გვესაუბრება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენციერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების პროფესორი
ნანული დორეული:
– რა პარალელს გაავლებდით 30–40 წლის წინანდელი ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობებსა და დღევანდელ საზოგადოებას შორის – რა არის მათ შორის საერთო და განმასხვავებელი?
– კრიზისულ პერიოდში საზოგადოება ყოველთვის თავის სიმაღლეზე დგება ხოლმე და, საკუთარ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ვფიქრობ, მან დღესაც იპოვა ძალა და, პასუხისმგებლობებთან ერთად, სოლიდარულობის საოცარი უნარი აჩვენა. ამას, ცხადია, ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება და ინფორმირებულობის მაღალი დონე, რომელმაც საზოგადოების გაერთიანებასა და თანადგომაში თავისი წვლილი შეიტანა. 30–40 წლის წინანდელი საზოგადოებაც არ იყო სოლიდარულობას მოკლებული. სწორედ იმ საზოგადოებამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება და ერთი მიზნისთვის გაერთიანება, მაგრამ დღეს მეტად ინფორმირებული და მაღალი სამოქალაქო განათლების ეპოქაა და, ცხადია, საერთო საქმის და მიზნისათვის გაერთიანებაც ადვილია.
ისე მოხდა, რომ მე 90-იან წლებში აქ არ ვიყვი. გერმანიიდან ვადევნებდი თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს. მახსენდება, ერთ დღეს ჩემი ფრანგი კოლეგა როგორ წუხდა, რომ მაღაზიაში ის შოკოლადი ვერ იპოვა, რომელიც მას უნდოდა; მე კი ვპასუხობდი, რომ ეს არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ ექვსი დღეა საქართველოში შუქი, გაზი, წყალი არ არის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სწორედ ის თაობაა საზოგადოების ძირითადი ძალა, რომელიც იმ წლებში დაიბადა. ეს სხვა თაობაა, რომელსაც სხვა იმუნიტეტი გამოჰყვა, რომელმაც ჩვენც კი შეგვცვალა და რაღაც საკითხები სხვაგვარად დაგვანახა. ის აღარ დაუშვებს იმას, რაც იმ 90-იან წლებში გამოვიარეთ. ვფიქრობ, ეს არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი იმედი. მე ორი შვილი მეზრდება და მინდა, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე მე ვიყავი. მთავარია, მათ მივცეთ იმის საშუალება, რომ აკეთონ თავისთვის, ჩვენთვის და თუნდაც ჩვენი უფროსი თაობისთვის საქმე, რომელიც ქვეყანას წაადგება.
ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში აჩვენა კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, რომ ადამიანებმა იზოლაციის ამ რთულ პერიოდშიც მოძებნეს ერთმანეთი და გაერთიანდნენ. დავრჩეთ სახლში და ერთმანეთს შორიდან მოვესიყვარულოთ – ესეც ერთგვარი კონსოლიდაციაა.
– როგორ შეაფასებთ ამ გადასახედიდან – შედგა თუ არა ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის ბრძოლის პროცესში?
– რა თქმა უნდა, შედგა! 90-იანი წლების თაობა მიხვდა, რომ შვილებთან ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. დღეს ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ უფრო შემდგარი და მართალი ვიყოთ საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. შედეგად, რაც წინა საუკუნეში თითქოს მისაღები და ნორმალური იყო, ახლა აღარ არის, რომ შვილს საგანი კი არ უნდა ჩაუწყოს, არამედ გადაუხადოს და ასწავლოს, რადგან ცოდნა არის გადარჩენის საშუალება. თავის მხრივ, სახელმწიფოც ხვდება, რომ ყველაზე დიდი თანხა განათლებაში უნდა დააბანდოს. მაგალითად, კორონავირუსის გამკლავების თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვართ შედარებით უკეთ მდგომარეობაში, რომ მთავრობამ მოუსმინა პროფესიონალებს.
მოდით, ვუსმინოთ პროფესიონალებს და აღვზარდოთ მომავალი თაობა, მივცეთ მათ გეზი და ჩვენ ნამდვილად გადავრჩებით. განათლებული და შემდგარი თაობა დამოუკიდებელი თაობაა და ეს თაობა შეძლებს, რომ გამოიყვანოს ქვეყანა ნებისმიერი კრიზისიდან.
ესაუბრა მაია ტორაძე