საქართველოს სტუდენტური ასოციაცია ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (EშU) ოფიციალური წევრი გახდა. ამ მნიშვნელოვანი პროცედურის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ინიციატორიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა იყო. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ქართველი სტუდენტები უკვე ჩაერთვნენ. ამ რეკომენდაციებს ევროპის სტუდენტთა გაერთიანება ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოებს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის. ამ დროისთვის საქართველოს სტუდენტთა ასოციაცია გლობალური დათბობის საკითხზე საკუთარ ხედვას აყალიბებს და ქვეყანაში გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დოკუმენტს ამზადებს ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში გასაგზავნად. სამუშაო პროცესში სტუდენტები სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობენ.
„სამუშაო ჯგუფი 7 წევრისგან შედგება, მათი უმეტესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, რადგან გაწევრიანების პროცესში თსუ მოწინავე იყო და ჩვენ ყველა სამუშაო ეტაპზე თავიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული. ამ სტუდენტებს არ აქვთ ენობრივი ბარიერი და აქვთ ცოდნა იმ მიმართულებებით, რაზეც EშU-სთან თანამშრომლობისას გვიწევს მუშაობა. გლობალური დათბობის საკითხებს ევროპის სტუდენტთა გაერთიანება უახლოეს მომავალში განიხილავს და, რა თქმა უნდა, მივაწვდით ჩვენს ხედვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, — განაცხადა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჯავახიშვილმა.
ევროპის სტუდენტთა გაერთიანებამ საქართველოს გაწევრიანებას მხარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამართულ ბორდის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა. ამჟამად, EშU-ს რეკომენდაციების მიხედვით საქართველოს სტუდენტთა ასოციაციის წესდების ცვლილება მიმდინარეობს. შენიშვნები ასოციაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდულ პროექტებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს. EშU-ს მონიტორინგის ჯგუფი გაერთიანების წევრი ქვეყნების სტუდენტურ ორგანიზაციებს, დაახლოებით, 2-3 წელიწადში ერთხელ ამოწმებს.
თარიღი:
27/02/2020