კომიტეტის ასოცირებული წევრია.
ესაუბრა ნატო ობოლაძე